საქმე №ას-999-2019 24 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – თ.ვ–ძე (მოსარჩელე)
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ.ვ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან დირექტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი, დამსაქმებელი ან სააგენტო) მიმართ და მოითხოვა დისციპლინური სასჯელის ზომის _ სასტიკი საყვედურის გამოცხადების თაობაზე სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 4 მარტის #2/026 ბრძანების, თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ამავე სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის #2/122 ბრძანების ბათილად ცნობა, ა(ა)იპ ქ.თბილისის #3 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და 2016 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 1 000 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 2012 წლის 14 მარტიდან მუშაობდა #3 საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორად და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 1 000 ლარს. 2016 წლის 18 მაისს მოპასუხის ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულის საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია 2016 წლის 4 მარტის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის #2/026 ბრძანება, აგრეთვე 10 მაისის #3/031 ბრძანება, 2016 წლის 18 მაისის მონიტორინგის სამსახურის უფროსის #6/288 მოხსენებითი ბარათი და მონიტორინგის სამსახურის 2016 წლის 7 აპრილის დასკვნა. მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებები არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ამასთან, მისი გათავისუფლება მოხდა დისკრიმინაციული მიდგომის გამო.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, მოსარჩელე შრომის კოდექსის შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში მასზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევის გამო, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, სადავო ბრძანება ეფუძნება ორგანული კანონით განსაზღვრულ საფუძველს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები, რაც გამორიცხავს სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური სასჯელის ზომის გამოყენების შესახებ სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის #2/026 ბრძანება, ასევე, ა(ა)პ ქ.თბილისის #3 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2016 წლის 18 მაისის #2/123 ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის _ 18 000 ლარის გადახდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა (მოსარჩელე) მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე აპელანტმა (მოპასუხე) _ სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა კასატორმა (მოსარჩელე) მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე კასატორმა (მოსარჩელე) _ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, მეორე კასატორის პრეტენზიები დასაბუთებულია და ექვემდებარება გაზიარებას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საკასაციო საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. საკასაციო საჩივრების თანახმად, კი:
i პირველი კასატორის პრეტენზიები:
სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი და 32-ე მუხლი, კერძოდ, მან ფაქტობრივად სრულად დააკმაყოფილა სარჩელი, თუმცა, იმ მიზეზით, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ იყო ვაკანტური, მოპასუხეს დააკისრა კომპენსაცია, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, ამასთანავე, სასამართლოს ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში დასაქმებულისათვის უნდა მიეკუთვნებინა დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისათვის განაცდური;
ii მეორე კასატორის პრეტენზიები:
სასამართლომ ბრძანების ბათილად ცნობის საკითხზე მსჯელობისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, არ გაითვალისწინა სააღმზრდელო დაწესებულების ფუნქცია, დაფინანსება. ყურადღება არ გაამახვილა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე, სადაც საუბარია, როგორც კვებით დანაკლისზე, ისე _ ჰიგიენის საშუალებების აღურიცხაობის ფაქტზე. სწორედ სამი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო გათავისუფლდა დირექტორი თანამდებობიდან. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შესაფასებელი ურთიერთობის სპეციფიკა: სააგენტოს მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართ გააჩნია განსაკუთრებული ნდობა. დირექტორი ვალდებულია, დაიცვას, როგორც საკუთარი თანამშრომლის, ასევე _ იმ ბავშვთა უფლებები, რომელთაც შეიძლება ზიანი მიადგეს დირექტორის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის ქმედებით, ასეთ შემთხვევაში პრიორიტეტული არასრულწლოვნის უფლებებია. სასამართლოს განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე მსჯელობისას ჩადენილი დარღვევები უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, მათი სიხშირის, სიმძიმისა და მიზეზ-შედეგობრიობის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ საბავშვო ბაგა-ბაღი არ არის დაწესებულება, სადაც დასაქმებულის თითოეული დარღვევა დამსაქმებელმა უნდა შეაფასოს აბსოლუტური სიმკაცრით, რადგანაც დირექტორი წარმოადგენს პირს, რომელმაც უნდა დაიცვას აღსაზრდელთა ინტერესები, კანონის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს პერსონალის საქმიანობაზე ზედამხედველობა. მოცემულ შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების საწყობში, სამზარეულოში, ფინანსებსა და შესყიდვებში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი დარღვევები და სწორედ ეს გახდა დირექტორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ხოლო, მათი განმეორებით დაფიქსირების გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. სასამართლოს არ უმსჯელია არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორთან არსებული ურთიერთობის სპეციფიკაზე, მიიჩნია ის მხოლოდ შრომით დავად, რის შედეგადაც დაარღვია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა (სუსგ #ას-101-97-2016).
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:
1.2.1. მოსარჩელე 2012 წლის 14 მარტიდან მუშაობდა ა(ა)იპ ქ.თბილისის #3 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორად და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 1 000 ლარს;
1.2.2. 2016 წლის 10 თებერვალს #3 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა მონიტორინგი. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის დასკვნის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღის მონიტორინგის ფარგლებში, ბაგა-ბაღში შემოწმდა ვიდეოკარემები, კვების ბლოკი და საწყობი, სოციალური და სააღმზრდელო გარემო, ჯანმრთელობის დაცვა/უსაფრთხოება, სველი წერტილები, ეზო და შენობის ინფრასტრუქტურა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა ნაკლოვანებები, კერძოდ დასამატებელი იყო 10 ვიდეოკამერა, ხოლო სანიტარულ-ჰიგიენურ საწყობში აღმოჩნდა გარკვეული ჰიგიენური საშუალებების ნაკლებობა, კერძოდ: „ფეირი“ 3 ცალი, „აცე“ - 3 ცალი; „რაქშა“ - 4 ცალი; იატაკის ჩვარი - 13 ცალი; აეროზოლი - 5 ცალი; ჭურჭლის ღრუბელი - 19 ცალი. დასკვნის თანახმად, სოციალური და სააღმზრდელო გარემო, სველი წერტილები და ეზოს ვიზუალური მდგომარეობა ნორმალურ მდგომარეობაშია. დარღვევებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება ჩამოერთვა საბავშვო ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორს, რომელმაც საწყობში არსებული დარღვევების მიზეზად ოჯახური პრობლემები დაასახელა;
1.2.3. 2016 წლის 4 მარტს, 2016 წლის 10 თებერვლის მონიტორინგის დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ სასტიკი საყვედური;
1.2.4. 2016 წლის 27 აპრილს, #3 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა მონიტორინგი. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის დასკვნის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღის მონიტორინგის ფარგლებში, ბაგა-ბაღში შემოწმდა ვიდეოკარემები, კვების ბლოკი და საწყობი, სოციალური და სააღმზრდელო გარემო, ჯანმრთელობის დაცვა/უსაფრთხოება, სველი წერტილები, ეზო და შენობის ინფრასტრუქტურა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ვიდეოკამერები გამართულია, სოციალური და სააღმზრდელო გარემო აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტს. სველი წერტილები ბიჭებისთვის და გოგოებისთვის არის გამიჯნული. ეზო არის უსაფრთხო, ეზოს სათამაშო დანადგარები ნორმალურ მდგომარეობაშია. დასკვნის თანახმად, გამოვლინდა კვების ბლოკში დარღვევის ფაქტი, კერძოდ სამზარეულოში 0.570 კგ. ყველი აღმოჩნდა, რომელიც მენიუ-ფაქტურით გათვალისწინებული არ იყო და საწყობიდან ზედმეტად იყო გაცემული;
1.2.5. მონიტორინგის სამსახურის 2016 წლის 27 აპრილის დასკვნის საფუძველზე, მოპასუხემ 2016 წლის 18 მაისის #2/123 ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლა მოსარჩელე, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა მის მიერ ერთი წლის განმავლობაში მასზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა;
1.2.6. არათანაზომიერი მოპყრობის ფაქტი საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ დადგენილა და არც დირექტორი გამოთქვამს ხსენებულის თაობაზე პრეტენზიას საკასაციო საჩივარში.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნით სწორად უნდა შეფასდეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობა და მისი სუბიექტები, რამდენადაც საკითხი შეეხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის თანამდებობიდან განთავისუფლების მართლზომიერებას და ამ მხრივ შრომის კანონმდებლობის გამოყენების პერსპექტივას, რომელზე მსჯელობისასაც, უპირველესად, უნდა განიმარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მოიძებნოს ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და მათი ზოგადი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების კანონიერების საკითხი, კერძოდ:
1.3.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავაზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენს იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებს მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას _ წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც _ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს.
1.3.2. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
1.3.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება გულისხმობს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა და რომლის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.
1.3.4. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის რეგულაციასთან დაკავშირებით ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების მოშლის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). კანონის ეს უკანასკნელი დათქმა დღის წესრიგში აყენებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობას, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისათვის გამოიყენება თუ არა შრომის კოდექსის ნორმები. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება, სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნეს მოძიებული.
1.3.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. მსგავს მოწესრიგებას შეიცავს ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 35.2 და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლები. თუ გადავავლებთ თვალს სამოქალაქო კოდექსით დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს, არა ერთ მსგავსებას ვნახავთ, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3.6. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნეს მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით (საკასაციო პალატის მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საკითხზე დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან. მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; №ას-101-97-2016, 15 ივლისი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, არც მხარეებს მიუთითებიათ და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის წერილობითი სასამსახურო ხელშეკრულების ფარგლებში განსხვავებულად იქნა მოწესრიგებული დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი და ეს წესი, მოცემული დავის ფარგლებში, დარღვეულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე კი, საკასაციო პალატა ამ საკითხს საკუთარი ინიციატივით ვერ გამოიკვლევს.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკის მოწესრიგებისათვის არ იქნა რა გამოყენებული შესაბამისი სამართლის ნორმები, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც მეორე კასატორის ნება, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე კანონშესაბამისია (გამომდინარე სკ-ის 720.1 მუხლიდან). სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის პირობებში კი, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულ ნამდვილ იურიდიულ ინტერესზე პირველი კასატორი ვერ მიუთითებს და არც საქმის მასალებით არ დგინდება იგი, ისევე, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის წინააღმდეგ, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობაზე. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის პირობებში სამართლებრივად უსაფუძვლო ხდება პირველი კასატორის იმ პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმება, რომელიც განაცდურის ანაზღაურების საკითხს შეეხება.
2. პროცესის ხარჯები:
მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთანავე, ვინაიდან შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, იგი ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, სარჩელის უარყოფის პირიობებში, ამ ხარჯს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, გაიღებს სახელმწიფო. რაც შეეხება მოპასუხის მიერ გაღებულ ხარჯებს, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული მართლწესრიგის გამო, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 620 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს:
2.1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
2.2. თ.ვ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.3. თ.ვ–ძეს (პ/# ......) ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (ს/კ #.......) სასარგებლოდ დაეკისროს 1 620 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი