Facebook Twitter

საქმე #ას-921-2020 31 დეკემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს „ე–ას“, პ.ბ–ისა და უ.ნ–ის სარჩელის გამო, ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, გარიგების ბათილად ცნობისა და წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოიხოვა კერძო საჩივარის საქართველოს უზნაესი სასამართლოს სხვა შემადგენლობის მიერ განხილვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, შეისწავლა ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიჩნევს, რომ კერძო საჩვარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

უპირველესად საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის სხვა შემადგენლობის მიერ განხილვის საკითხზე. შინაარსობრივად ხსენებული მოთხოვნა შეიძლება მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობად იქნას განხილული. საკასაციო პალატა აფასებს ხსენებულ შეუამდგომლობას და ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ და პროცესუალურ საკითხზე:

მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოება დასრულებულია და წარმოდგენილი კერძო საჩივარი ემსახურება სწორედ წარმოების განახლებას, თუმცა, სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 428-ე მუხლის იმპერატიული მოთოხვნა (სსსკ-ის 422.1 მუხლის „ა“ ან 423.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე _ ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის უფლება, რომელიც ფართო ინტერპრეტაციას ექვემდებარება და თავის თავში მოიცავს საქმის განხილვისას ყველა იმ გონივრული ეჭვის გაქარწყლების აუცილებლობას, რომელმაც საშუალო წინდახედულობის ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. პრეცედენტული სამართლის თანახმად, ორგანოს „დამოუკიდებლობის“ განსაზღვრისათვის (განსაკუთრებით აღმასრულებელი ორგანოს და საქმეში მონაწილე მხარეთა) საჭიროა, გათვალისწინებული იქნას მისი წევრების დანიშვნის ფორმა და მათი პოსტზე ყოფნის ვადა, გარე ზეწოლისაგან დაცვის გარანტიები და დამოუკიდებლობის დამადასტურებელი ასპექტები (იხ. კემპბელისა და ფელის საქმე, §78). კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „მიუკერძოებლობის“ მოთხოვნა ორი ასპექტისაგან შედგება: პირველი _ სასამართლო სუბიექტურად თავისუფალი უნდა იყოს პიროვნული ზრახვებისა და მიდრეკილებებისაგან; მეორე _ იგი ასევე მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისით, ანუ მან უნდა უზრუნველყოს საკმარისი გარანტიები ამ თვალსაზრისით ნებისმიერი კანონიერი ეჭვის გამოსარიცხად (იხ. "გოტრინი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ", 1998 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-III, გვ. 1030-31, §58; "მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", №38784/97, §58, ECHR 2002-I). რაც შეეხება სუბიექტურობას, მოსამართლე პიროვნულად მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიჩნეული, ვიდრე ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება (იხ. "ჰაუსშიდტი დანიის წინააღმდეგ", 1989 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, სერია A №154, გვ. 21, §47; დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, №42095/98, §30, ECHR 2000-X, "CASE OF GALSTYAN v. ARMENIA", საჩივრის №26986/03).

მოხმობილი საერთაშორისოსამართლებრივი სტანდარტიდან გამომდინარე, პალატა მიუბრუნდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებს, რომლებითაც გათვალისწინებულია მოსამართლის აცილების/თვითაცილების ინსტიტუტი. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილების საფუძვლები პირობითად შეიძლება დავყოთ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებად, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც უტყუარად დგინდება მიკერძოების, თუნდაც სუბიექტური წინაპირობის არსებობა (მაგ: სსსკ-ის 31.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი), სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, განაცხადოს თვითაცილება, მიუხედავად იმისა, მხარე გამოხატავს თუ არა უნდობლობას მის მიმართ. მოსამართლის აცილების საკითხის განხილვისას უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს აწესებს ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა. იმ საქმეების უდიდეს უმრავლესობაზე, რომლებიც მიკერძოებულობის საკითხს ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აქცენტს სწორედ ობიექტურობის ტესტზე აკეთებს. ობიექტურობის ტესტით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად აქვს ადგილი დადასტურებად ფაქტებს მოსამართლის ქცევისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც ეჭვს ბადებს ამ უკანასკნელის მიუკერძოებლობაში. იმის გადასაწყვეტად, არსებობს თუ არა კონკრეტულ საქმეში ლეგიტიმური ეჭვი მოსამართლის ან საქმის განმხილველი ორგანოს მიუკერძოებლობის თაობაზე, მოცემული პირის პოზიცია არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ის, თუ რამდენად არის პირის ეჭვი მიკერძოების შესახებ ობიექტურად გამართლებადი, ანუ რამდენად აქვს მას შიშის საფუძველი (იხ. "ვეტსტაინი შვეიცარიის" წინააღმდეგ, ECHR 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება; "მიქალეფი მალტის წინააღმდეგ", ECHR 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; "პადოვანი იტალიის წინააღმდეგ", ECHR 1993 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება; "პესკადორ ვალერო ესპანეთის წინააღმდეგ", ECHR 2003 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება). ნიშანდობლივია, რომ ობიექტურობის ტესტი უმეტესწილად ეხება იერარქიულ ან სხვა კავშირებს მოსამართლესა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს შორის (იხ. მილერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ECHR 2004 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება).

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ თვითაცილების რაიმე წინაპირობა არ არსებობს, ამასთანავე, არც მხარე მიუთითებს იმგვარ ფქტებზე, რაც შუამდგომლობის თუნდაც ფორმალურ საფუძვლიანობას დაადასტურებდა

რაც შეეხება უშუალოდ კერძო საჩვარს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოცემულ შემთხვევაში, ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც საქმის წარმოების განახლების თაობაზე მისი განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლი განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება მიღებულია საკასაციო პალატის მიერ, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის ბოლო წინადადების ჩანაწერთან მიმართებით სპეციალურ ნორმას წარმოადგენს ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება გამოტანისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მისი რაიმე ფორმით გასაჩივრება დაუშვებელია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე, 264.3, 284-ე, 285-ე, 396.4, 414.1, 428-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე