Facebook Twitter

საქმე №ას-455-2019 22 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს.ლ.მ–სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. და კ. კ–ები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ჯ. და კ. კ–ებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები ან მეიჯარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს-ლ. მ–სის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, მოიჯარე ან კომპანია) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის 45 დღის საიჯარო ქირის დავალიანების _ 9 072,58 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა (რაც სარჩელის შემოტანის დროისათვის შეადგენდა 21 955,64 ლარს) და მოძრავი ნივთების საფასურის _ 2 109,2 ლარის (510 აშშ დოლარის ექვივალენტი 1 234,20 ლარის ღირებულების ოვალური შუშის სამი მაგიდის, 425 ლარის ღურებულების 17 სკამის, 300 ლარის ღირებულების ერთი ცალი გაზქურის, 50 ლარის ღირებულების ხის ერთი მაგიდისა და 100 ლარის ღირებულების ორი ცალი კარადის) დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 6 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მისი არსებითი პირობები. 11 ივნისს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 ივნისამდე. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მოიჯარის ვალდებულება, საგნის შენარჩუნების მიზნით, საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინა მიმდინარე რემონტი ისე, რომ მას არ ჰქონდა საგნის გადაკეთების და/ან რეკონსტრუქციის უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე, ამასთანავე, სარემონტო სამუშაოების წარმოებისას დაცული უნდა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო-ტექნიკური და სხვა სახის ნორმატივები. ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლით დადგინდა, რომ საიჯარო ქირა 2014 წლის 6 ივნისიდან 1 სექტემბრამდე შეადგენდა 5 625 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, ხოლო, 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ივლისამდე _ თვეში 6 250 აშშ დოლარის ეკვივალენტ ეროვნულ ლარს. მოიჯარეს ეკისრებოდა ასევე კომუნალური ხარჯების გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, იჯარის ურთიერთობიდან გასვლა დაიშვებოდა ვადამდე, თუკი ერთი მხარე მეორე მხარეს ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებდა ამის შესახებ. მიმდინარე წლის 28 ივნისს მოპასუხემ წერილობით მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა მოსარჩელისათვის. მოიჯარის დაჟინებული მოთხოვნით მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზეც, მოიჯარემ იკისრა მის მიერ განხორციელებული გადაკეთებების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, გაიტანდა სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენებს და ამ ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეიჯარე მისცემდა მას ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას. მოპასუხემ დაარვია ხსენებული ვალდებულება, შესაბამისად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს, როგორც განვლილი პერიოდის საიჯარო ქირის ანაზღაურება, ისე _ ნარჩენების გატანა. მოპასუხემ მხოლოდ ეს უკანასკნელი ვალდებულება შეასრულა. მეიჯარეებმა არაერთხელ მოსთხოვეს მოიჯარეს წერილობით, აენაზღაურებინა საიჯარო ქირის დავალიანება, ასევე, თვითნებურად გატანილი ნივთების ღირებულება, თუმცა, მოპასუხეს ეს ვალდებულება არ აქვს შესრულებული.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მათ შორის მართლაც არსებობდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაშიც მოიჯარეს შესრულებული აქვს ვალდებულება _ სრულად აქვს გადახდილი საიჯარო ქირა. არასწორია მოსარჩელის მითითება იჯარის საგნის რეკონსტრიქციის თაობაზე, ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო, მოსარჩელე შემოიფარგლება ხელშეკრულების პირობებზე მითითებით. მხარეთა შორის არსებული ხანგრძლივი სახელშეკრულებო ურთიერთობის გათვალისწინებით, იჯარის საგანმა განიცადა ბუნებრივი ცვეთა, რის გამოც, მოპასუხემ 2015 წლის 30 ივნისის ურთიერთშეთანხმებით იკისრა შენობის სადემონტაჟო სამუშაოების შესრეულების ვალდებულება, რაც ჯეროვნადაა განხორციელებული. ფაქტების კონსტანტაციის მიზნით მოიჯარემ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუმცა, მტკიცებულებათა მოპოვება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მეიჯარემ არ დაუშვა აღმასრულებელი ფართში. თავად იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტამდე მეიჯარისათვის ცნობილი იყო დაახლოებით 3-4 თვით ადრე, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ საიჯარო ფართის გაქირავების თაობაზე განცხადება მეიჯარეებს ჯერ კიდევ 2015 წლის 30 მაისს ჰქონდა განთავსებული ვებგვერდზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მეიჯარეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოიჯარეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 4 312,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 2 109,20 ლარის, ასევე, 500 ლარისა და 762,34 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, მანვე სადავო გახადა სააპელაციო სასამართლოს იმ საოქმო განჩინების კანონიერება, რომლითაც, საქმის განხილვის დასრულების შემდგომ სასამართლო დაუბრუნდა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2007 წლის 25 ივლისიდან მხარეთა შორის დადებული იყო რამდენიმე იჯარის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეზე გადაცემული იყო მოსარჩელეების კუთვნილი, ქ.ბათუმში, ...... ქ#26-ში მდებარე უძრავი ქონება. ბოლოს იჯარის ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო 2014 წლის 6 ივნისს. 2014 წლის 11 ივნისს მხარეებმა 2014 წლის 6 ივნისს დადებულ ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები. ხელშეკრულების შესაბამისად, საიჯარო ქონების საერთო ფართმა შეადგინა 1318,2 კვ.მ. ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 1 ივლისამდე. ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 6 ივნისიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველთვიური ქირა 5 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ივლისამდე - ყოველთვიური 6 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2014 წლის 16 ივნისს საიჯარო საგანს დაემატა იმავე მისამართზე მდებარე 324,57 კვ.მ ფართი. ამ ქონების საიჯარო ქირის თაობაზე მხარეები ცალკე არ შეთანხმებულან. 2014 წლის 16 ივნისის ხელშეკრულების მე-8 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ საიჯარო ქირის ოდენობა 06.06.2014წ. ხელშეკრულებაში იყო მითითებული;

1.2.2. მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, 2015 წლის 30 ივნისს იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. ამავე შეთანხმებით მოიჯარეს საბუთის ხელმოწერიდან 21 დღის ვადაში, ე.ი 2015 წლის 21 ივლისის ჩათვლით უნდა ჩაეტარებინა შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები (კედლებიდან ჩამოეხსნა შპალერი; იატაკიდან აეღო ლინონიუმი; შენობიდან გაეტანა სამშენებლო ნარჩენები; მოეწესრიგებინა სასადილო ოთახის იატაკი; შეეკეთებინა და შეეღება პატარა ოთახში ჭერი; ამოექოლა მე-5 სართულზე გაჭრილი ფანჯრის ღიობი და ნაწილობრივ შეეკეთებინა სახურავი თუნუქით). ამ შემთხვევაში, მეიჯარეები „2014 წლის 11 ივნისს დადებული საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე“ განაცხადებდნენ უარს. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულების ყველა მხარის მიერ ხელმოწერილი აქტის დედანი და ამ ხელმოწერების ნამდვილობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, მხარეთა შორის ხსენებული შეთანხმება დადებულია. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმების თაობაზე საუბარია მოსარჩელეების მიერ მოიჯარისათვის გაგზავნილ პრაქტიკულად ყველა პუბლიკაციაში;

1.2.3. 2015 წლის 14 აგვისტოს მოიჯარემ მეიჯარეებს ფართი ფაქტობრივად დაუბრუნა. მხარეებმა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2015 წლის 27 აგვისტოს მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით;

1.2.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოიჯარემ შენობიდან გაიტანა მეიჯარეების კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1 234,2 ლარის ღირებულების სამი ცალი შუშის ოვალური მაგიდა, 425 ლარის ღირებულების 17 ცალი სკამი, 300 ლარის ღირებულების ერთი ცალი გაზქურა, 50 ლარის ღირებულების ერთი ცალი ხის მაგიდა და 100 ლარის ღირებულების ორი ცალი კარადა. ეს ნივთები მოიჯარეს აპელანტებისათვის არ დაუბრუნებია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 581-ე, 567-ე (1) და 573-ე (1) მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებში დადგენილია მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულების წარმოშობა, ამ ხელშეკრულების შეწყვეტა მათი ორმხრივი ნების საფუძველზე და მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტიდან 23 დღის განმავლობაში ნივთის არამართლზომიერად ფლობის ფაქტი, ასევე, 2 109,20 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთების საიჯარო ფართიდან გატანა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საიჯარო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის გადაცემის დაყოვნებისა და ნივთების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ (არამართლზომიერი მფლობელობის ხანგრძლივობის პროპორციულად) განხორციელებადია. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დაადგინა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების წინაპირობები (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ხოლო კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა ანალიზიც ეჭვქვეშ დააყენებდა სააპელაციო პალატის შეფასებებსა და დასკვნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც იჯარის ხელშეკრულებიდან გამომიდნარე მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საოქმო განჩინების კანონიერება:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში საკასაციო სასამართლომ მოიჯარის პრეტენზიათა ფარგლებში შეამოწმა მტკიცებულებათა გამოკვლევის შესახებ საოქმო განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური წინაპირობები, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. დასახელებული ნორმის მიზანს წარმოადგენს სასამართლოს მხრდან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ხელშეწყობა და დარღვეული უფლების ეფექტიანად დაცვა იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სასამართლო ობიექტურად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს ამა თუ იმ საპროცესო სტადიის განმეორების აუცილებლობა, ამდენად, სადავო განჩინებას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თუ რა ნეგატური შედეგი იქონია საქმის შედეგის მიმართ სადავო საპროცესო მოქმედებამ, კასატორს დამაჯერებლად არ მიუთითებია საჩივარში, საკასაციო სასამართლო კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკუთარი ინიციატივით ვერ შეამოწმებს საპროცესო ნორმათა დარღვევას. ამდენად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობების არსებობას კასატორი ვერ ადასტურებს.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 10.04.2019წ. #1 და #2 საგადახდო დავალებებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 105,46 და 623,52 ლარის, სულ _ 728,98 ლარის 70% _ 510,286 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს-ლ.მ–სის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორის მოთხოვნა მტკიცებულებათა გამოკვლევის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. შპს „ს-ლ.მ–სს“ (ს/კ #........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 10.04.2019წ. #1 და #2 საგადახდო დავალებებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 105,46 და 623,52 ლარის, სულ _ 728,98 ლარის 70% _ 510,286 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი