Facebook Twitter

საქმე №ას-1278-2020 20 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ი.კ–ძის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი აპელნატი ან კერძო საჩივრს ავტორი), რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებზე 5596,22 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3643,98 ლარი, პროცენტი - 737,24 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 1215 ლარი;

2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

3. 2014 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე რიცხვში ბანკსა და ს.წ–სა და მ.ტ–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, პირველი მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი - 9260 ლარი, 2018 წლის 3 დეკემბრამდე, წლიური 17% საპროცენტო განაკვეთის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით. თავდებობის ხელშეკრულებებით თავდებობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა თითოეული თავდებისათვის 12742,41 ლარით. საკრედიტო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 5596,22 ლარს.

4. წერილობითი შესაგებელი მოპასუხეებიდან მხოლოდ მ.ტ–მა წარადგინა, რომლის თანახმად, გამორიცხა მისი, როგორც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, ბანკმა არ გამოიჩინა გულისხმიერება თავდები პირების მიმართ, რათა დროულად შეეტყობინებინა მათთვის მოვალის მიერ გადახდის გადაცილების შესახებ. ვალდებულების დარღვევის შესახებ მან მხოლოდ წარდგენილი სარჩელით შეიტყო.

5. პირველ მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა, საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე განმარტა, რომ თანახმა იყო გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში, ბანკის მოთხოვნა არ ცნო. აღნიშნულ პირობას დაეთანხმა სოლიდარული თავდები მ.ტ–იც.

6. რაც შეეხება ს.წ–ს, მას არც წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლო სხდომაზეც არ გამოცხადებულა.

7. დადგენილია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ი.კ–ძეს, ს.წ–ს და მ.ტ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ - 5596.22 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3643.98 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 737,24 ლარი, პირგასამტეხლო - 1215 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს სახით - 1215 ლარის დაკისრების შესახებ უარის თქმა მოითხოვეს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.

9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 1215 ლარს შეადგენდა. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 1215 ლარით განისაზღვრა.

10. ამდენად, სსსკ-ის 365-ე მუხლის მიხედვით, მოცემული სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აჭარბებდა 2 000 ლარს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (პირველი მოპასუხე) შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ პირველ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულების არსებობის პერიოდში მოპასუხისათვის გადახდილი აქვს სესხის თანხა 9386 ლარი, რაც შეადგენდა სესხის ძირ თანხას. დანარჩენი კი არის ჯარიმა და პირგასამტეხლო. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს პირველი მოპასუხე ითხოვდა 12 თვეზე გადანაწილებულიყო 4200 ლარი, რაზეც მოსარჩელე არ დასთანხმდა. სასამართლოს გადაწყვეტლებით კი მოპასუხეს დაეკისრა 5596 ლარის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

15. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).

16. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა; იხ., ასევე, სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).

17. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

18. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩე;ლის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ - 5596.22 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3643.98 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 737,24 ლარი, პირგასამტეხლო - 1215 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს სახით - 1215 ლარის დაკისრების შესახებ უარის თქმა მოითხოვეს.

19. ამდენად, სსსკ-ის 365-ე მუხლის მიხედვით, მოცემული სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აჭარბებს 2 000 ლარს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.

20. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის იმ მითითებაზე, რომ მას მოპასუხისათვის გადახდილი აქვს სესხის თანხა 9386 ლარი, რაც შეადგენდა სესხის ძირ თანხას. დანარჩენი კი არის ჯარიმა და პირგასამტეხლო, რადგან მოცემულ ეტაპზე საკასციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, არსებულ პროცესუალურ ფარგლებს სასამართლო ვერ გაცდება და მხარის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას ვერ განიხილავს, მით უმეტეს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შეადრ: სუსგ-ები ას-432-2020, 30.11.2020; ას-1270-2020, 25.11.2020; ას-886-2020, 28.10.2020; ას-92-2020, 10.06.2020; 13.09.2019წ. საქმე №ას-1102-2019, 09.09.2019წ. საქმე №ას-1025-2019, 28.06.2019წ. საქმე №ას-803-2019, სუსგ 15.05.2019წ. საქმე №ას-463-2019; №ას-1305-2019, 21 ნოემბერი, 2019).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე