საქმე №ას-1308-2020 28 იანვარი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორები - შ.კ–ი, ბ.ლ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ.ე.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.08.2020წ. განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ
საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის განუხილველად დატოვება
პალატამ გამოარკვია:
1. შ.კ–მა და ბ.ლ–ძემ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (ს.ფ.245-247).
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.08.2020წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.281-286).
3. 02.09.2020წ. განმცხადებლებმა/საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის შესახებ 18.08.2020წ. განჩინების გაუქმება (ს.ფ. 300-302).
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.09.2020წ. განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი დასაბუთებული საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის თაობაზე (ს.ფ.308-311).
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2020წ. განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განჩინება ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ საჩივრის ავტორებს ჩაბარდათ განჩინება საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, თუმცა დაწესებული ხარვეზი მათ არ შეუვსიათ (იხ.: ს.ფ. 316-321).
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მართებულად მიიჩნია დაუშვებლად. როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2020წ. განჩინებაში არის აღნიშნული და საქმის მასალებითაც დასტურდება, საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი შ.კ–ის წარმომადგენლის - კ.ს–ას ოჯახის სრულწლოვან წევრს ჩაბარდა 18.09.2020წ. (იხ.: მინდობილობა, ს.ფ.78; შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, ს.ფ.314), ხოლო ბ.ლ–ძის ოჯახის სრულწლოვან წევრს ჩაბარდა 19.09.2020წ. (იხ.: შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, ს.ფ.315).
8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. შესაბამისად, საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ითვლება საჩივრის ავტორებზე ჩაბარებულად.
9. საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე განცხადებით მიუმართავთ სასამართლოსთვის. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.
10. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში და თუ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია წარდგენილი საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას (სუსგ №ას-253-2020 ,17.06.2020). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, პალატა განმარტავს, რომ რადგან სააპელაციო სასამართლოს 12.10.2020წ. განჩინებით საჩივარი დაუშვებლობის საფუძვლით გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს, იგი წინამდებარე საჩივრის ფარგლებში ამოწმებს მხოლოდ ერთ საკითხს, რამდენად სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ მისი დაუშვებლობის წინაპირობა - დაწესებული ხარვეზის შეუვსებლობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აფასებს არც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.08.2020წ. განჩინების კანონიერებას, არც ამ განჩინების გაუქმების მოთხოვნის დასაბუთებულობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ლ–ძისა და შ.კ–ის საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.08.2020წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე