Facebook Twitter

საქმე №ას-1308-2020 28 იანვარი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ლ–ძე, შ.კ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ.ე.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.08.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.11.2019წ. გადაწყვეტილებით სს „მ.ე.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ.ლ–ძეს და შ.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, ერთად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები” ან „აპელანტები“) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5749.12 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 5229.08 არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 520.04 ლარი - პროცენტი.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.08.2020წ. განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.11.2019წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. სააპელაციო სასამართლოს 17.02.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად. სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 18.08.2020წ. 14:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მხარეები გაფრთხილებულნი იქნენ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, პირველ მოპასუხეს სასამართლო უწყება ჩაბარდა 08.08.2020წ., ხოლო მეორე მოპასუხის წარმომადგენელს, კ.ს–ას - 05.08.2020წ..

3.2. 18.08.2020წ. 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადდნენ. ამავე დღეს წარმომადგენელ კ.ს–ას მიერ სასამართლოსთვის გადაგზავნილ იქნა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ აპელანტები ვერ ცხადებოდნენ სასამართლო სხდომაზე გარკვეული საპატიო მიზეზის გამო და ვერც თავად ახერხებდა პროცესზე დასწრებას.

3.3. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

3.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

3.5. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

3.6. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

3.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, არამედ - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. აპელანტების გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა დადასტურებული არ იყო. წარმომადგენლი განცხადება არ შეიცავდა კონკრეტულ მითითებას, თუ რა საპატიო მიზეზით ვერ ცხადდებოდნენ აპელანტები სხდომაზე, განცხადებას არ ერთვოდა რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. საქმე განიხილა სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ. საქმე არ არის მაგისტრატის განსჯადი და ამის მიუხედავად, მოსამართლემ იგი განიხილა ერთპიროვნულად.

4.2. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება პროცესუალურად არასწორია. სასამართლოს მიერ მითითებული სსსკ-ის 372-ე, 387-ე და 229-ე მუხლები შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილებას. სასამართლოს აერია დავაში მონაწილე მხარეთა სტატუსი. სარჩელის განუხილველად დატოვებას სსსკ-ის 275-ე მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ, როდესაც არ ცხადდება მოსარჩელე. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტები წარმოადგენენ არა მოსარჩელეებს, არამედ - მოპასუხეებს. თუკი აპელაციის სტადიაზე არ ცხადდება მოსარჩელე, სასამართლოს შეუძლია სარჩელი და არა სააპელაციო საჩივარი დატოვოს განუხილველად.

4.3. სხდომის გადადების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ აპელანტებს ჰქონდათ დავის გაგრძელების ინტერესი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობა.

8. უსაფუძვლოა კერძო საჩივარში მოცემული მსჯელობა მასზე, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეეძლო ერთპიროვნულად მიეღო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს. სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს 3 მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე, აგრეთვე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ. წინამდებარე დავა ქონებრივ-სამართლებრივია და მისი ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილი იყო ერთპიროვნულად ემსჯელა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხზე.

9. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

10. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას.

11. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ. Nას-1668-2019, 28.02.2020წ.; Nას-1380-2019 , 24.12.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივარში მოცემული მსჯელობა, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო სხდომაზე მოპასუხეების გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

13. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

15. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აპელანტებს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდათ სასამართლო უწყება 18.08.2020წ. 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ (იხ.: შეტყობინებები გზავნილის ჩაბარების თაობაზე, ს.ფ. 272, 273; რწმუნებულება, ს.ფ.78).

16. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 18.08.2020წ. სასამართლოში წარდგენილი იქნა მეორე მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ აპელანტები ვერ ცხადებოდნენ სასამართლო სხდომაზე გარკვეული საპატიო მიზეზის გამო და ვერც თავად ახერხებდა პროცესზე დასწრებას (ს.ფ. 280). განცხადება არ შეიცავს მსჯელობას კონკრეტულად რა მიზეზის გამო ვერ ცხადდებოდნენ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები და წარმომადგენელი. ამგვარ საპატიო მიზეზზე მითითებას არ შეიცავს არც წარმოდგენილი კერძო საჩივარი.

17. პალატა მიუთითებს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ Nას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).

18. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

19. რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლო სხდომაზე აპელანტების ან/ წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებდა, მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს მათ მიერ მითითებული გარემოების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლნენ, რაც არასაკმარისია სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძველი.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.კ–ის და ბ.ლ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.08.2020წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე