Facebook Twitter

საქმე №ას-62-2020 16 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ ტ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“), მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 10.10.2017წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის მიეწოდებინა 75 528.26 ლარის ღირებულების საქონელი 30 დღის განმავლობაში, 09.11.2017წ. ჩათვლით.

2.2. მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიაწოდა ვადაგადაცილებით, 35 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულებით პირგასატეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქონლის ღირებულების 0,02%-ის ოდენობით. საერთო ჯამში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 4 945.60 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.05.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4945.60 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.2. ამავე კოდექსის 2321-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

3.3. სარჩელი და თანდართული საბუთები გაეგზავნა მოპასუხეს და 23.04.2018წ. ჩაბარდა მოპასუხის გაყიდვების მენეჯერს, მ.ს–ს.

3.4. მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (03.05.2018წ.-ჩათვლით), მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია. მოპასუხეს არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. ამდენად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია.

3.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.02.2019წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 24.05.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები. კერძოდ, მოპასუხეს შეტყობინება გაეგზავნა მის იურიდიულ მისამართზე. საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი კომპანიის მისამართის სისწორე და ნამდვილობა.

4.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს. გზავნილი ჩაიბარა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების გაყიდვების მენეჯერმა საწარმოს მისამართზე, რაც სრულიად საკმარისი საფუძველია გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის. საჩივარი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. პალატამ მიუთითა სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა გზავნილის ჩამბარებელი პირის არაუფლებამოსილების თაობაზე. მოპასუხემ სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ პირი, რომელმაც ჩაიბარა გზავნილი, არ არის ამ ორგანიზაციის თანამშრომელი და წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს.

6.2. მოპასუხის პრეტენზიაზე პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 35 დღის დაგვიანებით მიაწოდა საქონელი, დაკისრებული პირგასამტეხლო 0,02%-ის ოდენობით - 4945.60 ლარი, პალატამ გონივრულად და თანაზომიერად მიიჩნია.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. სარჩელი თანდართულ მასალასთან ერთად ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რომელმაც გზავნილი არ გადასცა მოპასუხის დირექტორს.

7.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოს შესაგებლის წარუდგენლობის გამო პირდაპირ არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

7.3. მოპასუხის მიერ ვალდებულება სრულად არის შესრულებული და დასაფიქრებელია საკითხი, ვადაგადაცილებით რა ზიანი მიადგა მხარეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.03.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.

11. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები გაეგზავნა მოპასუხეს მის იურიდიულ მისამართზე (თბილისი, ……. #73), რომელიც თავად მოპასუხის მიერაა მითითებული მოსარჩელესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში და ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ.18). გზავნილი 23.04.2018წ. ჩაბარდა გაყიდვების მენეჯერს - მ.ს–ს (ტ.1, ს.ფ.55). კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ გზავნილი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ პრეტენზიას სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე დაყრდნობით, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

12. ამდენად, კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (სუსგ Nას-330-2019 19.11.2019წ.; Nას-1289-1309-2011, 14.11.2011წ.). პრეზუმირებულია, რომ საწარმოს იურიდიულ მისამართზე უწყების მიმღები პირი უფლებამოსილია, მიიღოს კორესპონდენცია. თუკი ასეთი უფლებამოსილება სინამდვილეში არ არსებობს, აღნიშნული საწარმოს მენეჯმენეტისა და შიდა ორგანიზაციულ ხარვეზზე მიუთითებს, რაც განხორციელებული საპროცესო მოქმედების სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლის. იგულისხმება, რომ ორგანიზაციამ ისეთი პირობები შექმნა, რომ უწყების ჩამბარებელი სუბიექტი კეთილსინდისიერად ვარაუდობდა გზავნილის მიმღების სათანადო უფლებამოსილების არსებობას (სუსგ. №ას-610-583-2016, 05.10.2016წ.; სუსგ Nას-151-151-2018, 30.07.2018წ.). ამდენად, არ არსებობს კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემული მსჯელობა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

13. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას

15. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უწყება ჩაჰბარდა კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, თუმცა მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია, შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

16. რაც შეეხება სარჩელის იურიდიულ მართებულობას, პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე N121-117-2016). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ. 14.07.2017წ., საქმეზე №ას-2-2-2017). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა"მერიდიანი", თბილისი 2015, გვ. 637).

17. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ. ).

18. მართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სსკ-ის მე-400-ე, 417-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ყოველ დღეზე მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,02%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს ოდენობაზე, პალატა მიუთითებს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ (სუსგ Nას-902-2019 30.09.2019წ.).

20. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა (სსკ-ის 420-ე მუხლი) ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება. პალატის მოსაზრებით, მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არ არსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (სუსგ Nას-1451-1371-2017 13.11.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე მეწარმე სუბიექტისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა.

21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ტ–ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ......) უკან დაუბრუნდეს ლ.ბ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 13.03.2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი