Facebook Twitter

საქმე №ას-1239-2019 17 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ.ჩ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ფოთის მუნიციპალიტეტი (მოსარჩელე)

მესამე პირი _ მ.ქ–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტმა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ჩ–სა (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) და მ.ქ–ას (შემდგომში _ მესამე პირი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე ქ.ფოთში, ......., ს/კ # ......, შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის კუთვნილ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში მფლობელი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ხსენებულ შენობაში განთავსებულია უნებართვოდ, დოკუმენტის გარეშე. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 7 მაისის #1-08/1264 წერილით, ადგილზე არსებული სიტუაციისა და გარემოებების შესწავლის შედეგად, მოპასუხეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე, შემდგომი სადურგლო სამუშაოების საწარმოებლად და ეთხოვა მიმდინარე წლის 1 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული ფართი, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია. მასვე განემარტა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გაატარებდა მის მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 2018 წლის 6 ივნისს, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს შესასრულებად დაეწერა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობების თავითნებურად დაკავების საკითხს. სამსახურს დაევალა კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება. მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი მოპასუხის მიმართ, გაატაროს რაიმე ქმედება თვითნებურად დაკავებული მუნიციპალური ქონების გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შევიდა ...... ქ#52-ში მდებარე შენობაში მცხოვრებ პირებთა არაერთი განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ მათი საცხოვრებელი შენობის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში მიმდინარე საწარმოო პროცესის შედეგად ეზოში მიმოფანტულია ნახერხი, ტრიალებს მტვერი, რომელიც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, უქმნის მოსახლეობას დისკომფორტს, ეზოში არის ანტისანიტარია, დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ზომები და ითხოვენ შენობა-ნაგებობებში მიმდინარე საწარმოო პროცესის შეჩერებას

2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:

2.1. მარტივი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შენობას ფლობს იძულებით გადაადგილების შემდგომ, მან არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს ქონების საკუთრებაში გადაცემის თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. შენობა ხანძრის შედეგად განადგურდა და აღადგინა მოპასუხემ ისე, რომ მესაკუთრეს რაიმე მონაწილოება არ მიუღია;

2.2. მესამე პირის კორპუსის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მფლობელი შეუფერხებლად აგრძელებს უნებართვო საქმიანობას, მას აწუხებს ჩარხებისა და სხვა დანადგარების ხმა, ასევე, თავისი საქმიანობით მოპასუხე აბინძურებს გარემოს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება;

1.2.2. მოპასუხე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ ქონებას;

1.2.3. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 7 მაისის #1-08/1264 წერილით მფლობელს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე, შემდგომი სადურგლო სამუშაოების საწარმოებლად და ეთხოვა ამავე წლის 1 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობები, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, ამასთან მასვე ეცნობა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მის მიმართ გაატარებდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, და განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტი. მისი სიტყვიერი განმარტება სახელმწიფოს ნებართვით ფართის დაუფლების თაობაზე არ დგინდება საქმის მასალებით, უფრო მეტიც, 2018 წლის 7 მაისის წერილით მფლობელს მესაკუთრემ წაუყენა პრეტენზია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, მისი მფლობელობა შეწყდა და ამ დროიდან მოყოლებული მოპასუხე არამართლზომიერი მფლობელია. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტის ნამდვილობის საკითხზე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ მფლობელი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უძრავი ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის სახით ერთვის 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 41.1 (კ), 39.1 (გ) და 39.2 მუხლების შესაბამისად, ნივთის ვინდიცირების მოთხოვნის თაობაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საკასაციო სასამართლოში შეადგენს 150 ლარს, ამავე კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ხოლო, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), მასვე უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი თანხის _ 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ჩ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ.ჩ–ს (პ/# .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.07.2019წ. #8217966442 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი