საქმე №ას-1308-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, კრედიტორი ან მერია) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჯ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 32 926,5 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 26 სექტემბერს თვითმმართველ ქ.ბათუმსა და მ.შ–ძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თვითმმართველ ქ.ბათუმს საკუთრების უფლებით გადაეცა მ.შ–ძის საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, ........ დასახლებაში მდებარე 1626,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ # ......), სანაცვლოდ კი, თვითმმართველ ქ. ბათუმის მერიამ მ.შ–ძეს ნასყიდობის ფასის სახით გადაუხადა 32 926,50 ლარი. მყიდველის საკუთრებაში გადაცემის დროისათვის ნასყიდობის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით სს „ვ.ბ–ის“ სასარგებლოდ. 2016 წლის ივნისში ქ.ბათუმის მერიას აცნობეს, რომ მის საკუთრებაში არსებული 1626,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდებოდა აუქციონის წესით, რადგან არ დაიფარა ის მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით იყო დატვირთული ქონება. მოპასუხემ მიიღო სარგებელი, გაიყიდა ქონება, რომელიც ჯერ მ.შ–ძის საკუთრება იყო, შემდეგ კი მოსარჩელემ შეიძინა 32 926,5 ლარად. მოპასუხეს ნასესხები თანხა ბანკისათვის არ დაუბრუნებია, კრედიტორმა სესხი დაიბრუნა მოსარჩელის ქონების რეალიზაციის ხარჯზე. აღნიშნულით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ხოლო მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შესაგებელი წარადგინა. მას სადავოდ არ გაუხდია ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, არამედ მიუთითა, რომ ეს გარიგება იძულებით დაიდო, რის შედეგადაც მოსარჩელემ თითქმის ხუთჯერ მეტი ღირებულების ქონება ჩაიგდო ხელში. გარდა ამისა, ხელშეკრულების დადების დროისათვის მყიდველმა იცოდა საგნის უფლებრივი ნაკლის თაობაზე (ქონება იყო დატვირთული მოპასუხის სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო, გამყიდველი, რომელიც წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს, ამავდროულად იყო მოპასუხის სესხის თავდები, რომლის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 45 042,19 აშშ დოლარით იყო განსაზღვრული), მან ასევე იცოდა აუქციონის შესახებ, თუმცა, საკუთარი უმოქმედობით ხელი შეუწყო ქონების 18 000 ლარად გაყიდვას. გარდა ხსენებულისა, მოპასუხემ აღნიშნა, რომ იყო არასათანადო მოპასუხე, რადგანაც სარჩელის აღძვრის დროისათვის ქონება ჯერ არ ყოფილა გასხვისებული. მის სათანადო მოპასუხეობას გამორიცხავდა ისიც, რომ ქონების რეალიზაციით მოვალეს არ მიუღია სარგებელი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 32 926,5 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე, არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 133 ლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2011 წლის 26 სექტემბერს, თვითმმართველ ქ.ბათუმსა და მ.შ–ძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თვითმმართველ ქ.ბათუმს საკუთრების უფლებით გადაეცა მ.შ–ძის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ........ დასახლებაში მდებარე 1626,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №......). სანაცვლოდ, თვითმმართველმა ქ.ბათუმის მერიამ, გამყიდველს ნასყიდობის ფასის სახით გადაუხადა 32 926,50 ლარი;
1.2.2. მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის დროისათვის, ქონება, მოპასუხის სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით იყო დატვირთული სს „ვ.ბ–ის“ სასარგებლოდ;
1.2.3. მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება „თბილისის სააუქციონო სახლის“ მიერ 2016 წლის 1 ივნისს გატანილ იქნა აუქციონზე. 2016 წლის 6 ივლისს სპეციალისტმა კრედიტორ სს „ვ.ბ–ის“ მიმართვის საფუძველზე, გამართა მეორე ელექტრონული აუქციონი, მოპასუხის საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად. 2016 წლის 12 ივლისს ქონება აუქციონზე გაიყიდა 18 133 ლარად, საიდანაც კრედიტორ სს „ვ.ბ–ს“ გადაერიცხა 16 665,85 ლარი, სპეციალისტის ჰონორარმა შეადგინა 877,15 ლარი, მასვე აუნაზღაურდა აუქციონის ორგანიზების ხარჯი 590 ლარი დღგ-ს ჩათვლით. სადავო უძრავი ქონება აღირიცხა სხვა პირის _ შემძენის საკუთრებაში. აუქციონის შედეგები მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კრედიტორის საკასაციო შედავებას სასამართლოს მხრიდან სამართლის ნორმათა არასწორად გამოყენების თაობაზე, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის კონდიქციური ვალდებულება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი, ემყარება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და 979-ე მუხლის პირველ ნაწილს. სარჩელის ფაბულიდან, ასევე, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება დელიქტური ვალდებულების წინაპირობები, რამდენადაც მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შემცირდა მოსარჩელის ქონება, რომლის შესაძენადაც მას გადახდილი ჰქონდა 32 926,50 ლარი. ამ მოცემულობაში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408.1 მუხლები წარმოადგენს, თუმცა, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქმეს იხილავს რა მხარეთა თანასწრობის საწყისზე, ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის შედავებაზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ინფორმირებული იყო აუქციონის თაობაზე და მას შეეძლო თავიდან აერიდებინა ქონების დაკარგვა. მოცემულ შემთხვევაში, მართლაც უდავოა, რომ მერიისათვის ცნობილი იყო აუქციონის თითოეული ეტაპი, თუმცა, მას არ უსარგებლია სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლით და თავიდან არ აუცილებია საკუთარი ქონებრივი დანაკლისი. ასეთ ვითარებაში მისი ქმედება ასევე ბრალეულად უნდა შეფასდეს და სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა ბრალეულობა დელიქტურ ქმედებაში 50-50%-ით განისაზღვროს. ამგვარი მოცემულობის პირობებში მოპასუხის ვალდებულება ქონების ღირებულების ნახევრით _ 16 463,25 ლარით უნდა განისაზღვროს, რაც სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხას _ 18 133 ლარს არ აღემატება. ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტიილება მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია, ამასთანავე, მოქმედი საპროცესო წესები კრძალავენ გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნების შესაძლებლობას, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები.
1.5. ამდენად, მოცემული დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტურ ვალდებულებებთან დაკავშირებულ სარჩელებზე, მათ შრის შერეული ბრალის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. მართალია, სააპელაციო პალატის მხრიდან საქმე მატერიალური სამართლის ნორმათა დარღვევითაა განხილული, თუმცა ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ზ. ძლიერიშვილი