საქმე №ას-976-2020 25 იანვარი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ნ–ას“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „ი–ის“ სარჩელის გამო, შპს „ნ–ას“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
შპს „ნ–ას“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონ– დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „ნ–ას“ დირექტორის ნ.კ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით კი, კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა კიდევ 7 (შვიდი) დღით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გაეგზავნა კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა. სასამართლოში მობრუნებული კონვერტით დგინდება, რომ ადრესატმა უკან დააბრუნა გზავნილი იმ მოტივით, რომ ქალაქში არ იმყოფებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს განმეორებით გაეგზავნა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, თუმცა არც ამჯერად ჩაბარადა ადრესატს. უკუგზავნილის შესწავლით დგინდება, რომ კურიერს მისამართზე არავინ დახვდა, ხოლო მითითებულ საკონტაქტო ნომერზე (5.... იურისტი თ.ტ–ი, იხ, რწმუნებულება ტ.2, ს.ფ.205) ადრესატმა განაცხადა რომ ორი კვირა არ იქნებიოდა და მოითხოვა გზავნილის უკან დაბრუნება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პალატა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებას მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს 2020 წლის 19 დეკემბერს - განმეორებითი გზავნილის დაბრუნების დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 20 დეკემბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 26 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან 26 დეკემბერი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2020 წლის 28 დეკემბერს.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის გამოსწორების ან საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით, სასამართლოსათვის მხარეს არ მოუმართავს, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს შემდეგ გარემოებებზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
განსახილველ შემთხვევაში, ადრესატის განმარტებები, რომ არ იმყოფება მისამართზე, შესაძლებელია განიმარტოს როგორც მისამართის შეცვლა თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ გზავნილები მხარეს გაეგზავნა 2-3 კვირიანი შუალედით და ადრესატს ქონდა შესაძლებლობა სასამართლოსათვის ეცნობებინა ის მისამართი, სადაც იმყოფებოდა და სასამართლო გააგზავნიდა განჩინებას ახალ მისამართზე, თუმცა მხარე სასამართლოს არ დაკავშირებია. უფრო მეტიც, სასამართლოს არაერთი მცდელობა ტელეფონ– დაკავშირებოდა კასატორის წარმომადგენელს, უშედეგოდ დასრულდა (ადრესატი არ პასუხობდა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეოწილი იყო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე მსჯელობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ–ას“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე