საქმე №ას-917-2020 28 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ი.წ–ძის უფლებამონაცვლე ე.ნ–ი (კანონიერი წარმომადგენელი გ.ნ–ი) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ვა (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.წ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.გ–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2012 წლის 1 ნოემბერს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის №121190234 ხელშეკრულების გაუქმება;
1.2. 2015 წლის 4 მარტს გაცემული №150207029 სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2015 წლის 4 მარტს გაცემულ №150207029 სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №150207029, რეგისტრაციის თარიღი 2015 წლის 4 მარტი) შევიდა ცვლილება, კერძოდ, ი.წ–ძის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სულ: 4600 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირის თანხაა 4000 აშშ დოლარი, 600 აშშ დოლარი 3 თვის სარგებელი, ხოლო 109 ლარი სააღსრულებო ფურცლის გაცემისათვის სანოტარო მომსახურების საზღაური. სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2012 წლის 1 ნოემბერს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის №121190234 ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ი.წ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე.ნ–ი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი.წ–ძის უფლებამონაცვლემ ე.ნ–მა (კანონიერი წარმომადგენელი გ.ნ–ი) (შემდგომში - „კასატორი“ ან „განმცხადებელი“) წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. 2021 წლის 27 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მომართა კასატორმა და მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროში არსებული №A15016022 სააღსრულებო წარმოების შეჩერება.
10. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მოპასუხემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სააღსრულებო წარმოების დაწყება მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, კასატორი არის სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი. სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონება, რომელსაც მას ედავებიან, არის მისი ერთადერთი საცხოვრებელი. პანდემიის პირობებში საცხოვრებელი გარემოს შეცვლა უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულის გამო, საქმის არსებით განხილვამდე დაუშვებელია ქონების აუქციონის გზით რეალიზაცია. შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არსებობს სააღსრულებო წარმოების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. განმცხადებლის მითითებით, საქმის განხილვა უკვე დასრულების ეტაპზეა და მოპასუხეს სააღსრულებო წარმოების შეჩერებით ვერ მიადგება ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
14. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
15. 2021 წლის 27 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მომართა კასატორმა და მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროში არსებული №A15016022 სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელით მოთხოვნილია სწორედ იმ სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, რომლის საფუძველზეც კახეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს №A15016022 სააღსრულებო წარმოება.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გარდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისა, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.
18. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ სადავო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სარეალიზაციოდ მიექცევა იპოთეკის საგანი და მოხდება სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის იძულებითი გადახდევინება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. უფრო მეტიც, იძულებითი აღსრულების განხორციელების შემდეგ, განსახილველ საქმეზე აღარ იარსებებს დავის საგანი.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება ამგვარი ღონისძიების გამოყენების გარეშე. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და შეჩერდეს ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2015 წლის 4 მარტს გაცემული №150207029 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A15016022 სააღსრულებო წარმოება, მოცემულ საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 198-ე და 284-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.წ–ძის უფლებამონაცვლის ე.ნ–ის (კანონიერი წარმომადგენელი გ.ნ–ი) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეჩერდეს ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2015 წლის 4 მარტს გაცემული №150207029 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A15016022 სააღსრულებო წარმოება, მოცემულ საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე