საქმე №ა-1525-შ-40-2020 28 იანვარი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.მ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - კვიპროსის რესპუბლიკის, ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 05.12.2016წ. გადაწყვეტილება და მასში შესწორების შეტანის შესახებ 27.12.2016წ. განჩინება
დავის საგანი - შვილად აყვანა და გვარის შეცვლა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. კვიპროსის რესპუბლიკის, ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 05.12.2016წ. გადაწყვეტილებით ვ.გ–სმა (მუდმივად მცხოვრები კვიპროსზე) და თ.ბ–მა იშვილეს სრულწლოვანი ს.მ–ე (თ.ბ–ის შვილი, დაბადებული 28.08.1997 წელს) და მისი სახელი განისაზღვრა, როგორც ს.გ–ის.
2. კვიპროსის რესპუბლიკის, ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 27.12.2016წ. განჩინებით შესწორდა შვილად აყვანის შესახებ 05.12.2016წ. გადაწყვეტილება, კერძოდ, შესწორდა შვილად აყვანილი პირის გვარი მ–ე (M–E) და მიეთითა მ–ძე (M–ZE).
3. 27.04.2020წ. ს.მ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა კვიპროსის რესპუბლიკის, ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 05.12.2016წ. გადაწყვეტილების (შესწორებული ფორმით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მასზე, რომ ს.მ–ძე, დაბადებული 28.08.1997წ. შვილად აიყვანა ვ.გ–მა და მისი გვარი განისაზღვრა გ–ის. ამდენად, შუამდგომლობის ავტორი შინაარსობრივად ითხოვს როგორც 05.12.2016წ. გადაწყვეტილების, ისე მასში შესწორების შეტანის შესახებ 27.12.2016წ. განჩინების ცნობას ვ.გ–ის მიერ მისი შვილად აყვანის შესახებ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კვიპროსის რესპუბლიკის, ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 05.12.2016წ. გადაწყვეტილებით და 27.12.2016წ. განჩინებით ვ.გ–მა (მუდმივად მცხოვრები კვიპროსზე) იშვილა სრულწლოვანი ს.მ–ძე (მეუღლის - თ.ბ–ის შვილი, დაბადებული 28.08.1997 წელს) და მისი სახელი განისაზღვრა, როგორც ს.გ–ის.
6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი კვიპროსის რესპუბლიკის, ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 28.09.2018წ. ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.მ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს კვიპროსის რესპუბლიკის, ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 05.12.2016წ. გადაწყვეტილება და მასში შესწორების შეტანის შესახებ 27.12.2016წ. განჩინება, რომლითაც ვ.გ–მა იშვილა სრულწლოვანი - 28.08.1997წ. დაბადებული ს.მ–ძე, რომლის სახელი განისაზღვრა, როგორც ს.გ–ის.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი