საქმე №ას-1130-2019 24 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ს–ლი (მოსარჩელე)
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.მ.ტ. ე.ც–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ.ს–ლმა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, პირველი კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.მ.ტ. ე.ც–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, მეორე კასატორი, დამსაქმებელი ან კომპანია) მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2017 წლის 1 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა, კომპანიის ბუღალტრის თანამდებობაზე აღდგენა და 2017 წლის 1 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 2 250 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 2011 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 30 მარტის ბრძანებით მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან იგი გადაყვანილ იქნა ბუღალტრის თანამდებობაზე და დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი განესაზღვრა 2 250 ლარით. დასაქმებული პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. 2017 წლის 18 აპრილის შეტყობინებით ეცნობა, რომ 2017 წლის 1 მაისიდან, საზოგადოების ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით, გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი/მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებდა პირნათლად, როგორც საპატიოდ, ისე _ არასაპატიოდ აცდენდა სამსახურს, ხშირად უნებართვოდ ტოვებდა სამუშაო ადგილს (რაც დასტურდება სამუშაოზე დასწრების ელექტრონული აღრიცხვის პროგრამით), არ ითვალისწინებდა საწარმოს ხელმძღვანელების სიტყვიერ შენიშვნებს სამუშაოს ხშირი გაცდენისა და მოვალეობის შეუსრულებლობის შესახებ. მის მიმართ დისციპლინური სახდელის არც ერთი ღონისძიება არ გამოყენებულა, რაც განპირობებული იყო დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა გათავისუფლების ბრძანების ბათლად ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაგებლით შედავებულია სარჩელის წარდგენის შრომის კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვის საკითხი. მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით დასაქმებულს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რადგანაც იგი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, შესაბამისად, დარღვეულია კანონით განსაზღვრული ვადა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა კომპანიის ბუღალტრის თანამდებობაზე, მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 2 250 ლარის ოდენობით.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპანსაციის _ 27 000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა კასატორმა (მოსარჩელე) მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე კასატორმა (მოპასუხე) _ სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე კასატორს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიათა მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
წინამდებარე გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო იმსჯელებს დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერებაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ დადგინდება კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების ბათილობის წინაპირობები, საკასაციო სასამართლო შეაფასებს ასევე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხსაც. საკასაციო საჩივრების თანახმად:
i. პირველი კასატორის პრეტენზიები:
- პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლოში დამსაქმებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (2018 წლის 30 მარტს დამტკიცებული სტრუქტურა და საშტატო განრიგი) და დაასკვნა, რომ არ არსებობდა გათავისუფლებამდე დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობა, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას არსებობდა ბუღალტრის ორი შტატი და ამ მხრივ გადაწყვეტილება იყო კანონიერი. სააპელაციო პალატას არ უნდა ეხელმძღვანელა ხსენებული დოკუმენტებით, რადგანაც მოპასუხემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მიიღო გადაწყვეტილება და დასაქმებულის საუშაოზე აღდგენისათვის თავის არიდების მიზნით ფორმალურად გააუქმა ბუღალტრის ერთი შტატი, სხვა საშტატო ერთეულს ცვლილება არ შეხებია, უფრო მეტიც, გაიზარდა სამუშაო ადგილები. გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეშლის მიზნით მოპასუხის მიერ შექმნილი მტკიცებულებების გაზიარებით სააპელაციო პალატამ მიიღო სამართლის ზოგადი პრინციპების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების შეცვლას გამორიცხავდა ის გარემოებაც, რომ თუკი აღსრულების ეტაპზე არ იქნებოდა მოსარჩელის თანამდებობა ვაკანტური ან/და აღარ იარსებებდა იგი, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა და დასაქმებული მიიღებდა მხოლოდ განაცდურს. ამ მხრივ საგულისხმოა ისიც, რომ დღეის მდგომარეობით მოპასუხემ კვლავ შეცვალა საშტატო ნუსხა სადაც დამატებულია მთავარი ბუღალტრის თანამდებობა.
- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, კერძოდ, პალატას არ განუმარტავს, თუ რომელი მტკიცებულებით იხელძღვანელა, როდესაც დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა.
- საკასაციო საჩივრით შედავებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ დამსაქმებელს დაავალა საქმის განხილვის დროისათვის არსებული საშტატო განრიგის წარდგენა.
ii მეორე კასატორის პრეტენზიები:
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომით დავაზე სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის მოშლის შეასახებ ბრძანება მოპასუხემ გამოსცა 2017 წლის 1 მაისს, მოსარჩელემ დამსაქმებელს წერილობით მიმართა 11 მაისს, სადაც დაადასტურა, რომ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება ჩაბარდა 18 აპრილს, შესაბამისად, ითხოვა წერილობითი დასაბუთება. აღნიშნულის პასუხად წერილობითი შეტყობინება კომპანიამ მოსარჩელეს 2017 წლის 17 მაისს გაუგზავნა. დასაქმებულმა სარჩელით საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისს მიმართა, რომელიც, 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით არ იქნა მიღებული განსახილველად. დასაქმებულმა სასამართლოს სარჩელით განმეორებით 2017 წლის 13 ივლისს მიმართა, რაც მოწმობს მისი მხრიდან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას. გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმადაც სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ წყდება, აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი;
- სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის ფაქტი, რაც მათ შორის შრომითი ხელშეკრულების მოშლის დასაბუთებაშია აღნიშნული. ცალსახაა, რომ გათავისუფლების საფუძველს დასაქმებულის მხრიდან სამსახურის ხშირი გაცდენა და სამუშაოს არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენდა. შესაძლოა გათავისუფლების ბრძანებაში არასწორი საფუძველი იქნა მითითებული, თუმცა, ეს არ ცვლის ბრძანების კანონიერებას, მით უფრო, როდესაც საწარმოში იგეგმებოდა ცვლილებები;
- კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გარდა იმისა, რომ კომპენსაცია შეუსაბამოდ მაღალია, მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ის ფაქტი, რომ გათავისუფლების დროისათვის მოსარჩელეს მიცემული ჰქონდა ორი თვის შრომის ანაზღაურება და ერთი თვის კომპენსაცია გამოუყენებელი შვებულების გამო. გადაწყვეტილების გამოცხადებისას სასამართლომ განმარტა, რომ გათვალისწინებული იქნებოდა ზემოხსენებული თანხები, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებაში არ აუსახავს.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:
1.2.1. მოსარჩელე 2011 წლიდან მუშაობდა კომპანიის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 30 მარტის ბრძანებით მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან იგი გადაყვანილი იქნა ბუღალტრის თანამდებობაზე და ყოველთვიური ხელფასი განესაზღვრა 2 250 ლარით. მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება;
1.2.2. 2017 წლის 18 აპრილს მოპასუხემ დასაქმებულს აცნობა, რომ 2017 წლის 1 მაისიდან, საზოგადოების ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით, გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა 2017 წლის 18 აპრილს;
1.2.3. 2017 წლის 1 მაისის #25/პშ ბრძანების საფუძველზე, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე დღიდან მოსარჩელესთან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება, დასაქმებულს მიეცა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების და გამოუყენებელი ერთი თვის შვებულების გათვალისწინებით. ხელშეკრულების მოშლის დროისთვის დასაქმებულის მიმართ არ არსებობდა სახელფასო ან სხვა დავალიანება;
1.2.4. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის დასრულებამდე მოპასუხე დაწესებულებაში არსებობდა მოსარჩელის პირვანდელი სამუშაო ადგილი - ბუღალტრის ვაკანტური საშტატო ერთეული. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით კომპანიაში საშტატო განრიგი არ არსებობდა და მხოლოდ სახელფასო უწყისებით ხელმძღვანელობდნენ. 2018 წლის 30 მარტს დამტკიცებული სტრუქტურითა და ახალი საშტატო განრიგით განისაზღვრა ბუღალტრის მხოლოდ ერთი საშტატო ერთეული, ნაცვლად ორისა;
1.2.5. დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების არსებობის ფაქტი, რომლებიც აუცილებელს გახდიდა მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მოშლას. რაც შეეხება მის მიერ წერილობით დასაბუთებასა და შესაგებელში მითითებულ გარემოებებს მოსარჩელის მიერ სამსახურის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით ხშირ გაცდენასა და ამის გამო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ასევე, არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, ეს გარემოებები საფუძვლად არ დასდებია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას;
1.2.6. დასაქმებულმა სასამართლოს სარჩელით სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისს მიმართა. 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში. აღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 13 ივლისს მან კვლავ მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომელიც მიღებული იქნა წარმოებაში.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. წინამდებარე საკასაციო საჩივრების ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს:
- შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერება;
- არსებობს თუ არა კომპანიაში ბუღალტრის ან მისი ტოლფასი თანამდებობა და არის თუ არა ეს თანამდებობა ვაკანტური;
- მიადგა თუ არა დასაქმებულს ზიანი (ე.წ იძულებითი განაცდურის სახით);
- დაცულია თუ არა მოსარჩელის მხრიდან უფლების იძულებით განხორციელების ვადები.
1.3.2. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი მოთხოვნების დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილები, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი წარმოადგენს. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, სარჩელის წარმატებულობისათვის უპირველესად უნდა შეფასდეს დამსაქმებლის ცალმხრივი ნების კანონიერება. დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთებისა და სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლის შინაარსის გათვალისწინებით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის მოშლის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეოებების არაჯეროვანი შესრულება, რაც, მათ შორის სამსახურის ხშირ გაცდენაში გამოიხატება, ხოლო მოპასუხის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საწარმოში განხორციელებული ცვლილებები (რეორგანიზაცია), რომელიც მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლას ამართლებდა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებას იმის თაობაზე, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნტის წინაპირობების მტკიცების ტვირთი შრომის ორგანიზაციულ მოწესრიგებაზე პასუხისმგებელ მხარეს _ დამსაქმებელს ეკისრებოდა. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ვალდებული, სარწმუნოდ დაესაბუთებინა იმგვარი ცვლილებების აუცილებლობა და მათი რეალურად განხორციელების ფაქტი, რომლებიც გამორიცხავდა უვადო სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას და შესაბამისად მის ცალმხრივად მოშლას გამართლებულს გახდიდა. ამ მხრივ დადგენილია, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, რაც საკასაციო საჩივრით ფაქტობრივად შედავებულიც არაა. რაც შეეხება მეორე კასატორის მტკიცებას, რომ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა ხელშეკრულების მოშლის რეალური მიზეზი _ სახელშეკრულებო პირობათა დარღვევა, მას არ იზიარებს საკასაციო სასამართლო და განმარტავს, რომ წერილობით ფორმირებულ ნებაში ასახული სამართლებრივი საფუძველი წარმოადგენს შრომითი დავისას შემოწმების ობიექტს. უდავოა, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებზე მითითებას დამსაქმებლის ბრძანება არ შეიცავს, შესაბამისად, სავსებით კანონიერად განაცხადა სააპელაციო პალატამ დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების საკითხის შესწავლაზე უარი. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანება ეწინააღმდეგება თავად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნტს და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია.
1.3.3. ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის სამ საშუალებას ითვალისწინებს, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ.
1.3.4. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის დასრულებამდე მოპასუხეს არ მიუთითებია და არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც ბუღალტრის ვაკანტური შტატის არსებობას გამორიცხავდა, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო განხილვის ეტაპზე პალატამ 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დააკმაყოფილა დამსაქმებლის შუამდგომლობა და საქმეს დაურთო ახალი მტკიცებულებები, მათ შორის 2018 წლის მარტით დათარიღებული ბრძანება, რომელსაც ერთვის საშტატო განრიგი და ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის არარსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, პირველი კასატორის პრეტენზიის ფარგლებში საკასაციო სასამართლო აფასებს ხსენებული განჩინების კანონიერებას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი მართალია, ადგენს შეზღუდული აპელაციის პრიციპიდან გადახვევის საგამონაკლისო წესს და რიგ შემთხვევაში, დასაშვებად მიიჩნევს სააპელაციო განხილვის ეტაპზე ახალი მტკიცებულებების მიღება/შეფასების შესაძლებლობას, თუმცა, ხსენებული არ გამორიცხავს მიღებული მტკიცებულების კრიტიკული შესწავლის აუცილებლობას, კერძოდ, სასამართლომ ახალი მტკიცებულებები არა მარტო შინაარსობრივი თვალსაზრისით, არამედ _ იურიდიული სარწმუნოობის კუთხითაც უნდა შეფასდეს. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვა 2018 წლის 2 მარტს დასრულდა და ამ დროისათვის არ არსებობდა საწარმოს სტრუქტურის განმსაზღვრელი დოკუმენტები. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი სასამართლოში რეგისტრირებულია 2018 წლის 11 აპრილს, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი კი _ ამავე წლის 11 მაისს. არცერთი საჩივარი არ შეიცავს მითითებას/შუამდგომლობას ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე მაშინ, როდესაც აპელანტ მხარეს წარმოადგენდა კომპანია და სავარაუდოა, რომ ამ დროისათვის ახალი სტრუქტურის დამტკიცების შესახებ ბრძანების არსებობა მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. ბრძანების მიღების თარიღი შესაძლოა მისი სააპელაციო განხილვის ეტაპზე წარდგენის/სასამართლოს მიერ ახალი მტკიცებულების დაშვების ფორმალური საფუძველი გამხდარიყო, თუმცა, ამ დოკუმენტების მიღემადე განვითარებული მოვლენები შტატის შემცირების ფაქტს მართლაც ეჭვქვეშ აყენებს. პირველი კასატორის ამ შედავების წინააღმდეგ დამსაქმებელს საკასაციო პასუხში სარწმუნო განმარტებები არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს დასაქმებულის პოზიციას სააპელაციო პალატის მხრიდან ახალი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა ვერ დაძლია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული პირვანდელი თანამდებობის არსებობის გამომრიცხველი ფაქტების მტკიცების ტვირთი. ხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარეოებას იმის თაობაზე, რომ კომპანიაში არსებობს ბუღალტრის თანამდებობა და ის კვლავ ვაკანტურია. ეს გარემოება კი, გამართლებულს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
1.3.5. საკასაციო პალატა, შრომის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, შეფასებას აძლევს ე.წ იძულებითი განაცდურის მოთხოვნის წარმატებულობას და განმარტავს, რომ ისეთ პირობებში, როდესაც დადგინდება შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად მოშლის ფაქტი, სახეზეა არა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგულირებული დასაქმებულის იძულებითი მოცდენა, არამედ, დამსაქმებლის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ზიანის ფულადი ანაზღაურება მიუღებელი ხელფასის ოდენობით გამართლებულია, რადგანაც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დასაქმებული ამ ოდენობით თანხას მიიღებდა შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, ამასთანავე, დაკისრებული თანხის ოდენობა არ იქნება მოვალის გადაჭარბებული პასუხისმგებლობის საფუძველი და ამ თანხის ოდენობა მისთვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო (სკ-ის 412-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა, ასევე ის, რომ გათავისუფლების დროისათვის მას კომპენსაციის სახით მიეცა, როგორც გამოუყენებელი შვებულების თანხა, ისე _ ორი თვის ხელფასი, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი გამართლებულია 2017 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 2 250 ლარის ოდენობით.
1.3.6. საკასაციო პალატა უარყოფს დამსაქმებლის შედავებას სარჩელის ხანდამზულობის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ უდავო გარემოებებზე:
- მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა მოიშალა 2017 წლის 1 მაისიდან;
- დასაქმებულმა ისარგებლა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული დასაბუთების მოთხოვნის უფლებით და ამავე წლის 12 ივნისს აღძრა სარჩელი;
- საპროცესო მოთხოვნების დარღვევის გამო, სარჩელი 2017 წლის 14 ივნისს არ იქნა მიღებული განსახილველად, თუმცა, ამავე წლის 13 ივლისს კვლავ იქნა აღძრული სარჩელი სასამართლოში, რომლის საფუძვლიანობაც წინამდებარე გადაწყვეტილების შეფასების საგანს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს და მიიჩნევა, რომ სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 140-ე მუხლები, რომლებითაც დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად მიიჩნევს პირველი სარჩელის აღძვრის მომენტიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მოსარჩელეს უარს ეტყვის მის განსახილველად მიღებაზე და მხარე ამ დროიდან 6-თვიანი ვადის დაცვით კვლავ მიმართავს სასამართლოს. ამ წესისაგან განსხვავებულ რეგულაციას არ ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლი, არამედ, 278-ე მუხლით დადგენილია მხარის უფლება, კვლავ მიმართოს სასამართლოს. საპროცესო ნორმები ადგენენ რა ხანდაზმულობის შეწყვეტის საკითხსა და სარჩელის განმეორებით წარდგენის უფლებას, არ ითვალისწინებს იურიდიულ შედეგს სარჩელის განმეორებით წარდგენის შემთხვევასთან მიმართებით, შესაბამისად, საპროცესო ნორმა უნდა შეფასდეს მატერიალურ დანაწესთან ერთობლიობაში (სკ-ის 138-ე და 140-ე მუხლები), რაც, მოცემულ შემთხვევაში, სწორად განახორციელა სააპელაციო სასამართლომ. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნის იძულებით განხორციელებისათვის შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევის საკითხი საქმის მასალებით არ დგინდება, რაც განუხორციელებადს ხდის ვალდებული პირის შედავებას ხანდაზმულობის თაობაზე.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით, არასწორად დააკმაყოფილა დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატა აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ვინაიდან არ იკვეთება საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი), ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თავად იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე: დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე დამსაქმებლის ცალმხრივი ნების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები, ამასთანავე, ვინაიდან მოპასუხემ ვერ დაამტკიცა კომპანიის ბუღალტრის თანამდებობის გაუქმება, ამასთან, იგი კვლავ ვაკანტურია, დასაქმებული უნდა აღდგეს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც შეეხება ზიანს, საკასაციო პალატა ითვალისწინებს კომპენსაციის სახით მიღებულ ანაზღაურებას, რომელიც სამი თვის ხელფასის ოდენობას შეადგენს და ამ თანხის გათვალისწინებით, დამსაქმებელს 2017 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაქმებულის სასარგებლობლოდ ყოველთვიურად აკისრებს 2 250 ლარს.
2. პროცესის ხარჯები:
შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელე ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, რაც შეეხება განაცდურის თანხას, რომლის ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილდა და ამ თანხის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, ამავე ნორმის შესაბამისად, მოგებული თანხის 12% (სსსკ-ის 39-ე და 41.1 (დ) მუხლები) მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს დასაქმებულის მიერ გაწეული ხარჯის _ 400 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 407-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ.ს–ლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ს.მ.ტ. ე.ც–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
3.1. ლ.ს–ლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3.2. ბათილად იქნას ცნობილი შპს „ს.მ.ტ. ე.ც–ის“ 2017 წლის 1 მაისის #25/პშ ბრძანება.
3.3. ლ.ს–ლი აღდგენილ იქნას შპს „ს.მ.ტ. ე.ც–ის“ ბუღალტრის თანამდებობაზე.
3.4. შპს „ს.მ.ტ. ე.ც–ს“ (ს/კ #...... ლ.ს–ლის (პ/# ……) სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 2 250 ლარის ოდენობით (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
3.5. შპს „ს.მ.ტ. ე.ც–ს“ (ს/კ #2…..) ლ.ს–ლის (პ/# …….) სასარგებლოდ დაეკისროს 400 ლარის გადახდა.
3.6. შპს „ს.მ.ტ. ე.ც–ს“ (ს/კ #......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 135 ლარის გადახდა.
4. ლ.ს–ლს დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება _ შპს „ს.ჯ.კ–ის“ 2018 წლის 28 სექტემბრის დასკვნის ასლი 4 (ოთხი) ფურცლად.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი