საქმე №ას-19-2020 16 დეკემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „რ.ს–ო“ (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ბ-ს-ჯ“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.07.2019წ. განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ბ-ს-ჯ–მ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მეორე კასატორი“, „მეიჯარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.ს–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „პირველი კასატორი“, „მოიჯარე“) მიმართ და მოითხოვა: 1) იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო ექვსი თვის საიჯარო ქირის გადახდა 100 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, 2) 2016 წლის ნოემბრის თვიდან (საიჯარო ქონების დაბრუნებიდან) 01.03.2018წ.-მდე საიჯარო ქირის - 237 452.3 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 01.03.2018წ.-დან 01.02.2019წ.-მდე ყოველთვიურად 5735.5 აშშ დოლარის გადახდა, რაც წარმოადგენს მოპასუხის მიერ გადასახდელ საიჯარო ქირას და ახალი მოიჯარის მიერ გადასახდელ ქირას შორის სხვაობას, 3) საიჯარო ფართის დაზიანების გამო მიყენებული ზიანი - 39 686.79 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 22.10.2013წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით, რომლითაც მოიჯარეს იჯარით გადაეცა მეიჯარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...... #19-ში, საკადასტრო კოდით: #0 ......, # ........, # ........
2.2. მოიჯარემ 01.09.2016წ.-დან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. მას მოსარჩელისთვის არ შეუთავაზებია გადახდისუნარიანი და მოსარჩელისათვის მისაღები მოიჯარე, მოსარჩელემ თავად მოიძია ახალი მოიჯარე. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ექვსი თვის საიჯარო ქირა, ასევე საიჯარო ქირა ახალი მოიჯარისათვის ქონების გადაცემამდე და ქირის სხვაობა იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
2.3. მოპასუხის მიერ დაზიანდა საიჯარო ქონება. ზიანის ოდენობა შეადგენს 39 686.79 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან პერმანენტულად ხდებოდა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ფართი არ იყო შეთანხმებული ხარისხის, რის გამოც მოპასუხე პერიოდულად ითხოვდა ხელშეკრულების გადახედვას, რაც არ სრულდებოდა მოსარჩელის მხრიდან. მოპასუხე ცდილობდა შეენარჩუნებინა პარტნიორული ურთიერთობა და არ შეეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება. 02.11.2016წ. მიღება-ჩაბარების აქტით იჯარის ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს და უსაფუძვლოა მოთხოვნა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო თანხის დაკისრების შესახებ.
3.2. უსაფუძვლოა მოთხოვნა საიჯარო ფართის დაზიანებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 100 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. 22.10.2013წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით, რომლითაც მოიჯარეს იჯარით გადაეცა მეიჯარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...... #19-ში, საკადასტრო კოდი: # ......, # ........, # ........ საიჯარო ქირა შენობის პირველი სართულზე არსებული 420 კვ.მ. ფართისათვის განისაზღვრა ყოველთვიურად 8400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, შენობის მეორე სართულზე არსებული 515 კვ.მ. ფართისათვის - 7725 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, 213.97 კვ.მ. ავტოსადგომისათვის და 150 კვ.მ. სასაწყობე ფართისათვის - 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (ტ.1, ს.ფ. 21-35).
4.2. 21.09.2015წ. მოიჯარემ მიმართა მეიჯარეს 01.02.2016წ.-დან იჯარის ხელშკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ (ტ.2, ს.ფ.49). წერილის პასუხად მეიჯარემ რამდენჯერმე მიმართა მოიჯარეს და განუმარტა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას მოიჯარის ვალდებულებები (ტ.2, ს.ფ.50-53; 57-60). მოიჯარემ 02.02.2016წ. წერილის პასუხით აცნობა მეიჯარეს, რომ არ წყვეტდა იჯარის ხელშეკრულებას (ტ.2 ს.ფ. 62-66).
4.3. 11.05.2016წ. მოიჯარემ კვლავ მიმართა მეიჯარეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ (ტ.2, ს.ფ.78). 19.07.2016წ. მეიჯარემ აცნობა მოიჯარეს, რომ 01.10.2016 წ.-მდე ვალდებული იყო შეეთავაზებინა ახალი გადახდისუნარიანი და მეიჯარისათვის მისაღები მოიჯარე, რომელიც თანახმა იქნებოდა ხელშეკრულება მიეღო იმავე პირობებით, რა პირობებიც არსებობდა მხარეთა შორის 22.10.2013წ. ხელშეკრულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალდებული იქნებოდა გადაეხადა საიჯარო ქირა იჯარის ურთიერთობის დასრულებამდე (ტ.2, ს.ფ.83-84).
4.4. 02.11.2016წ. მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 22.10.2013წ. გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად მოიჯარემ დააბრუნა და მეიჯარემ მიიღო ქ.თბილისში, ...... მდებარე საიჯარო ფართები. განისაზღვრა, რომ საიჯარო ფართების მდგომარეობა დაბრუნების მომენტისათვის მოცემული იქნებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის მასალებში. ფაქტების კონსტატაცია განხორციელდა 02.11.2016წ. (ტ.1, ს.ფ.291). მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ საიჯარო ქირა გადახდილია საიჯარო ქონების დაბრუნების დღემდე (ტ.4, ს.ფ.9, სხდომის ოქმი: 02.05.2018).
4.5. მოსარჩელემ ,,I.P"-ს იჯარით გადასცა ქ.თბილისში, .....ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ტ. 4, ს.ფ.21-23).
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
4.7. სსკ-ის 588-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.
4.8. იჯარის ხელშეკრულების 10.3.1, 16.3 და მე-17 მუხლები ადასტურებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ სსკ-ის 588-ე მუხლით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესზე, კერძოდ, მოიჯარე არაუგვიანეს ექვსი თვისა აფრთხილებს მეიჯარეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო იხდის ექვსი თვის საიჯარო ქირას და იჯარის საგანს უბრუნებს მეიჯარეს. მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 588-ე მუხლის შესაბამისად ახალი მოიჯარისათვის ქონების გადაცემამდე საიჯარო ქირის გადახდის და ქონების გადაცემის შემდეგ საიჯარო ქირის სხვაობის დაკისრების შესახებ.
4.9. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ 02.11.2016წ. მიღება-ჩაბარების აქტით იჯარის ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და ვინაიდან მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს, უსაფუძვლოა მოთხოვნა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო ექვსი თვის საიჯარო ქირის - 100 350 აშშ დოლარის გადახდის შესახებ. 11.05.2016წ. მოიჯარემ მიმართა მეიჯარეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 01.09.2016წ. ხელშეკრულების 16.3 მუხლის შესაბამისად და 02.11.2016წ. მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს მხოლოდ საიჯარო ქონების დაბრუნების ფაქტს. მოიჯარე იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ექვსი თვის საიჯარო ქირა 100 350 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება მოპასუხის მიერ გადახდილ საიჯარო ქირას 02.11.2016წ.-მდე, სსკ-ის 591-ე მუხლის თანახმად, ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, მოიჯარე ვალდებული იყო გადაეხადა აღნიშნული თანხა.
4.10. სსკ-ის 547-ე მუხლის მიხედვით, გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ აგებს. ამავე კოდექსის 564-ე მუხლით, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.
4.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.02.2017წ. #001084917 დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, ......ქუჩა #19-ში მდებარე კომერციული ფართის მდგომარეობის დაფიქსირების მიზნით ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ კედლების ზედაპირისა და ჭერის დაზიანების მიზეზი არის მექანიკური ზემოქმედება. პირველი სართულის შესასვლელის ჰოლში მოწყობილია ტურნიკეტი, თავისი ბარიერებით, რომელიც დამაგრებულია იატაკზე, რის გამოც იატაკზე დაგებული ფილები არის დახვრეტილი, ფანჯრებზე ჩასმულია ჟალუზები, კედლების ზედაპირი დაზიანებულია რამდენიმე ადგილას ხახუნისგან, ჭერზე ორ ადგილას ჩამონგრეულია მუყაოთაბაშირის ფილა, დაზიანებულია მუყაოთაბაშირის ფილა ნათურის ჩამაგრების ადგილზე ჭერში, კედლებზე რამდენიმე ადგილზე გაყვანილია ინტერნეტის კაბელი (ტ.3, ს.ფ.8-15). მეიჯარეს წარმოდგენილი აქვს სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა სამშენებლო მასალების და ნივთების შეძენასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები სხვადასხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებით, ხარჯთაღრიცხვა და სამშენებლო კომპანია შპს ,,ბ.ჰ“-ს მიმართვა (ტ.3, ს.ფ. 2-307).
4.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოიჯარის მიერ 39686.79 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული არ არის ზიანის ოდენობა, დასკვნაში მითითებულია, რომ კედლების ზედაპირისა და ჭერის დაზიანების მიზეზი არის მექანიკური ზემოქმედება. აღნიშნული შეიძლება იყოს ისეთი გამოყენების საფუძველი, რაც მოიჯარის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. დასკვნაში აღნიშნული არ არის და ფაქტების კონსტანტაციის ოქმით არ ირკვევა, რომ მითითებული სახის სამუშაოების განხორციელების და სამშენებლო მასალების შეძენის საჭიროება გამოიწვია საიჯარო ფართზე მოპასუხის ზემოქმედებამ. მიღება-ჩაბარების აქტებით არ დასტურდება თუ სად ჩატარდა სამუშაოები და მითითებული მტკიცებულებები შპს ,,ბ.ჰ“-ს მიმართვასთან ერთად არ ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს. ამასთან, მოსარჩელე ერთ-ერთ გარემოებად მიუთითებდა, რომ იძულებული გახდა მოეხდინა საიჯარო ფართის იმგვარი რეკონსტრუქცია, რაც მისაღები იქნებოდა ახალი კონტრაჰენტისათვის. შესაბამისად, ხსენებული სამუშაოები რომ მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ჩატარდა და არა ახალი მოიჯარისათვის მისაღები სახით ფართის რეკონსტრუქციისათვის, ასევე არ დასტურდება. ამდენად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.07.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ.
6.1. მოპასუხე (პირველი კასატორი) ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შემდეგი საფუძვლებით:
6.1.1. სასამართლომ 02.11.2016წ. შეთანხმება მიიჩნია მოპასუხის მიერ ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტად და მას დააკისრა თანხის გადახდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო. აღნიშნული შეთანხმების შინაარსი მიუთითებს, რომ მხარეებმა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე შეწყვიტეს ხელშეკრულება და მოიჯარემ ამავე დღეს დაუბრუნა მეიჯარეს ფართი. თუ მოსარჩელეს სურდა დაეფიქსირებინა, რომ ხელშეკრულება უფრო ადრე შეწყდა მოპასუხის ცალმხრივი ნების გამოვლენით, იგი 02.11.2016წ. შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა. მოსარჩელეს ასევე შეეძლო არ დათანხმებოდა შეთანხმების მე-2 აბზაცს და ცალკე გაემახვილებინა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულება უფრო ადრე, მოპასუხის ინიციატივით შეწყდა, თუმცა ასეთი პოზიცია მოსარჩელეს შეთანხმებაში არ დაუფიქსირებია. ამდენად, ცალსახაა, რომ ხელშეკრულება არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი ნების გამოვლენით შეწყდა. მოპასუხის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
6.1.2. ზოგადად, კერძოსამართლებრივ და, მით უფრო, ბიზნეს ურთიერთობებში, მხარის მიერ ერთხელ გამოთქმული მოსაზრების შემდგომი დაზუსტება ჩვეულებრივი და აპრობირებული მოვლენაა. მოპასუხემ საიჯარო ფართში არსებული მდგომარეობის გამო არაერთხელ მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა, 02.11.2016წ. მოსარჩელემ და მოპასუხემ ერთობლივად გამოთქვეს სურვილი შეეწყვიტათ ხელშეკრულება და ფართი დაუბრუნდა მეიჯარეს. ანუ 02.11.2016წ. შეთანხმებას, როგორც ყველაზე ბოლოს გამოთქმულ ნებას, აქვს უპირატესი ძალა მანამდე ცალმხრივად გამოხატულ ნებასთან მიმართებით.
6.1.3. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 11.05.2016წ. მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, 02.11.2016წ. მოსარჩელემ მიიღო საიჯარო ქონება და საიჯარო ქირა გადახდილია 02.11.2016წ.-მდე. 11.05.2016წ.-დან ექვსი თვე გადიოდა სწორედ 2016 წლის ნოემბერში, შესაბამისად, ეს გარემოებაც ადასტურებს, რომ რეალურად ხელშეკრულება მოპასუხის მიერ გაგზავნილი შეტყობინებიდან ექვსი თვის შემდეგ შეწყდა. ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა ორმხრივი ნებით არ მომხდარა, კასატორს ექვსთვიანი ვადა მაინც დაცული აქვს, რადგან ხელშეკრულება შეწყდა გაფრთხილებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
6.2. მოსარჩელე (მეორე კასატორი) ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, შემდეგი საფუძვლებით:
6.2.1. ხელშეკრულების 16.3 მუხლის თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაადგინეს პირგასამტეხლოს გადახდა ექვსი თვის საიჯარო ქირის ოდენობით. დაცული უნდა ყოფილიყო კუმულაციურად ორი პირობა: 1) ექვსი თვით ადრე გაფრთხილება და 2) ექვსი თვის საიჯარო ქირის გადახდა. მოპასუხემ არ დაიცვა არც ერთი პირობა. 11.05.2016წ. წერილით იგი უთითებდა ხელშეკრულების 01.09.2016წ.-დან შეწყვეტის თაობაზე. ის ფაქტი, რომ საიჯარო ქირა გადახდილია 2016 წლის ნოემბრამდე, არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულება 2016 წლის ნოემბერში შეწყდა. მას დღემდე არ გადაუხდია ექვსი თვის საიჯარო ქირა, რომელიც ყველაზე გვიან 11.05.2016წ. (ხელშეკრულების შეწყვეტის დეკლარაციის დღისათვის მაინც) უნდა ჰქონოდა გადახდილი.
აქედან გამომდინარე, მოპასუხე ვერ დაეყრდნობა მოცემულ სახელშეკრულებო დათქმას, ვინაიდან მის მიერ არ იქნა დაცული კონკრეტული წინაპირობები. შესაბამისად, ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს როგორც ხელშეკრულებით, ისე კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის (ტ.4, ს.ფ.363,364).
6.2.2. საიჯარო ფართის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის, როგორსაც მოიჯარე ითხოვდა, მეიჯარემ გაიღო ხარჯი. ბუნებრივია, ასეთი ოდენობით თანხების გაღება მეიჯარეს, სულ მცირე, უყალიბებდა იმის ვარაუდს, რომ მოიჯარე პირნათლად შეასრულებდა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და დარჩებოდა საიჯარო ფართში ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
6.2.3. სსკ-ის 588-ე მუხლით განსაზღვრულია ზიანის სახე, რაც შეიძლება მიადგეს მეიჯარეს მოიჯარის მიერ ცალმხრივად ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში. კანონმდებელმა სპეციალური ნორმით განსაზღვრა მეიჯარისათვის მიყენებული ზიანის მასშტაბი და მისი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოს არგუმენტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ სსკ-ის 588-ე მუხლისგან განსხვავებულ წესზე, რაც მოპასუხეს ათავისუფლებს მომავალში გადასახდელი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან, სამართლებრივად სრულიად არამართებული შეფასებაა (ტ.4, ს.ფ. 365).
6.2.4. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ საიჯარო ფართზე ზიანის მიყენების ფაქტი. ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მიყენებული ზიანი არ წარმოადგენს ბუნებრივ ცვეთას. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ ვინ მიაყენა რეალურად ფართს ზიანი, საქმეში წარმოდგენილია იჯარის საგნის გადაცემის პერიოდის ფოტომასალა, ასევე ფაქტების კონსტატაციის მასალები, რომელიც ასახავს საიჯარო ფართის მეიჯარისთვის დაბრუნების პერიოდისათვის ფართის მდგომარეობას. იმ დაზიანებებზე, რომლებიც ფართს მიადგა მოპასუხის მფლობელობაში ყოფნის დროს, პასუხისმგებელია სწორედ მოპასუხე.
6.2.5. მოსარჩელემ ხარჯების დადასტურების მიზნით მიმართა დამოუკიდებელ სამშენებლო კომპანია შპს „ბ.ჰ–ს“, რომლის წერილიდან ირკვევა, რომ მეიჯარის მიერ შედგენილი სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ობიექტურად ასახავს სადავო კომერციულ ფართში გასაწევი სამუშაოებისა და გამოსაყენებელი მასალების ჩამონათვალს. ხარჯთაღრიცხვით დასტურდება ის ფაქტი, რომ მოპასუხის მფლობელობაში ყოფნის დროს საიჯარო ფართისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო იყო 39 686.79 ლარის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. საქმეში ასევე წარმოდგენილია მომსახურების ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და ზედნადებები რომლებიც ადასტურებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ფაქტს. გაუგებარია სასამართლოს მითითება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში არ არის მითითებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2020წ. და 19.02.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა საქართველოს სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდაა (სსკ-ის 581-ე მუხლი) (სუსგ. Nას-294-294-2018 , 08.05.2018წ.).
11. სარჩელის საგანს წარმოადგენს როგორც იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო ხელშეკრულებით განსაზღვრული ექვსი თვის საიჯარო ქირის გადახდა, ასევე მიუღებელი ქირის/ქირათა შორის სხვაობის ანაზღაურება სსკ-ის 588-ე მუხლის საფუძველზე.
12. სსკ-ის 588-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე. ამდენად, სსკ-ის 588 მუხლი განსაზღვრავს იჯარის საგნის საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე დაბრუნების შემთხვევაში საიჯარო ქირის გადახდისგან გათავისუფლების პირობებს. მისი დაცვითი ფუნქცია ისაა, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ ამ ნორმამ მეიჯარე საიჯარო შემოსავლებით უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქონების ახალი მოიჯარისათვის (მინიმუმ ადრინდელ მოიჯარესთან არსებული პირობებით) გადაცემამდე (სუსგ. Nას-738-700-2015, 18.12.2015წ.).
ამდენად, სსკ-ის 588-ე მუხლით გათვალისწინებული მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს მოიჯარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად მეიჯარისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო საშუალებას.
13. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების, ისე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები).
14. სსკ-ის 410-ე მუხლი უშვებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმას. კერძოდ, ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებით სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადად დასაშვებია მიყენებული ზიანისათვის ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის წინასწარ, ანუ ზიანის დადგომამდე, გამორიცხვა ან შეზღუდვა, რასაც ნათელყოფს 2009 წელს რედაქტირებული სსკ-ის 410-ე მუხლი, წინამორბედი დანაწესისაგან განსხვავებით, რომელიც ამგვარ შეთანხმებას ბათილად მიიჩნევდა. ეს დანაწესი თანაბრად ვრცელდება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი ვალდებულების დარღვევით, ასევე დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევებზე. კომერციულ პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც არათუ დასაშვები, არამედ მიზანშეწონილიც კი არის ანაზღაურების სპეციალურ წესზე შეთანხმება. სრულად ანაზღაურების პრინციპის გათვალისწინებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მთლიანი ზიანი, რომლის დადგომაც ამ ფორმითა და მოცულობით სავარაუდო იყო მოვალისათვის (412). კომპლექსურ კომერციულ ურთიერთობებში ძალზე გართულებულია სავარაუდო ზიანის წინაწარ განჭვრეტა, რაც სამართლებრივ ურთიერთობებს არაპროგნოზირებადს ხდის. ამდენად, მხარეები შეიძლება დაინტერესებული იყვნენ, წინასწარ განსაზღვრონ, რა შემთხვევებში, რა მოცულობითა და რა ფორმით უნდა ანაზღაურდეს ზიანი. შეთანხმების თავისუფლების შეზღუდვა მიზანშეწონილი არ არის განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ორი აბსოლუტურად თანაბარი საბაზრო მდგომარეობის მხარეს შორის ურთიერთობა და ბრუნვის მონაწილის უსამართლო დათქმებისაგან დაცვის აუცილებლობა არ არსებობს (იხ.: გიორგი რუსიაშვილი/გიორგი ბათლიძე სსკ-ის კომენტარი, მუხ. 410, ველი 1, 2). სსკ-ის 588-ე მუხლი არ შეიცავს პასუხისმგებლობის გამორიცხვის/შეზღუდვის ამკრძალავ დანაწესს.
15. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.3.1 და 16.3 მუხლები ადასტურებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ სსკ-ის 588-ე მუხლით დადგენილისაგან განსახვავებულ წესზე (ტ.1, ს.ფ.21-37), კერძოდ, თუ მოიჯარეს ექნებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის სურვილი, მას არაუგვიანეს ექვსი თვისა უნდა გაეფრთხილებინა მეიჯარე შეწყვეტის შესახებ და უნდა გადაეხადა ექვსი თვის საიჯარო ქირა.
16. მეორე კასატორის/მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ვერ დაეყრდნობა მოცემულ სახელშეკრულებო დათქმას, ვინაიდან მის მიერ არ იქნა დაცული კონკრეტული წინაპირობები (ექვსი თვით ადრე შეტყობინება და ექვსი თვის ქირის გადახდა). შესაბამისად, ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს როგორც ხელშეკრულებით, ისე კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის (იხ.: საკასაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ. 363, 364). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულს, შემდეგ გარემოებათა გამო: 11.05.2016წ. მოიჯარემ მიმართა მეიჯარეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 78). 02.11.2016წ. მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით კი განისაზღვრა, რომ მოიჯარემ დაუბრუნა, ხოლო მეიჯარემ მიიღო ამ აქტში მითითებული ფართები ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად (ტ.1, ს.ფ. 291). რაც შეეხება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის გადასახდელ ექვსი თვის საიჯარო ქირას, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაკმაყოფილებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია დასკვნა მასზე, რომ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 588-ე მუხლის შესაბამისად ახალი მოიჯარისათვის ქონების გადაცემამდე საიჯარო ქირის გადახდის და ქონების გადაცემის შემდეგ საიჯარო ქირის სხვაობის დაკისრების თაობაზე.
17. საკასაციო პალატა ასევე უარყოფს პირველი კასატორის/მოპასუხის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ 02.11.2016წ. ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით იჯარის ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და უსაფუძვლოა მოთხოვნა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო ექვსი თვის საიჯარო ქირის დაკისრების თაობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, 02.11.2016წ. მიღება-ჩაბარების აქტით მეიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად დაუბრუნდა საიჯარო ქონება (ტ.1, ს.ფ.291). აქტი სხვა შინაარსის მატარებელი არ არის. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო მოიჯარეს, რომელსაც გადახდილი ჰქონდა იჯარის საგნის დაბრუნებამდე საიჯარო ქირა, მართებულად დაეკისრა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებით შეთახმებული ოდენობით.
18. სარჩელის საგანს წარმოადგენს ასევე საიჯარო ფართის დაზიანების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება 39686.79 ლარის ოდენობით. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს (სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016). გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მოქმედებით მოსარჩელისათვის 39 686.79 ლარის ოდენობით ზიანის მიყენება. მეორე კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტეზია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოების გასაქარწყლებლად. დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ ამგვარი ფაქტობრივი მოცემულობა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო საკასაციო საჩივრის ავტორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, თითოეულს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ბ-ს-ჯ–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. შპს „რ.ს–ოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება N011, გადახდის თარიღი 09.09.2019წ.) 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
4. შპს „ბ-ს-ჯ–ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადასახადო დავალება 1, გადახდის თარიღი 06.02.2020წ.) 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი