Facebook Twitter

საქმე №ას-279-2020 18 იანვარი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე:

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადება-შუამდგომლობის ავტორი – გ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,R. G.“, სს ,,R. c.“ (მოპასუხეები)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით გ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, განცხადება-შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი შპს ,,R. G.-ისა“, და სს ,,R. c.-ის“ წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

6. კასატორმა, 2020 წლის 6 ნოემბერს განცხადება-შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქმის გარემოებებზე მითითებით განცხადება-შუამდგომლობის გათვალისწინებით სასამართლოში როგორც, დაზარალებულმა, ზიანის ანაზღაურების მიზნით საქმის წარმოების გაგრძელება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით განცხადება-შუამდგომლობის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული განცხადება, სადაც გარკვევით მიუთითებდა: მოითხოვდა თუ არა საქმის წარმოების განახლებას და რა საფუძვლით. საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარე ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება და საქმის წარმოების განახლების საფუძვლის გათვალისწინებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრა 300 ლარით, ხოლო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში - 50 ლარით;

8. განჩინებით დადგენილ ვადაში განმცხადებელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თუმცა, არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტები, რომლებიც არსებითი ხასიათისაა, აგრეთვე არ დაუზუსტებია მოთხოვნა და არ გადაუხდია მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი დოკუმენტების, განცხადება-შუამდგომლობისა და მხარის მითითებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება-შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მოცემულ შემთხვევაში, მხარე საქმის წარმოების განახლების საპროცესო საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა)გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;

ბ)მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;

გ)მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;

დ)მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;

ე)მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.

11. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული საქმის წარმოების განახლების შესახებ ფაქტობრივი საფუძვლები ფორმალური თვალსაზრისითაც კი არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფუძველს, რაც განცხადების დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ განცხადებელი, კონკრეტულად, რომელიმე გადაწყვეტილების ან განჩინების გაუქმებას არ ითხოვს, არამედ, ზოგადად, მისთვის არასასურველი შედეგით საქმის დასრულებაზე გამოთქვამს პრეტენზიებს და არსებითად, საკასაციო საჩივარში, ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ და შეფასებულ გარემოებებზე უთითებს.

12. საკასაციო სასამართლო, დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით რეგულირებული საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, იგი წარმოადგენს საგამონაკლისო წარმოებას, როდესაც კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტის კანონიერების შემოწმება. ასეთ დროს სასამართლოს როლი განახლების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასებაში გაცილებით ფართოა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით (სსსკ მე-4 და 83-ე მუხლები).

13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისათვის, რათა სასამართლომ განიხილოს განცხადების არსებითი საფუძვლიანობა, მომზადების ეტაპზე, ასევე, უნდა გაირკვეს განსჯადობის წესის თაობაზე მითითების კანონშესაბამისობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

14. განსახილველ შემთხვევაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, განმცხადებლის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, ხოლო დასახელებულ განჩინებაზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს არსებითად არ გადაუწყვეტია საქმე, ხოლო, განცხადების ავტორს არ დაუზუსტებია მოთხოვნა, საკასაციო სასამართლო ვერ იქნებოდა განსჯადი საკითხის გადაწყვეტაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.მ–ის განცხადება-შუამდგომლობა დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე