საქმე №ას-1089-2019 3 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის, საშვებულებო თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მისი შედეგების აღმოფხვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. რ.კ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.რ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან კომპანია) მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2018 წლის 26 ივნისის #2735 ბრძანების, დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ 2018 წლის 30 აპრილის #01357 ბრძანების ბათილად ცნობა, ლიანდაგის მონტიორის თანამდებობაზე აღდგენა, დამსაქმებლისათვის იძულებით განაცდურის სახით 2018 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 520 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 206,16 ლარის ანაზღაურება, შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დამსაქმებლისათვის დაკისრება, კომპანიის მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2007 წლიდან 2018 წლის 30 აპრილამდე მოსარჩელე უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა კომპანიასთან ლიანდაგის მონტიორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 520 ლარს. 2018 წლის 3 მაისს მას გასაცნობად გადაეცა დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ მოპასუხის #01357 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, მისი თანხმობის გარეშე მოხდა დასაქმებულის დაქვეითება, სამუშაოდ გადაყვანა სხვა თანამდებობაზე და ტერიტორიაზე, ასევე, მისთვის ხელფასის 360 ლარამდე შემცირება, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა. მან 2018 წლის 7 მაისს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა თავდაპირველ სამუშაოზე აღდგენა. მოპასუხემ აცნობა, რომ კანონიერად მიიჩნევდა მოსარჩელისათვის დაკისრებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 2018 წლის 15 ივნისს დასაქმებულს ჩაბარდა 2018 წლის 29 მაისის განცხადებაზე პასუხი, სადაც კომპანია მიუთითებდა, რომ თუ მოსარჩელე არ წარმოადგენდა დაქვეითებულ თანამდებობაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებას, მოპასუხე გაათავისუფლებდა მას სამსახურიდან. 2018 წლის 30 აპრილის #01357 ბრძანება უკანონოა. ასევე უკანონოა 2018 წლის 26 ივნისის #2735 ბრძანება, სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ, ვინაიდან დასაქმებული არ ეთანხმებოდა მოპასუხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, მოპასუხეს ეკისრება გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 520 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. დასაქმებული ს.რ–ელთა ახალი პროფესიული კავშირის აქტიური წევრია, ცდილობდა და ცდილობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვას ღირსეული შრომის პირობების უზრუნველსაყოფად. 2018 წლის 26 მარტს ტელეეთერში და სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კადრები ლ.ვ–ი გადასარბენზე არსებული, ლ–ის ძველი ხიდის დემონტაჟის პროცესში მოპასუხის მხრიდან უსაფრთხოებისა და შრომით პირობების უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა მოპასუხისთვის. სწორედ ეს გახდა საფუძველი და რეალური მიზეზი მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და სამსახურიდან გათავისუფლებისა. შესაბამისად, მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა და ამასთან, ადგილი აქვს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას პროფკავშირული აქტივობის გამო.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 10 აპრილს, მოსარჩელემ უხეშად დაირღვა შრომის დისციპლინა, რაც გამოიხატა სამუშაო ადგილის ადრე მიტოვებასა და სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადებაში. დამსაქმებელმა მყისიერი რეაგირება მოახდინა მოსარჩელის მიერ ჩადენილ უხეშ დისციპლინურ დარღვევებზე და კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი პროცედურის დაცვით გამოიყენა შრომის შინაგანაწესის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიება - განუსაზღვრელი ვადით დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა, რაც ადეკვატური იყო მოსარჩელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის. ამდენად, სადავო ბრძანება გამოცემულია შრომის კოდექსის, „შრომის უსაფრთხოების“ შესახებ კანონისა და კომპანიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების სრული დაცვით, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება დაბალ თანამდებობაზე გადასაყვანად მოსარჩელის თანხმობის არარსებობას, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გატარებული ღონისძიება სამართლებრივად წარმოადგენს მოსარჩელის მიერ 10 აპრილს ჩადენილ უხეშ დარღვევაზე დამსაქმებლის რეაგირებას და დისციპლინურ ღონისძიებას, რაც მენეჯერული გადაწყვეტილებაა, ამიტომ დასაქმებულის წინასწარ თანხმობას არ საჭიროებს. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მასთან შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილობის თაობაზე. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და თავად მოსარჩელეც აღიარებს, 2018 წლის 3 მაისიდან იგი არ ცხადდებოდა სამსახურში, არღვევდა შრომის დისციპლინას და არც შრომის ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა. კომპანიის 2018 წლის 22 მაისის #3030 და 11 ივნისის #3473 წერილებით, მოსარჩელეს განემარტა, რომ მოთხოვნა 2018 წლის 30 აპრილის #01357 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და გაფრთხილებულ იქნა, სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, მასთან შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ. 2018 წლის 3 მაისიდან 26 ივნისის ჩათვლით სამუშაოზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა საკმარისი საფუძველი იყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის მოთხოვნას, დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ კომპანიის 2018 წლის 30 აპრილის სადავო ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 3 მაისს. მას შეეძლო გაესაჩივრებინა ეს ბრძანება, მაგრამ დავის პერიოდში ვალდებული იყო ემუშავა ახალ თანამდებობაზე, თუმცა მოსარჩელემ 3 მაისიდან თვითნებურად მიატოვა სამუშაო ადგილი და არ ცხადდებოდა სამსახურში. მოსარჩელეს ორჯერ, 31 მაისსა და 14 ივნისს წერილობით ეცნობა სადავო ბრძანების ბათილობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ და განემარტა გამოუცხადებლობის შედეგებიც. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ბრძანების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზეც. 10 მარტს შრომის დისციპლინის უხეში დარღვევისთვის, იმავე მოტივით სამუშაოს ადრე მიტოვებისა და სიმთვრალის გამო, მოსარჩელესთან ერთად დაისაჯა მისი უშუალო ხელმძღვანელი ი.თ–ა, რომელიც კომპანიის შრომის შინაგანაწესის 18.1. მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, ხელოვნურ ნაგებობათა ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან დაქვეითდა ლიანდაგის მონტიორად, ხოლო, ლიანდაგის მონტიორ ნ.გ–ს გამოეცხადა გაფრთხილება სამუშაო საათებში მსუბუქი სიმთვრალის გამო. ამდენად, 10 მარტს შრომის დისციპლინის დარღვევებისთვის მოსარჩელესთან ერთად დაისაჯნენ სხვა თანამშრომლებიც, დარღვევის ხარისხის შესაბამისად. მოსარჩელე არ ჩაყენებულა არათანაბარ პირობებში, შესაბამისად დისკრიმინაციაზე მისი მითითება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. 2018 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან კომპანიამ ნებაყოფლობით აანაზღაურა კომპენსაციის თანხა 313.84 ლარი, რომლის დაანგარიშებაც მოხდა მოსარჩელის ახალი თანამდებობის - გადასასვლელის მორიგის ხელფასის (425ლ) გათვალისწინებით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური სახდელის გამოყენებისა და შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ბრძანებები და დასაქმებული აღდგენილ იქნა ლიანდაგის მონტიორის თანამდებობაზე, ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის სახით 2018 წლის 1 მაისიდან სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 520 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), გამოუყენებელი შვებულების თანხის 206,16 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) და პირგასამტეხლოს გადახდა (2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 18 დეკემბრამდე, ყოველ დღეზე 520 ლარის 0.07%-ის, ხოლო 2018 წლის 18 დეკემბრიდან, 206 ლარისა და 16 თეთრის 0.07%-ის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე)) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში ლიანდაგის მონტიორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 520 ლარს;
1.2.2. კომპანიის 2018 წლის 30 აპრილის #01355 ბრძანებით, დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა და სამუშაო საათებში ალკოჰოლური თრობისათვის, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით, გამოყენებული იქნა განუსაზღვრელი ვადით დაბალ თანამდებობაზე - გადასასვლელის მორიგედ გადაყვანა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შემდეგი: 2018 წლის 10 აპრილს ხელოვნური ნაგებობების ცენტრის ხელმძღვანელ ი.თ–ას მიეცა მითითება ბრიგადასთან, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მოსარჩელე, ლ-ვ–ის გადასარბენზე ოპერატიულად, დღის ბოლომდე შეესრულებინა შესაბამისი სამუშაოები. მიცემული დავალების შესრულების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მოსარჩელეს 16 საათსა და 45 წუთზე უკვე მიტოვებული ჰქონდა სამუშაო და დავალება არ იყო შესრულებული. იმავე დღეს, აღმოსავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ხელმძღვანელობასთან დაბარებისას, გაჩნდა ეჭვი, რომ მოსარჩელე იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. მან უარი განაცხადა შეთავაზებული ალკო ტესტის ჩატარებაზე;
1.2.3. მოსარჩელე ახალ თანამდებობაზე შრომითი მოვალეობის შესასრულებლად არ გამოცხადებულა და არ მიუღია აღნიშნული თანამდებობისათვის გათვალისწინებული შრომით ანაზღაურება. ამავდროულად, განცხადებით მიმართა დამსაქმებელს ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობისა და პირვანდელ სამუშაოზე დაბრუნების მოთხოვნით. 2018 წლის 22 მაისის წერილით დამსაქმებელმა შეატყობინა, რომ არ დაკმაყოფილდებოდა მოსარჩელის 2018 წლის 7 მაისის #5076 განცხადება, 2018 წლის 30 აპრილის #01357 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ასევე, 2018 წლის 11 ივნისის წერილით, მოსარჩელეს ეცნობა მისი არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ;
1.2.4. კომპანიის 2018 წლის 26 ივნისის #2735 ბრძანების თანახმად, 2018 წლის 1 მაისიდან მოსარჩელესთან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რასაც დამსაქმებელმა საფუძვლად დაუდო დისციპლინური სახდელის სახით შეფარდებულ სამუშაო ადგილზე შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა - სამსახურში გამოუცხადებლობა;
1.2.5. დამსაქმებლის 2018 წლის 30 აპრილის #01355 ბრძანებით, დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვანი და გულგრილი შესრულებისათვის (სამუშაო ადგილის დროზე ადრე მიტოვებისათვის და დავალებული სამუშაოს არასრულყოფილად შესრულებისათვის) სს „ს.რ–ის ინფრასტრუქტურის ფილიალის“ სალიანდაგო დეპარტამენტის, აღმოსავლეთის სალიანდაგო სამმართველოს, ოპერატიული საწარმოო პერსონალის, ხელოვნურ ნაგებობათა ცენტრის უფროსის მოადგილის ი.თ–ას მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებული იქნა განუსაზღვრელი ვადით დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა;
1.2.6. საქმეში წარმოდგენილი გლდანი-ნაძალადევის მე-4 სამმართველოს 2018 წლის 10 აპრილის რეაგირების ოქმის თანახმად, სს „ს.რ–ის“ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს უფროსმა დ.ა–მა მოითხოვა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმება, რაზეც ორმა თანამშრომელმა: რ.კ–მა და ი. თ–ამ უარი განაცხადეს. საქმეში წარმოდგენილია სს „ს.რ–ის“ ხელოვნურ ნაგებობათა ცენტრის ოსტატის გ.ს–ძის ახსნა-განმარტება, რომელშიც მითითებულია, რომ 2018 წლის 10 აპრილს, მის დამქვედებარებაში მყოფი ლიანდაგის მონტიორები, სამუშაო პერიოდში იყვნენ ნორმალურ მდგომარეობაში, გარდა რ.კ–ისა, რომელსაც ეტყობოდა ნაბახუსეობა. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2018 წლის 19 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, თავად მოსარჩელემ განმარტა, რომ სამსახურში მისვლისას, როგორც კი დაინახა მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, არ მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ხიდის დემონტაჟის სამუშაოებში, ვინაიდან ის სამსახურში გამოცხადდა წინა დღის ნასვამი და ეტყობოდა ნაბახუსეობა. (19.12.2018 წლის სხდომის ოქმი, 15:41:45 სთ). სამუშაო საათებში თრობის ფაქტს ადასტურებს საქმეში არსებული მტკიცებულებები: მოსარჩელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის - სს „ს.რ–ის“ ხელოვნურ ნაგებობათა ცენტრის ოსტატ გ.ს–ძის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებები და საპატრულო პოლიციის მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი, შრომის შინაგანაწესის 18.1 მუხლი, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 21-ე მუხლის მე-4 ნაწილები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც, შრომითი ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით, მოსარჩელეს ძირითადად მითითების ტვირთი ეკისრება, კერძოდ, სარჩელში გადმოცემული უნდა იყოს ის ფაქტები, რომლებიც გაუმართლებელს ხდის შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან ცალმხრივად მოშლას, რაც შეეხება მოპასუხეს, მას, როგორც შრომითი ურთიერთობის ძლიერ მხარეს ეკისრება განხორციელებული სამართლებრივი ქმედების მართლზომიერების მტკიცების ტვირთი. მოცემული დავის თავისებურების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ დასაქმებულის მხრიდან ალკო ტესტის ჩატარებაზე უარი, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში პრეზუმირებულს ხდის სამუშაოზე დასაქმებულის გამოცხადებას ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ხოლო, პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება, ამ ფაქტის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ეკისრება მხარეს, რომელის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სამსახურში ფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება და დაკისრებული ვალდებულების შესრულება, შრომის კოდექსის 6.4. მუხლისა და შრომის შინაგანაწესის 18.1. მუხლის შესაბამისად, გამართლებულია მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკა მართლაც მომეტებულ საფრთხესთანაა დაკავშირებული და კომპანიას, მსგავსად ნებისმიერი დამსაქმებლისა, ეკისრება შრომის უსაფრთხოების პირობებზე ზრუნვის ვალდებულება (იხ. შკ-ის 35-ე მუხლი, ასევე, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2. მუხლის „ი“ ქვეპუნქტი), გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა შრომის შინაგანაწესის 5.2. და 5.4. მუხლებზე, რომელთა თანახმადაც, დასაქმებეული ვალდებული იყო დამსაქმებლის ხარჯზე გაევლო შემოწმება ალკოჰოლური თრობის თაობაზე. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნას, ამ მხრივ უდავოა, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, დასაქმებული თითქმის ორი თვის განმავლობაში არ ცხადდებოდა სამუშაოზე, მას წერილობით განემარტა გამოუცხადებლობის შედეგებიც, თუმცა, იგი კვლავ არღვევდა ხელშეკრულების პირობებს. აღნიშნული დასაბუთებულს ხდის დამსაქმებლის პოზიციას მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული ქმედებების ვალდებულების უხეშ დარღვევად კვალიფიკაციისა და შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მოშლის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება დამსაქმებლის ცალმხრივი ნების ბათილობის წინაპირობები, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებული სხვა სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის კვლევა მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. რაც შეეხება დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის მტკიცებას, ამ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია პროცესუალური შესაძლებლობა, იმსჯელოს მასზე, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში სარჩელი უარყო, მოსარჩელეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნტისა და 266-ე მუხლის შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის არარსებობის შესახებ ფაქტებს სავალდებულო ძალა გააჩნიათ მოცემული დავის სუბიექტებს შორის. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 02.08.2019წ. სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარის 70% _ 280 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ რ.კ–ს (პ/# ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 02.08.2019წ. ექსპრესს ბანკის ტერმინალის საშუალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარის 70% _ 280 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი