Facebook Twitter

საქმე №ას-1181-2020 28 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ. ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. ნ.შ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის'' (შემდეგში - მოპასუხე ამ მოპასუხე კომპანია ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 23 მაისს მოპასუხე კომპანიასთან გაფორმდა NVMI-B-0374/18 დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დანართი N1-ში და მზღვეველის მიერ გაცემულ სადაზღვევო ბარათში მითითებული სადაზღვევო მომსახურება. ხელშეკრულება გაფორმებული იყო კომპანიის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის თაობაზე. მოსარჩელე წარმოადგენს დაზღვეულს GPIH-კლასიკი სადაზღვევო ბარათით. 2019 წლის 28-30 იანვარს და 18-19 თებერვალს მას ორჯერ გაეწია ჰოსპიტალური მომსახურება თურქეთის რესპუბლიკაში, LIV ჰოსპიტალში“. ორივე მომსახურებისათვის (ჰოსპიტალური) მოსარჩელემ ჯამში გადაიხადა 15 256.43 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა ამბულატორიულ მომსახურებას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრა სადაზღვევო თანხის - 20 000 ლარის ანაზღაურებაზე.

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სამედიცინო მომსახურების მიღებისას თითოეულ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება არ აღემატება ერთ საწოლდღეს, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია ხელშემკვრელ მხარეთა მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეგულაციებთან, კერძოდ, ხელშეკრულების მიზნებისათვის ამბულატორიული მომსახურება განმარტებულია, როგორც მომსახურება, რა დროსაც, სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება შეადგენს ერთ საწოლდღეს ან ნაკლები დროის განმავლობაში, ხოლო დაზღვეულს ამოწურული აქვს შესაბამისი ლიმიტი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 20 000 ლარის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე კომპანიამ, რომელმაც სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7. 2018 წლის 23 მაისს მოპასუხე კომპანიასთან გაფორმდა NVMI-B-0374/18 დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დანართი N1-ში და მზღვეველის მიერ გაცემულ სადაზღვევო ბარათში მითითებული სადაზღვევო მომსახურება. ხელშეკრულება გაფორმებული იყო კომპანიის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის თაობაზე.

8. დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს შპს ,,ს.ც.კ.კ–ის“ გენერალურ დირექტორს და ასევე დაზღვეულს GPIH-კლასიკი სადაზღვევო ბარათით.

9. დადგენილია, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ის 1.6 პუნქტის თანახმად, ჰოსპიტალური მომსახურებაა მკურნალობა, რომლის დროსაც, ჰოსპიტალში დაყოვნება აღემატება ერთ საწოლდღეს. დანართი N1-ს 1.6.3. პუნქტის თანახმად, გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება - ითვალისწინებს შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისას ექიმის მიერ დანიშნული ჰოსპიტალური (მედიკამენტები, დიაგნოსტიკური მანიპულაციები, თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა, სტანდარტული პალატის ხარჯები) მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, ბარათის შესაბამისად. 1.6.5. პუნქტის თანახმად, ონკოქირურგიული ჰოსპიტალური მომსახურება- ითვალისწინებს შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისა ექიმის მიერ დანიშნული ონკოქირურგიული ჰოსპიტალური მედიკამენტების, დიაგნოსტიკური მანიპულაციების, ქირურგიული მკურნალობის, სტანდარტული და/ან რეანიმაციული პალატის ხარჯების მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, ბარათის შესაბამისად. დანართი N1-ის 1.7. პუნქტით ამბულატორიული მომსახურებაა (სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების ერთი საწოლდღე და ნაკლებად): 1.7.1. პუნქტის თანახმად, გეგმიური ამბულატორიული მომსახურება - ითვალისწინებს სამედიცინო ჩვენებისას სპეციალისტის კონსუტაციის, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების, ამბულატორიული მანიპულაციების, ქირურგიული მკურნალობის სამედიცინო ხარჯების ღირებულების ანაზღაურებას, ბარათის შესაბამისად. ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ის 2.5.1. პუნქტის თანახმად, გეგმიური ჰოსპიტალიზაციის შესახებ დაზღვეულმა სრულყოფილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მზღვეველთან ჰოსპიტალიზაციის თარიღამდე მინიმუმ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე; იმ შემთხვევაში, თუ გეგმიური ჰოსპიტალიზაცია წინასწარ არ არის შეთანხმებული მზღვეველთან და წინასწარ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია მომსახურება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება. კომპანიის კონტრაქტორ კლინიკაში მომსახურების მისაღებად მზღვეველი გასცემს საგარანტიო წერილს, რის საფუძველზეც დაზღვეული თავისუფლდება შესაბამის მომსახურებაში სადაზღვევო პირობით გათვალისწინებული თანხის მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი წილის გადასახადისაგან, საგარანტიო წერილის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციაა: მომსახურების დეტალური განფასება/კალკულაცია და ფორმა N100. კომპანიის არაკონტრაქტორ კლინიკაში მიმართვისას დაზღვეული იხდის მომსახურების თანხას სრულად და შემდეგ ანაზღაურების მისაღებად მიმართავს სადაზღვევო ანაზღაურების ჯგუფს მომსახურების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. ანაზღაურებისთვის საჭირო დოკუმენტაცია: სადაზღვევო ბარათი; პირადობის მოწმობა; მომსახურე დაწესებულების ექიმის ბეჭდითა და ხელმოწერით დადასტურებული ფორმა N100 (მიღებული მომსახურება დეტალური აღწერით), მომსახურების დეტალური განფასება/კალკულაცია, გადახდის დამადასტურებელი სალაროს ქვითარი.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის არასრულყოფილებაზე, ან მოსარჩელის მიერ მათ ვადაში წარუდგენლობასთან დაკავშირებით შედავება არ განუხორციელებია (სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ.3).

11. ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ის 2.12. პუნქტის თანახმად, საზღვარგარეთ მკურნალობა - საზღვარგარეთ გეგმიური, მათ შორის, კარდიოქირურგიული/ონკოქირურგიული, ჰოსპიტალური მომსახურებისა და გეგმიური ამბულატორიული მკურნალობის საჭიროებისას მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრა ხდება შემდეგი მეთოდით: 2.12.1. გეგმიური, მათ შორის, კარდიოქირურგიული/ონკოქირურგიული ჰოსპიტალური მომსახურება: თუკი სათანადო მკურნალობა საქართველოში ვერ ტარდება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო, ანაზღაურდება საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები არაუმეტეს გეგმიური ჰოსპიტალური ან კარდიოქირურგია/ონკოქირურგიის ლიმიტის 50%-ის ოდენობით, სადაზღვევო ბარათით დადგენილი ლიმიტისა და თანაგადახდის გათვალისწინებით. თუკი სათანადო მკურნალობა საქართველოში ტარდება, მაგრამ დაზღვეულს მაინც აქვს სურვილი მიიღოს მომსახურება საზღვარგარეთ, მკურნალობის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოში არსებული იმავე მომსახურების საშუალო ფასების მიხედვით - ბარათით დადგენილი ლიმიტისა და თანაგადახდის გათვალისწინებით. დანართის 2.12.2. პუნქტით, საზღვარგარეთ გეგმიური ამბულატორიული/გეგმიური ჰოსპიტალური (მათ შორის, კარდიოქირურგია/ონკოქირურგია) მომსახურების მიღების შემთხვევაში დაზღვეული შესაბამისი მომსახურების თანხას იხდის სრულად, საქართველოში ჩამოსვლისას მას აუნაზღაურდება ღირებულება წერილობითი განცხადების, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის (სამედიცინო სერთიფიკატების ორიგინალები, სადაც მითითებული იქნება დაზღვეულის გვარი, სახელი, დიაგნოზი, გაწეული სამედიცინო დახმარება, მკურნალობა და ა.შ.).

12. დადგენილია, რომ მოსარჩელე სარგებლობდა GPIH-კლასიკი სადაზღვევო ბარათით, რომლის თანახმადაც მომსახურების დაფარვა ხდება 100%-ით, ხოლო გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ლიმიტი არის - 20 000 ლარი.

13. სადაზღვევო ბარათის თანახმად, მოსარჩელეს გეგმიური ამბულატორიული მომსახურებაც უნაზღაურდებოდა 100%-ით, ხოლო ლიმიტი შეადგენდა 3500 ლარს.

14. შპს ,,ლ.ჰ–ის“ მიერ 2019 წლის 19 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ნ.შ–ძე შევიდა ზოგადი ქირურგიის ამბულატორიულ განყოფილებაში 2019 წლის 28 იანვარს, მარცხენა სარძევე ჯირკვალში კვანძის არსებობის ჩივილით, რომელიც აღმოაჩნდა 2 კვირის წინ სარძევე ჯირკვლის გამოკვლევისას და ეჭვი მიტანილ იქნა კიბოზე. 2019 წლის 29 იანვარს მას ჩაუტარდა ოპერაცია მარცხენა სარძევე ჯირკვალზე მიმმართველი მავთულის გამოყენებით, ულტრაბგერითი გამოკვლევით და ღია ქირურგიული ბიოფსიით (სეგმენტური მასტექტომიით). პაციენტი გამოეწერა 2019 წლის 30 იანვარს. მისი პათოლოგიური შედეგებით დადგინდა მარცხენა სარძევე ჯირკვლის კიბო. სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, იღლიის ფოსოს ლიმფური კვანძების გამოკვლევის მიზნით დაიგეგმა მეორე ოპერაცია. მოსარჩელე დაწვენილ იქნა ჰოსპიტალში 2019 წლის 18 თებერვალს, ამოეჭრა მარცხენა იღლიის ფოსოს სასიგნალო ლიმფური კვანძი. გაწერილია 2019 წლის 19 თებერვალს. ცნობის მიხედვით, პაციენტის ორივე ჰოსპიტალიზაციის პერიოდებში მისი ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობები იყო - 24 საათზე მეტი.

15. საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაციის მიხედვით დადგენილი იქნა, რომ 2019 წლის 28-30 იანვარს მოსარჩელეს გაეწია მომსახურება, რაზედაც კლინიკის მიერ გაცემულია სამედიცინო ხარჯების დეტალური ინფორმაცია და გადახდილია მოსარჩელის მიერ - 7671.9 აშშ დოლარი.

16. 2019 წლის 18-19 თებერვალს მოსარჩელეს გაეწია მომსახურება, რაზედაც კლინიკის მიერ გაცემულია სამედიცინო ხარჯების დეტალური ინფორმაცია და გადახდილია მოსარჩელის მიერ - 7584.53 აშშ დოლარი. ორივე ჰოსპიტალური მომსახურებისათვის მოსარჩელეს მიერ საერთო ჯამში გადახდილია - 15 256.43 აშშ დოლარი.

17. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.

18. დადგენილია, რომ 2019 წლის 12 მარტს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით, რაზედაც 2019 წლის 29 მარტის წერილით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

19. მოპასუხის წერილში აღნიშნულია, რომ მოპასუხე კომპანიასა და შპს ,,ს.ც.კ.კ–ას“ შორის არსებული კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების 1.7 პუნქტის თანახმად, ამბულატორიული მომსახურება გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნებას ერთი საწოლდღე და ნაკლებად. მოპასუხის განმარტებით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად დგინდება, რომ მომსახურე სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელის დაყოვნება მოხდა ერთი საწოლი/დღით.

20. ამდენად, მომსახურების ანაზღაურება განხილულ იქნა გეგმიური ამბულატორიული ლიმიტისა და დაფარვის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მომსახურების ჰოსპიტალური პუნქტით განხილვის თაობაზე.

21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგანს წარმოადგენს სადაზღვევო თანხის ანაზღაურება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 799-ე მუხლიდან (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია)).

22. სსკ-ის 8431 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით).

23. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (და არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.

24. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.

25. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს შპს ,,ს.ც.კ.კ–ის“ გენერალურ დირექტორს - მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება.

26. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მითითებულია ამ განჩინების პპ:7, 14. სააპელაციო სასამართლომ სამედიცინო ხარჯის დოკუმენტაციის მიხედვით ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 28-30 იანვარს, მოსარჩელეს გაეწია სამედიცინო მომსახურება, რაზედაც კლინიკის მიერ გაცემულია სამედიცინო ხარჯების დეტალური ინფორმაცია და გადახდილია მოსარჩელის მიერ - 7671.9 აშშ დოლარი. 2019 წლის 18-19 თებერვალს მოსარჩელეს გაეწია მომსახურება, რაზედაც კლინიკის მიერ გაცემულია სამედიცინო ხარჯების დეტალური ინფორმაცია და გადახდილია მოსარჩელის მიერ - 7584.53 აშშ დოლარი. ორივე ჰოსპიტალური მომსახურებისათვის მოსარჩელეს მიერ საერთო ჯამში გადახდილია - 15 256.43 აშშ დოლარი. მოსარჩელეს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება და მისი სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება აღემატებოდა ერთ საწოლდღეს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 2.11. პუნქტის თანახმად სადაზღვევო ხელშეკრულება ძალაშია მინიმუმ ერთი წელი. სადაზღვევო შემთხვევა დადგა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.

27. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაცია ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ სამედიცინო მომსახურების მიღებისას თითოეულ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება არ აღემატებოდა ერთ საწოლდღეს. სამედიცინო მომსახურების გამიჯვნა თითოეულ შემთხვევაში დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნებასთან და ათვლა ხორციელდება საწოლდღეებით და არა საათობრივად. საწოლდღეების გაანგარიშება არ ხდება დღე-ღამის 24 საათიანი პერიოდით, მისი გაანგარიშება დადგენილია სახელმწიფო პროგრამით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს.

28. მოცემულ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების დანართი N1-ის 1.6. პუნქტის თანახმად, ჰოსპიტალური მომსახურება ეს არის მკურნალობა, რომლის დროსაც, ჰოსპიტალში დაყოვნება აღმატება ერთ საწოლდღეს, ხოლო 1.7 პუნქტის თანახმად, ამბულატორიული მომსახურება არის, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება ერთი საწოლდღე და ნაკლებია.

29. დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით არ განუსაზღვრავთ საწოლდღის საათობრივი ოდენობა, არც სხვაგვარად მომხდარა მისი გაანგარიშება საკანონმდებლო მოწესრიგებისგან განსახვავებულად, შესაბამისად ივარაუდება, რომ განსახილველ სადაზღვევო ურთიერთობაზე ვრცელდება 8431-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი.

30. პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 799-ე მუხლის ელემენტები შემდეგია: მხარეთა შორის უნდა არსებობდეს დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია სადაზღვევო რისკი და ამ რისკის ანაზღაურების წესი, ამ ხელშეკრულების ფარგლებში დამზღვევი მოვალეა, აანაზღაუროს სადაზღვევო პრემია, ხოლო მზღვეველი, სადაზღვევო რისკის დადგომის შემთხვევაში, აანაზღაუროს ზიანი, მოხმობილი ნორმის ელემენტებიდან გამომდინარე კი, მხარე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს ნორმის ფაქტობრივი წინაპიროები (მითითების ტვირთი), იმის მიხედვით კი, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე შესაგებლით, განისაზღვრება მტკიცების საგანი და მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი.

31. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებებები, კერძოდ, მტკიცებულება, იმის თაობაზე, რომ ორივე შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება აღმატება ერთ საწოლდღეს, ხოლო მოპასუხის/აპელანტის მიერ აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები, არ იქნა წარმოდგენილი. ამდენად, სახეზეა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევა - დაზღვეულის მიერ გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების მიღება, რაც დაზღვეულს მოსარჩელეს უფლებამოსილებას ანიჭებს მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება, ხოლო მზღვეველს ზიანის ანაზღაურებას ავალდებულებს.

32. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ ფინანსური დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, სამედიცინო დაწესებულებისაგან მოთხოვნა (ინვოისი) და გადახდა განხორციელებულია განცალკავებულად. სამედიცინო მომსახურების მიღებისას თითოეულ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება არ აღემატებოდა ერთ საწოლდღეს. აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შპს ,,ლ.ჰ–ის“ მიერ 2019 წლის 19 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, რომ პაციენტის ორივე ჰოსპიტალიზაციის პერიოდებში მისი ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობები იყო - 24 საათზე მეტი და თითოეულ შემთხვევაში, აღემატებოდა ერთ საწოლდღეს, სწორედ აღნიშნულის გამო, განხორციელდა გადახდა ცალ-ცალკე თითოეული მომსახურებისთვის.

33. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება და მისი სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების ხანგრძლივობა არ იყო ერთი საწოლ დღეზე ნაკლები.

34. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 8431-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მზღვეველს მოსთხოვოს მკურნალობის ხარჯები, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, ვალდებულია დაზღვევის ხელშეკრულების პირობებისა და მის მიერ წინასწარ გაცემული თანხმობის შესაბამისად, აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები.

35. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ მოთხოვნის მოცულობა არასწორად განსაზღვრა, პალატამ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ის 2.12. პუნქტის თანახმად, საზღვარგარეთ მკურნალობა - საზღვარგარეთ გეგმიური, მათ შორის, კარდიოქირურგიული/ონკოქირურგიული, ჰოსპიტალური მომსახურებისა და გეგმიური ამბულატორიული მკურნალობის საჭიროებისას მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრა ხდება შემდეგი მეთოდით: 2.12.1. გეგმიური, მათ შორის, კარდიოქირურგიული/ონკოქირურგიული ჰოსპიტალური მომსახურება: თუკი სათანადო მკურნალობა საქართველოში ვერ ტარდება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო, ანაზღაურდება საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები არაუმეტეს გეგმიური ჰოსპიტალური ან კარდიოქირურგია/ონკოქირურგიის ლიმიტის 50%-ის ოდენობით, სადაზღვევო ბარათით დადგენილი ლიმიტისა და თანაგადახდის გათვალისწინებით. თუკი, სათანადო მკურნალობა საქართველოში ტარდება, მაგრამ დაზღვეულს მაინც აქვს სურვილი მიიღოს მომსახურება საზღვარგარეთ, მკურნალობის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოში არსებული იმავე მომსახურების საშუალო ფასების მიხედვით - ბარათით დადგენილი ლიმიტისა და თანაგადახდის გათვალისწინებით.

36. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტის შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის მოცულობას მიიჩნევს სადაოდ, თუმცა, ამ გარემოებას მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე აფუძნებს, მას აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი სამართლის ნორმის (პოზიტიური თუ ნეგატიური) წინაპირობები (დისპოზიცია). მოპასუხის შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების უარყოფას. ამასთან, საუბარია ისეთ განმარტებებსა და გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს აზრით მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. ამასთან, მოპასუხის შედავება შეიძლება იყოს დასაშვები ან დაუშვებელი. დაუშვებელია შედავება, როდესაც იგი აბსტრაქტული ან ზოგადია (დაუზუსტებელი), ანუ, როდესაც მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ასეთ შემთხვევებში, სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ შედავებას. ზოგადი და აბსტრაქტული შედავების დაუშვებლობა გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებებიდან: თუ დაშვებული იქნებოდა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება, მოსარჩელეს არ ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევს მას მისივე მითითებული გარემოებებიდან. აღნიშნული კი მას, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასათანადოდ ჩააყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ამით ხელი შეეშლება მის მიერ სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მტკიცების ტვირთის (რომელიც პროცესში მომეტებულად მოსარჩელეს აკისრია) განხორციელებას. იმის დადგენა და გამოვლენა, თუ რომელი გარემოებაა სადავო, ანუ რომელი ფაქტის დამტკიცება უწევს მოსარჩელეს, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შედავების) სათანადოდ დაზუსტების/დაკონკრეტების შემდეგ. ამრიგად, დაუშვებელია მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული შედავება და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება). შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები. (სუსგ ას-559-2019). იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს, მართალია, არ აქვს საკუთარი წარმოდგენა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე, მაგრამ შეუძლია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოიპოვოს იგი, ბუნებრივია, შედავება უნდა იყოს სათანადოდ არსებითი და არა ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის მატარებელი.

37. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება თუ რას შეადგენდა მკურნალობის ხარჯების ოდენობა საქართველოში და ამასთან, თუ ტარდებოდა მსგავსი სახის მკურნალობა საქართველოში, რაც გაეწია მოსარჩელეს. შესაბამისად, აპელანტმა ვერ შეძლო სამართლებრივად წონადი მტკიცებულებების წარდგენით ფაქტობრივი გარემოებების ეფექტიანი რეალიზება.

38. გარდა ზემოაღნიშნულისა პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების დანართი N1-ს 1.6.3. პუნქტის თანახმად, გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება - ითვალისწინებს შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისას ექიმის მიერ დანიშნული ჰოსპიტალური (მედიკამენტები, დიაგნოსტიკური მანიპულაციები, თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა, სტანდარტული პალატის ხარჯები) მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, ბარათის შესაბამისად. 1.6.5. პუნქტის თანახმად, ონკოქირურგიული ჰოსპიტალური მომსახურება- ითვალისწინებს შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისა ექიმის მიერ დანიშნული ონკოქირურგიული ჰოსპიტალური მედიკამენტების, დიაგნოსტიკური მანიპულაციების, ქირურგიული მკურნალობის, სტანდარტული და/ან რეანიმაციული პალატის ხარჯების მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, ბარათის შესაბამისად. დადგენილია, რომ მოსარჩელე სარგებლობდა GPIH-კლასიკი სადაზღვევო ბარათით, რომლის თანახმადაც მომსახურების დაფარვა ხდება 100%-ით, ხოლო გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების მათ შორის საზღვარგარეთ, ლიმიტი არის - 20 000 ლარი, სადაზღვევო ბარათის 5.1.8. და 5.1.9. პუნქტების თანახმად.

39. სსკ-ის 799-ე მუხლის მეორე წინადადების თანახმად მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი საშუალებას აძლევს მხარეებს, ზიანის ოდენობისგან დამოუკიდებლად განსაზღვრონ ანაზღაურების ოდენობა. ასეთ შემთხვევებში შეიძლება, რომ ანაზღაურება აღემატებოდეს კიდეც ზიანის ოდენობას. სადაზღვევო თანხა თავის თავად წინასწარ დადგენილ თანხას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ხდება დაზღვევა. მყარად დადგენილი თანხის ქვეშ კანონმდებელი მყარად დადგენილ სადაზღვევო ანაზღაურებას გულისხმობს, როგორც გამონაკლისს ანაზღაურების ზოგადი პრინციპიდან. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორედ იქნა განსაზღვრული მოთხოვნის მოცულობა, რაც მყარად დადგენილ სადაზღვევო ანაზღაურებას - 20 000 ლარს შეადგენს.

40. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ (აპელანტი) შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

41. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი და 8431 მუხლი და არ გამოიყენა სსკ-ის 319-ე მუხლი. კასატორის მოსაზრებით მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მხოლოდ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ერთმნიშვნელოვნად იყო შეთანხმებული ხელშეკრულების პირობები.

42. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მომსახურების მიღებისას, თითოეულ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება არ აღემატებოდა ერთ საწოლდღეს, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეგულაციებთან. კასატორი მიუთითებს იმაზე, თუ რას გულისხმობს ჰოსპიტალური და აბულატორული მომსახურება. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით (ფინანსური დოკუმენტაცია) დასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება არ აღემატებოდა ერთ საწოლდღეს. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაადგინა უწყვეტად 2019 წლის 28-30 იანვარს და 18-19 თებერვალს სამედიცინო მომსახურების მიღების ფაქტი, თუმცა გვერდი აუარა იმაზე მსჯელობას, რომ გადახდა განხორციელებულია განცალკევებულად.

43. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებითაც, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დასაკმაყოფილებული მოთხოვნის მოცულობა. კასატორი აღნიშნავს, რომ ანაზღაურების პირობები მოცემულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ქმედებაში, ხოლო ამავე პირობების 2.12 პუნქტის 2.12.1-2.12.2 ქვეპუნქტებში მოცემულია საზღვარგარეთ მკურნალობის ანაზღაურების პირობები, მათ შორის, ანაზღაურების ზღვრული ოდენობის ანაზღაურების წესი, რა დროსაც, თუკი სათანადო მკურნალობა საქართველოში ვერ ტარდება, მატერიალური ბაზის არარსებობის გამო, ანაზღაურდება საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები, არაუმეტეს, გეგმიური ჰოსპიტალური ან კადიოქირურგია/ონკოქირურგიის ლიმიტის 50%-ის ოდენობით, სადაზღვევო ლიმიტისა და თანაგადახდის გათვალისწინებით, ასევე კასატორი მიუთითებს იმ შემთხვევებსა და პირობებზე, როდესაც სათანადო მკურნალობა საქართველოში ტარდება, მაგრამ დაზღვეულს მაინც აქვს სურვილი მიიღოს მომსახურება საზღვარგარეთ.

სამოტივაციო ნაწილი:

44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

45. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებათა საფუძვლიანობა.

47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

48. ვიდრე დადგენილი გარემოებების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებას შეუდგებოდეს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე:

49. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.

50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პალატა შეზღუდულია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპის დასრულების დროისათვის წარდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების კვლევით.

51. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი). სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას _ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

52. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს. ასეთი მიდგომის საფუძველია სსსკ-ის 102-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი, რომელშიც თავმოყრილია მხარეთა საპროცესო ვალდებულებები, მათ შორის, მოპასუხის უფლება გააქარწყლოს მოსარჩელის მოთხოვნები. ცხადია, მოპასუხისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებისთვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. სასამართლო მტკიცებაში, მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების იმგვარი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა/არარსებობის დასადგენად. საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, დასაბუთებული პოზიციის არსებობამ შესაძლებელია მხარე მიიყვანოს იურიდიულად დაუსაბუთებელ შედეგებამდე, რაც მოსარჩელისათვის მდგომარეობს სარჩელის უარყოფაში, ხოლო მოპასუხისთვის - მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. (იხ., ი. გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედ: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020წ. გვ.168, 169, 214-215, 221, 231).

53. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ კერძო ხასიათის დავათა განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ; №ას-495-2020, 23 ოქტომბერი, 2020).

54. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი (მოთხოვნა მოწესრიგებული სსკ-ის 799-ე და 8431 მუხლებით).

55. დადგენილია და კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია იმ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, რომელიც მითითებულია ამ განჩინების პპ: 7-14-ში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ისიც, რომ 2019 წლის 28-30 იანვარს, მოსარჩელეს გაეწია სამედიცინო მომსახურება, რაზედაც კლინიკის მიერ გაცემულია სამედიცინო ხარჯების დეტალური ინფორმაცია და გადახდილია მოსარჩელის მიერ - 7671.9 აშშ დოლარი. 2019 წლის 18-19 თებერვალს მოსარჩელეს გაეწია მომსახურება, რაზედაც კლინიკის მიერ გაცემულია სამედიცინო ხარჯების დეტალური ინფორმაცია და გადახდილია მოსარჩელის მიერ - 7584.53 აშშ დოლარი. ორივე ჰოსპიტალური მომსახურებისათვის მოსარჩელეს მიერ საერთო ჯამში გადახდილია - 15 256.43 აშშ დოლარი. მოსარჩელეს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება და მისი სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება აღემატებოდა ერთ საწოლდღეს. დადგენილია, რომ 2019 წლის 12 მარტს, მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით, რაზედაც 2019 წლის 29 მარტის წერილით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წერილში აღნიშნულია, რომ მოპასუხე კომპანიასა და შპს ,,ს.ც.კ.კ–ას“ შორის არსებული კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების 1.7 პუნქტის თანახმად, ამბულატორიული მომსახურება გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნებას ერთი საწოლდღე და ნაკლებად. მოპასუხის განმარტებით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად დგინდება, რომ მომსახურე სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელის დაყოვნება მოხდა ერთი საწოლი/დღით. მომსახურების ანაზღაურება განხილულ იქნა გეგმიური ამბულატორიული ლიმიტისა და დაფარვის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მომსახურების ჰოსპიტალური პუნქტით განხილვის თაობაზე.

56. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელის დაყოვნების პერიოდს შეეხება, რაც კასატორის მოსაზრებით, დაკავშირებულია ხელშეკრულებით გათვალიწინებულ რეგულაციებთან. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ, მომსახურების მიღებისას, თითოეულ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება არ აღემატებოდა ერთ საწოლდღეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით (ფინანსური დოკუმენტაცია). კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაადგინა უწყვეტად 2019 წლის 28-30 იანვარს და 18-19 თებერვალს სამედიცინო მომსახურების მიღების ფაქტი, თუმცა, გვერდი აუარა იმაზე მსჯელობას, რომ გადახდა განხორციელებულია განცალკევებულად.

57. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის შედავება დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

58. მოცემულ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების დანართი N1-ის 1.6. პუნქტის თანახმად, ჰოსპიტალური მომსახურება არის მკურნალობა, რომლის დროსაც, ჰოსპიტალში დაყოვნება აღმატება ერთ საწოლდღეს, ხოლო 1.7 პუნქტის თანახმად, ამბულატორიული მომსახურება არის, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება ერთი საწოლდღე და ნაკლებია.

59. სსკ-ის 8431 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით). საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული ნორმა წარმოშობს დაზღვევის ხელშეკრულების მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

60. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით არ განუსაზღვრავთ საწოლდღის საათობრივი ოდენობა, არც სხვაგვარად მომხდარა მისი გაანგარიშება საკანონმდებლო მოწესრიგებისგან განსხვავებულად. როგორც, შპს ,,ლ.ჰ–ის“ მიერ 2019 წლის 19 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, პაციენტის ორივე ჰოსპიტალიზაციის პერიოდებში, მოსარჩელის ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობები იყო - 24 საათზე მეტი და თითოეულ შემთხვევაში, აღემატებოდა ერთ საწოლდღეს. სწორედ აღნიშნულის გამო, განხორციელდა გადახდა ცალ-ცალკე თითოეული მომსახურებისთვის. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ აღნიშნული გარემოების საპირწონე მტკიცებულება კასატორს საქმის განხილვის არც-ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია. სსკ-ის 799-ე 8431 მუხლების საფუძველზე წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას კი, იმის მიხედვით თუ, რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე შესაგებლით, განისაზღვრება მტკიცების საგანი და შესაბამისად, მხარეთა შორის განაწილდება მტკიცების ტვირთი.

61. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოთხოვნის (ამ განჩინების პ.1) დასასაბუთებლად წარმოადგინა დასაშვები და განკუთვნადი წერილობითი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ორივე შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება აღმატებოდა ერთ საწოლდღეს, სარჩელზე კვალიფიციური შედავების ტვირთი კი, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხარეზე იყო, რომლის მიერ, სარწმუნო მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი.

62. სსსკ-ი განსაზღვრავს მტკიცების იმ საშუალებებს (მტკიცებულებებს), რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქმის გარემოებების დადასტურება. ეს მტკიცებულებებია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. მოპასუხის ახსნა-განმარტება, ასევე წარმოადგენს მტკიცების ერთ-ერთ საპროცესო საშუალებას, თუმცა, მხოლოდ მასზე დაყრდობით, მოპასუხის კვალიფიციური შედავება განხორციელებულად არ მიიჩნევა. ზოგადად, მხარეს, რომელიც დავის უშუალო მონაწილეა და რომლის უფლებებსა თუ მოვალეობებზე უშუალო გავლენას ახდენს სასამართლო გადაწყვეტილება, აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქმეზე დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ. თუმცა, მხედველობიდან არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ იგივე პირები დაინტერესებულნი არიან რა საქმის განხილვის იურიდიული შედეგით, ამ გარემოებებმა შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს მხარეთა ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა, დამატებით, სხვა მტკიცებულების წარდგენა. შესაბამისად, მოპასუხის ახსნა-განმარტება ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მოსარჩელის მიერ წერილობითი მტკიცებულებით გამყარებული გარემოების უარსაყოფად, მართალია წარმოადგენს მტკიცების ერთ-ერთ საპროცესო საშულებას, მაგრამ არასაკმარისია და მოითხოვს დადასტურებას სხვა საპროცესო საშუალებებთან ერთობლიობაში (იხ., ი. გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედ: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020 წ. გვ.24, 52).

63. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე კვალიფიციური შედავების ტვირთი მოპასუხის მხარეზე იყო, რომელმაც ამ საპროცესო ვალდებულებას ჯეროვნად თავი ვერ გაართვა.

64. ამდენად, სახეზეა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევა - დაზღვეულის მიერ გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების მიღება, რაც დაზღვეულს მოსარჩელეს უფლებამოსილებას ანიჭებს მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება, ხოლო მზღვეველს მის ანაზღაურებას ავალდებულებს.

65. კასატორის შედავება წარმოდგენილია იმასთან დაკავშირებითაც, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დასაკმაყოფილებული მოთხოვნის მოცულობა (ამ განჩინების პ.43). თუმცა, აღნიშნულს კასატორი ვერ ასაბუთებს და მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლება. აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შედავება კასატორს წარდგენილი ჰქონდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სააპელაციო საჩივარის საფუძვლები), რომელსაც ამომწურავად გაეცა პასუხი (იხ., ამ განჩინების პპ:35-39). შესაბამისად, ამ ნაწილში, საკასაციო პალატა კვლავ მიუბრუნდება პროცესუალურ საკითხს და განმარტავს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. შესაგებელი, ისევე როგორც სარჩელი, ყველა შემთხვევაში წერილობითი ფორმით (როგორც წესი ნაბეჭდი სახით) უნდა იყოს შედგენილი. კანონმდებლის ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს წერილობითი სამართალწარმოების პრინციპიდან, რაც წინა ეტაპია ზეპირი სამართალწარმოებისა და რასაც ვერ ჩაანაცვლებს მხარეთა მოსმენის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო პროცესი დაკარგავდა განსაზღვრულობის სახეს და მივიღებიდით საპროცესო მოქმედებების ქაოსს. მხარეს უფლება აქვს წინასწარ, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე იცოდეს, რაზე აფუძნებს მეორე მხარე თავის მოთხოვნას ან რა საპროცესო საშუალებებით აპირებს თავის დაცვას. მხარეებს უნდა მიეცეთ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, რათა დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა. ამგვარი მიდგომა სრულადაა შესაბამისობაში სამართლებრივი სიცხადის პრინციპთან. ამიტომაცაა კანონმდებელი ასეთი მკაცრი მოპასუხის მხრიდან თავისი საპროცესო მოვალეობის დარღვევის მიმართ და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგს უკავშირებს არა სამართალწარმოების გაგრძელებას, არამედ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამ თვალსაზრისით სასამართლო პრაქტიკასა თუ დოქტრინაში შესაგებლის წარუდგენლობა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას უთანაბრდება (ივარაუდება, რომ მხარემ დაკარგა იურიდიული ინტერესი დავის მიმართ), ანუ სამართლებრივი შედეგი იგივეა, რაც მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისას - მოსამართლე სარჩელში მითითებულ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს შეუდავებლად (დამტკიცებულად) მიიჩნევს, ამასთან, თუ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, ხოლო სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხე ვერ განახორციელებს ფაქტობრივ შედავებას, მათ შორის მტკიცებულებათა წარდგენას (სსსკ-ის 2321 მუხლი), შესაბამისად, მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შედავების უფლება რჩება. ვინაიდან საქმის განხილვის და დავის გადაწყვეტის მთავარი ფიგურანტი მოსამართლეა, მას ჯერ კიდევ წერილობითი ფორმით წარდგენილი სარჩელიდან და შესაგებლიდან უნდა შეექმნას წარმოდგენა დავის სურათზე (ფაბულა), მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (სარჩელით მოთხოვნილი შედეგის განმსაზღვრელი ნორმა), მოთხოვნის წინაპირობებზე (ნორმის შემადგენლობა), მტკიცების საგანსა (სადავო გარემოება, რომელიც უნდა დამტკიცდეს) თუ სარჩელის პერსპექტიულობაზე. იმის მიხედვით, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელი და შესაგებელი ფორმალური დასაბუთებულობის (გამართულობის) მოთხოვნებს, მოსამართლე ნიშნავს მოსამზადებელ ან მთავარ სხდომას. შესაბამისად, თუ მოსამართლე დანიშნავს მოსამზადებელ სხდომას, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მხარეთა საპროცესო უფლებები_ დააზუსტონ/შეავსონ სარჩელში/შესაგებელში მითითებული გარემოებები (სსსკ-ის 83-ე მუხლი). დასაბუთებულობის მოთხოვნა გამოიყენება შესაგებელთან მიმართებაშიც, ამ დროს მოწმდება როგორი შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება. საქმის განმხილველი მოსამართლის გადასაწყვეტია,თუ რა ფაქტობრივი აღწერილობა (ფაბულა) უნდა დაუდოს საფუძვლად საკუთარ მსჯელობას, თავის მხრივ მთავარ როლს ფაბულის შექმნაში მხარეები ასრულებენ, რაც სრულად პასუხობს შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნებს. ერთი მხრივ რელევანტური ფაქტების დახარისხება ხდება სამართლის ნორმის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტები განსაზღვრავენ, რომელია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201). მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების წარდგენის დროს მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, იგი ფაქტობრივად ეთანხმება მოსარჩელეს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებში, თუმცა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების გამო (ასეთი მოცემულობის პირობებში მტკიცების საგანში შედის მხოლოდ ერთი გარემოება _ „ვალდებულების შესრულება“, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა (მითითების ტვირთი), რომლის გაქარწყლება და დამტკიცებაც მოპასუხის მხარესაა. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი _ ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი). მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელთან გვაქვს საქმე ასევე, როდესაც მოპასუხე უთითებს მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებაზე (სსკ-ის 369-ე მუხლი), შესრულების ვადის დაუდგომლობაზე (სსკ-ის 361.2 მუხლი). მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი.

66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

67. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

68. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

69. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ. ჯ.ჰ–ს“ (ს.კ: .... ) უკან დაუბრუნდეს 07.10.2020-ში საგადასახადო დავალება N64782308 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1000 ლარის) 70% – 700 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი