საქმე №ას-1162-2019 6 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – დ.ყ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. და დ. ს–ები (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა
დავის საგანი – აქციათა გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა, აქციებზე საკუთრების უფლების აღდგენა
პალატამ გამოარკვია:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია დ. და ზ. ს–ების საკასაციო საჩივარი დ.ყ–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ დ.ყ–ის სარჩელის გამო, დ. და ზ. ს–ების მიმართ, გარიგების ბათილად ცნობისა და აქციებზე საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა დ.ყ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა, კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს განცხადებით და მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების განმარტება, რომლითაც აიკრძალა სს „მ.ჯ–ის“ კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა. მოწინააღმდეგე მხარის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი უძრავი ნივთის იჯარით გაცემა. ამ შინაარსის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, თუმცა მისი მოქმედების ვადა შეადგენს ერთ წელს და ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას, შესაბამისად, მისი ძალაში შესვლა ამ ტრანზაქციაზეა დამოკიდებული. რეგისტრაციის წარმოება უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გამო ფერხდება, მარეგისტრირებელი ორგანო მოითხოვს დ.ყ–ის თანხმობას. ამ საკითხზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოებაც მოწინააღმდეგე მხარის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე. განცხადების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს სურს ქონების იჯარით გაცემის გზით შეამციროს კომპანიის აქტივების ღირებულება, რადგანაც იჯარის ხელშეკრულების მეორე მხარეს წარმოადგენს ამავე პროფილის საწარმო, რომელიც ეკუთვნის თავად მოწინააღმდეგე მხარეს, ხოლო, ხელშეკრულების თანახმად, იჯარის უფლება, ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ ავტომატურად გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით. ამ გარემოებათა გათვალისწინებით განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა, კერძოდ, სს „მ.ჯ–ისათვის“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და არამატერიალური აქტივების გასხვისებასა და უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით დ.ყ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „მ.ჯ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისებასთან და უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარიგებების დადება:
- ქ. თბილისი, ....... კორპუსი 338, მიმდებარედ, ს/კ ........;
- ქ.თბილისი, .......... მიმდებარედ, ს/კ ........;
- ქ.თბილისი, ...... მიმდებარედ, ს/კ .......;
- გარდაბანი, სოფელი ......., ს/კ .......;
- გარდაბანი, სოფელი ......., ს/კ .........;
- ხაზოვანი ობიექტი, ს/კ ........, ობიექტის ტიპი: რკინიგზა, ობიექტის აღწერა: ..... ჩიხი, ობიექტის სიგრძე: 132 მ., დაფარვის ზონა: სამგორის რაიონი რკინიგზის ......მიმდებარედ;
შპს „მ.ჯ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების გასხვისებასთან და უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარიგებების დადება:
- შპს „მ.ლ–ას“ (ს/ნ ......) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „მ.ს–ის“ (ს/ნ .......) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „მ.კ–ის“ (ს/ნ ......) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „მ.გ–ას" (ს/ნ .......) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „მ.კ–ას“ (ს/ნ ........) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „ს.ხ–ის“ (ს/ნ .......) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „მ.თ–ის“ (ს/ნ ......) კაპიტალის 50%-იანი წილი.
შუამდგომლობა მოპასუხე დ. ს–ისა და ზ. ს–ისთვის სს „მ.ჯ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შემადგენლობის ცვლილებების გადაწყვეტილების მიღების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ხსენებული განჩინება კანონით დადგენილი წესით იქნა გასაჩივრებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით სს „მ.ჯ–ის“, ზ. და დ. ს–ების საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა სს „მ.ჯ–ისათვის“ მისი კუთვნილი უძრავი ნივთების უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისა და გარიგების დადების აკრძალვის ნაწილში და ამ ნაწილში დ.ყ–ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „მ.ჯ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების სანივთო სამართლებრივი უფლებებით დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება და გარიგებების დადება. როგორც თავად განჩინებების, ისე _ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შინაარსის შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ დ.ყ–ი აპელირებდა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულ საკითხებზე, რაც არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მხრიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლისა და 419.3 მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ ხსენებულ საკითხზე გამოტანილი განჩინება საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრება დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო დ.ყ–ის განცხადების დასაშვებობის შესწავლისას ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194.5 მუხლით, რომლის თანახმადაც, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით. ხსენებული ნორმა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლო, მას შემდეგ რაც დაადგენს სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობებს და განჩინება შევა კანონიერ ძალაში, მხარეს ერთმევა უფლება იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით კვლავ მოითხოვოს უზრუნველყოფის იმავე ღონისძიების გამოყენება, მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ განსხვავებული გარემოებებიდან გამომდინარე აყენებს მოთხოვნას, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე _ სააპელაციო პალატამ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სს „მ.ჯ–ისათვის“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და არამატერიალური აქტივების გასხვისებასა და უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში შეაფასა დ.ყ–ის მოთხოვნა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. ამასთანავე სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ ის საფრთხეები წარმოადგენდა, რაც ამჟამად საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაშია აღნიშნული. ამ გარემოებათა გამო, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას განსახილველად მიიღოს განცხადება და იმსჯელოს მის შინაარსობრივ საფუძვლიანობაზე.
რაც შეეხება განმცხადებლის მიერ გადახდილ ბაჟს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას არც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე-38-ე მუხლები არ ადგენს, შესაბამისად, ამავე კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი), პალატა განმცხადებელს უბრუნებს პ.კ–ძის მიერ 17.01.2020წ. #0 საგადახდო დავალებით არასწორად გადახდილ 50 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 194.5, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ყ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. დ.ყ–ს (პ/# .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს პ.კ–ძის მიერ 17.01.2020წ. #0 საგადახდო დავალებით არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი