Facebook Twitter

საქმე №ას-1173-2019 24 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ე.მ–ი, მ.კ–ა, ნ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ნ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, ქონებაზე აღსრულების მიქცევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ს.ნ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.მ–ის, მ.კ–ასა და ნ.კ–ძის (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ და მოითხოვა პირველი მოპასუხისათვის 30 000 აშშ დოლარის დაკისრება, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 9 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მეორე და მესამე მოპასუხეს შორის 2016 წლის 26 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქ.თბილისში, ........ ქ#37-ში, მე-2 სადარბაზოში, მე-12 სართულზე მდებარე #217 ბინის მესაკუთრედ პირველი მოპასუხის ცნობა და ხსენებული ქონების აღსასრულებლად მიქცევა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა მარტივი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი, უარყვეს მასში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შრის 2016 წლის 9 ივნისსა და 26 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები და სადავო ნივთი საკუთრებაში დაუბრუნდა პირველ მოპასუხეს. ხსენებულ ქონებაზე აღსრულების მიქცევის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მხარეთა არაერთი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, მათ შორის არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოთხოვნილი იყო პირველი მოპაუხის ქმედუუნაროდ აღიარება. მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მხარეები იყვნენ პენსიონრები და არ გააჩნდათ შემოსავალი, აღნიშნულის შედეგად კი, აპელანტებს წაერთვათ სასამართლოსათვის მიმართვის საყოველთაო უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ნაწილობრივ უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. მოპასუხეების მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, მასზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით პალატამ დაადგინა ხარვეზი და აპელანტებს 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით სახელმწიფო ბაჟის _ 1 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა დაავალა;

1.2.2. 2018 წლის 4 ოქტომბრისა და 20 დეკემბრის განჩინებებით არ იქნა გაზიარებული მხარეთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ამასთანავე, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა გაგრძელდა ორჯერ, 15-15 დღით;

1.2.3. 2019 წლის 3 ივნისს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს, აღნიშნეს, რომ ვერ ახერხებდნენ სახელმწოფო ბაჟის გადახდას და მოითხოვდნენ საპროცესო ვადის გაგრძელებას, რაც შეეხებოდა ე.მ–ს, მას მიმართული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის მოთხოვნით, განცხადებაზე დადგენილი იყო ხარვეზი, რომელსაც მხარე დროულად გამოასწორებდა და ხსენებული მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა;

1.2.4. 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტთა შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. განჩინების თანახმად, მხარეები ვერ ადასტურებდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის წინაპირობების არსებობას, რაც შეეხებოდა ე.მ–ს, ამავე კოდექსის 36318 მუხლის თანახმად, იგი მხოლოდ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეზე შეიძლებოდა ყოფილიყო გათავისუფლებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან.

1.3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა (სსსკ-ის 52-ე მუხლი) ადგენს რა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს, საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტით იგი მიზნის მიღწევის პროპორციული ჩარევის საფუძველია (იხ. ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა, იმისათვის, რათა არ შეიზღუდოს პირის ხელმისაწვდომობა სასამართლოზე, ეროვნული კანონმდებლობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე-48-ე მუხლები ადგენენ ამ ზოგადი წესისაგან გამონაკლისს. იმისათვის, რათა სასამართლოს მხრიდან გამოყენებულ იქნას გარანტირებული შეღავათები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან პირის გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება თუ გადახდის გადავადება), იგი შუამდგომლობის ავტორის მიერ წარდგენილი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე უნდა დარწმუნდეს შეღავათის გამოყენების აუცილებლობაში. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ამგვარი მტკიცებულებები საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი, ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების ეტაპის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღარ არსებობდა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების საფუძველი. ამასთანავე, ვინაიდან არც ხარვეზი იყო გამოსწორებული, მეორე და მესამე მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიის ნაწილში მართლაც არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები.

1.4. რაც შეეხება ე.მ–ის სააპელაციო პრეტენზიას, ამ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებას, რომლითაც ხარვეზი დაუდგინდა ე.მ–ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებას. მართალია, ხსენებული გარემოება პირის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს და ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 36318 მუხლი, თუმცა, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხი შესაძლო პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენდეს სამართალწარმოებისას ამ პირის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განხორციელებაზე. სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ იგი დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია. მართალია, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე მხარდაჭერის მიმღებად არ იყო ცნობილი ე.მ–ი და შესაბამისად, არც საპროცესო წარმომადგენლობაზე ჰქონდა მიღებული მხარდაჭერა, თუმცა, საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო საპროცესო ანალოგიის გამოყენების გზით შეეჩერებინა საკითხის გადაწყვეტამდე მოცემული საქმის განხილვა, რათა ხელი შეეწყო ე.მ–ის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვისთვის (საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე მხარემ წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.06.2020 გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც ე.მ–ს მათ შორის საპროცესო უფლებების დაცვის ნაწილში დაუწესდა მხარდაჭერა).

1.5. ხსენებული საპროცესო დარღვევის არსებითი ხასიათიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ე.მ–ის მიმართ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ე.მ–ის ნაწილში აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და ე.მ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში მიჩნევს, რომ განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული შედავება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.მ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. მ.კ–ასა და ნ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

3. ე.მ–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება და ე.მ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი