Facebook Twitter

საქმე №ას-209-2020 24 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ–ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის ხელშეკრულების მიწოდების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის, ჯამში - 25 819.46 ლარის ოდენობით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 03.05.2016წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა N149 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხეს უნდა შეესრულებინა ქ. დუშეთში ათი ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 29.07.2016წ., ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 31.12.2016წ..

2.2. მოპასუხის დირექტორმა 09.06.2016წ. განცხადებით მოითხოვა მიწოდების ვადის გაგრძელება და წარადგინა წერილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან უამინდობის შესახებ. მოპასუხეს სამუშაოების მიწოდების ვადა გაუგრძელდა 30.11.2016წ.-მდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 30.01.2017წ..

2.3. მოპასუხემ შეთანხმებულ ვადაში ვერ შეძლო სამუშაოების შესრულება. შპს „მ.ტ.ზ–ბა და ექსპერტიზის“ N32 დასკვნით დგინდება, რომ სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ იქნა რიგი შეუსაბამობები, რაც წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო და ტექნიკური ნორმების დარღვევას. აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, მოსარჩელემ არ ჩაიბარა ხარვეზის მქონე სამუშაოები და მოპასუხეს განესაზღვრა დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

2.4. მოპასუხემ გამოასწორა დასკვნაში მითითებული ხარვეზები, რასაც დასჭირდა გარკვეული პერიოდი, ჯამში 42 დღე. მოპასუხემ წარადგინა შპს „ო.გ“-ის ინსპექტირების ანგარიში, რის საფუძველზეც გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. აქტში სამუშაოების დასრულების ვადად მითითებულია 11.01.2017წ..

2.5. მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის, ჯამში - 25 819.46 ლარის ოდენობით.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არ დაურღვევია ხელშეკრულება. სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, 28.11.2016წ., რაც დასტურდება შპს ,,მ.ტ.ზ–ბა და ექსპერტიზის’’ N32 დასკვნით.

3.2. სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილი იქნა მცირე ხარვეზი, რომელიც პირველად ოფიციალურად აისახა 31.12.2016წ. ტექნიკური ზედამხედველობის დასკვნაში და რომლის გამოსწორებაზეც წერილობითი მოთხოვნა მოპასუხეს ჩაბარდა მხოლოდ 07.01.2017წ.. მოპასუხემ ხარვეზი გამოასწორა ოთხი დღის ვადაში.

3.3. არ არსებობს ზიანი, ვინაიდან გამოვლენილი უმნიშვნელო ხარვეზი მოპასუხემ გამოასწორა დაუყოვნებლივ და საკუთარი ხარჯით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 14.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2 458,99 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 14.11.2018წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

5.2. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 03.05.2016წ. გაფორმდა N149 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ქ. დუშეთში ათი ქუჩის, კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 29.07.2016წ., ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 31.12.2016წ..

5.3. მოპასუხის დირექტორმა 09.06.2016წ. განცხადებით მიმართა მოსარჩელეს, სადაც აღნიშნა, რომ 20.05.2016წ. #11/05-16 წერილში ასახული პრობლემების გარდა რიგი ქუჩების შეკეთებისათვის საჭირო იყო სხვადასხვა საკითხების შეთანხმება. აღნიშნული მიზეზების და ასევე მაისის თვეში უამინდობის გამო, ძირითადი სამუშაოები ფაქტობრივად იყო შეჩერებული, რაც გამოიწვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გრაფიკის დარღვევას. აღნიშნულის გამო ითხოვა მიწოდების ვადის გაგრძელება და წარადგინა წერილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან უამინდობის თაობაზე.

5.4. მხარეთა 24.11.2016წ. შეთანხმებით სამუშაოების მიწოდების ვადად დადგინდა 30.11.2016წ., 30.12.2016წ. შეთანხმებით კი ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 30.01.2017წ..

5.5. 26.11.2016წ. შპს „მ. ტექ.ზედამხედველობის და ექსპერტიზის“ წერილის თანახმად, მოპასუხის მიერ შამანაურის პირველ შესახვევზე სამუშაოები დამთავრებულია, სავალ ნაწილზე ერთ-ერთი საკომუნიკაციო ჭა არ არის სათანადოდ მოყვანილი ნიშნულზე, რაზეც შედგა შესაბამისი შეუსაბამისობის აქტი და არ დადასტურდა სამუშაო ფორმა #2-ში. ....... ქუჩაზე სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები და აზომვითი სამუშაოები. ა/ბეტონი მოეწყო ჰაერის დაბალი ტემპერატურისას, რაც ქმნის ა/ბეტონის არადამაკმაყოფილებელი ტკეპნის საშიშროებას, აღნიშნულის შესახებ მშენებელ კომპანიას ეცნობა სიტყვიერად, თუმცა კონტრაქტორმა საკუთარ თავზე აიღო შესრულების ვალდებულება. 06.12.2016წ. წერილის თანახმად, კომპანიამ ....... ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაასრულა 28.11.2016წ.. გამოვლენილ შენიშვნებზე შედგა შეუსაბამობის აქტი. 31.12.2016წ. შპს „მ. ტ. ზ–ის და ექსპერტიზის“ N 32 დასკვის თანახმად, ქ. დუშეთში, ....... ქუჩა - საცვეთ ფენაზე შეინიშნებოდა ვიზუალური დეფექტი, ზედაპირული ფორიანობა და სატკეპნის ნაკვალვები, რის გამოც არ დადასტურდა წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონი (სისქე 3 სმ) ფართით 86.6მ2 და მოწყობილი წვირლმარცვლოვანი ა/ბეტონი (სისქე 4 სმ) ფართით 96 მ2.

5.6. მოსარჩელის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მ. სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 24.01.2017წ. N96/09 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხემ ხარვეზები აღმოფხვრა 11.01.2017წ. და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 24.01.2017წ. (ტ. 1, ს.ფ. 36).

5.7. მოპასუხემ ხელშეკრულების 5.6. პუნქტის შესაბამისად წარადგინა შპს „ო.გ“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში, რის საფუძველზეც გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც სამუშაოების დასრულების ვადად მითითებულია 11.01.2017წ..

5.8. მოპასუხემ სამუშაოები დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 28.11.2016წ., რაც დასტურდება შპს „მ. ტ.ზ–ბა და ექსპერტიზის“ 31.12.2016წ. N32 დასკვნით, თუმცა ამავე დასკვნით ირკვევა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო გარკვეული ხარვეზით, რაც საჭიროებდა გამოსწორებას. მოპასუხეს გაეგზავნა წერილები სამუშაოთა წარმოებისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, თუმცა მოპასუხე მხარის განმარტებით, წერილობითი მოთხოვნა ჩაბარდა მხოლოდ 07.01.2017წ..

5.9. 26.11.2016წ., 06.12.2016წ., და 16.12.2016წ. დათარიღებული წერილებით შპს ,,მ. ტ. ზ–ბა და ექსპერტიზის’’ დირექტორმა შეატყობინა მოსარჩელეს მოპასუხის მიერ შესრულებულ სამუშაოებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, თუმცა მტკიცებულება, გაეგზავნა თუ არა ამგვარი შეტყობინება თავად მოპასუხეს, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

5.10. 03.05.2016წ. N149 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად: მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მითითებისთანავე დაუყონებლივ უზრუნველყოს სამუშაო მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება საკუთარი ხარჯით.

5.11. 28.11.2016წ. წუნდებით შესრულებული სამუშაოების აქტის თანახმად, შესრულების ნაკლი შეფასდა 2913 ლარით. მოპასუხემ ხარვეზი გამოასწორა და 24.01.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელემ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო. ამავე აქტით ირკვევა, რომ 11.01.2017წ. მდგომარეობით ხარვეზი გამოსწორებული იყო. მოპასუხემ ხელშეკრულების 5.6. პუნქტის შესაბამისად წარადგინა საბოლოო შპს „ო.გ“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში ხელშეკრულებით დადგენილ 50 დღიან ვადაში და აღნიშნული გარემოება სადავოდ მოსარჩელე მხარეს არ გაუხდია.

5.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3, მე-4, 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

5.13. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხარვეზის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ოთხი დღის ვადაში თავისი ხარჯით გამოასწორა ხარვეზი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება და ასევე მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხის მიერ ხარვეზების გამოსწორებას დასჭირდა ჯამში 42 დღე, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

5.14. მოპასუხემ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად და ჯეროვნად, რის გამოც უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. არასწორი და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ მოპასუხეს როგორც ძირითადი ვალდებულების შესრულების, ისე ნაკლის გამოსწორების ვალდებულების შესრულების სახელშეკრულებო ვადები არ დაურღვევია და არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

6.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვრული იყო 28.11.2016წ.. მოპასუხემ მიწოდების ვადაში ჯეროვნად ვერ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება, რაც დადასტურებულია შპს „მ. ტ.ზ–ბა და ექსპერტიზის“ 31.12.2016წ. N32 დასკვნით. აღნიშნული დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ნაწილი იყო ხარვეზიანი და საჭიროებდა გამოსწორებას. ხარვეზის ტექნიკური ხასიათიდან გამომდინარე, გამოსწორების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შესყიდული სამუშაოების შედეგად აღდგენილი ქუჩის სათანადო ექსპლუატაცია. მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხეს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.03.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არაჯეროვნად შეასრულა სამუშაო, სახელშეკრულებო ვალდებულება დარღვეულია, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

11. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ №ას-866-808-2017, 17.10.2017წ.). ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.

12. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015; 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). პალატა მიუთითებს, რომ შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით მისი მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება კრედიტორს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

13. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში ჯეროვნად შეასრულა.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 30.11.2016წ., ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი - 30.01.2017წ. (ტ.1, ს.ფ.20,21). მოპასუხემ სამუშაოები დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 28.11.2016წ., რაც დასტურდება შპს „მ. ტ. ზ–ბა და ექსპერტიზის“ 31.12.2016წ. N32 დასკვნით (ტ.1, ს.ფ.40-45). ამავე დასკვნით ირკვევა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო მცირე ტექნიკური ხარვეზით, რაც საჭიროებდა გამოსწორებას. შესრულების ნაკლი შეფასდა 2 913 ლარით (ტ.1, ს.ფ. 111). მოპასუხეს გაეგზავნა წერილი სამუშაოთა წარმოებისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, რომელიც ჩაბარდა მხოლოდ 07.01.2017წ.. მოპასუხემ დეფექტების გამოსწორების მოთხოვნის მიღებიდან ოთხ დღეში - 11.01.2017წ. დასკვნაში მითითებული ხარვეზი სრულად გამოასწორა (ტ.1, ს.ფ.36). 24.01.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელემ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო (ტ.1, ს.ფ.57).

15. საკასაციო პალატა შესრულებულ სამუშაოებში მცირედი ხარვეზების გამოვლენას მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებად ვერ განიხილავს. მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა მცირედი ხარვეზით, თუმცა, მის მიერ იგი გამოსწორებული იქნა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მხარეთა შორის არსებული N149 ხელშეკრულების პირობების (2.4. პუნქტი) შესაბამისად. მოპასუხეს როგორც ძირითადი ვალდებულების შესრულების, ისე ნაკლის გამოსწორების ვალდებულების შესრულების სახელშეკრულებო ვადები არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

16. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ.: სუსგ Nას-549-521-2015, 18.11.2015წ.).

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი