Facebook Twitter

საქმე №ას-1281-2020 28 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.მ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ №254 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს – 10 624.05 ლარისა და №402 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს – 30 905 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დაიდო ორი ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების შესახებ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შესრულების დაგვიანებისას მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო.

3. მოპასუხემ ხელშეკრულების პირობები დაარღვია და პროდუქციის მიწოდების ვადა გადააცილა, რისთვისაც წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება გამოიწვია ფორსმაჟორულმა გარემოებამ, მწარმოებლის ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვამ.

5. მოპასუხემ სადავოდ გადახადა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა და აღნიშნა, რომ ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით თანხის დარიცხვის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდებს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 3252.16 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამატეხლოს დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 477-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლები.

9. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო გარემოებებისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი იურიდიული ფაქტები: მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა ერთ შემთხვევაში 2017 წლის 25 აპრილიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში – 2017 წლის 10 ივლისიდან.

10. N254 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებელმა 39 842 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა 13 დღის, 7130 ლარის ღირებულების პროდუქცია – 28 დღის, 8208 ლარის ღირებულების პროდუქცია – 43 დღის, 14592 ლარის ღირებულების პროდუქცია – 49 დღის, ხოლო 3500 ლარის ღირებულების პროდუქცია – 76 დღის გადაცილებით, ხოლო N402 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელმა 14000 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა 5 დღის, 91 000 ლარის ღირებულების პროდუქცია – 66 დღის დაგვიანებით.

11. საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი და მხარეებიც არ დავობენ იმაზე, თუ როდის უნდა შესრულებულიყო პროდუქციის მიწოდების ვალდებულება და როდის შესრულდა. აღნიშნული თარიღები სადავო არ არის. მოცემულ შემთხვევაში მხარეები დავობენ თუ კონკრეტულად რამდენი დღის დაგვიანებით მოხდა პროდუქციის მიწოდება. მოსარჩელის მიერ ვადის გადაცილების თარიღი ათვლილია არა მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, არამედ ვალდებულების შესრულების ბოლო დღიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-60-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომლის თანახმად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

12. ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა განპირობებული არ იყო ფორსმაჟორული ვითარებით. როგორც მოპასუხე მიუთითებს, ტვირთის საქართველოში დაგვიანებით ჩამოსვლა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ გაიფიცნენ მწარმოებელი საწარმოს თანამშრომლები. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებულია წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბურავების წარმოება დაგეგმილი იყო 20 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდში, თუმცა წარმოება ფაქტობრივად დაიწყო 1 ივლისს, რადგან 18 მაისიდან 20 ივნისამდე საწარმოს პერსონალი გაფიცული იყო. წარმოდგენილი წერილით, არ დგინდება, აღნიშნული დოკუმენტი მოსარჩელე მხარეს როდის გადაეცა, ამასთან, მითითებული დოკუმენტაცია არ არის დათარიღებული. N254 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით, ხოლო მწარმოებელი საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ 18 მაისს, მაშინ, როდესაც მიწოდების ვადა უკვე დარღვეული იყო.

13. დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, რაც N254 ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 10 257.69 ლარს, ნაცვლად 10.624.05 ლარისა, ხოლო N402 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, – 30 380 ლარს, ნაცვლად მოთხოვილი 30.905 ლარისა.

14. აპელანტის განმარტებით, კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო: მხარის ქონებრივი მდგომარეობა და დაზარალებულის ინტერესები. სასამართლომ არ გამოიკვლია სწორედ ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დადებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

15. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა და განმარტა, რომ სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, რაც, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა.

16. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულებების 6.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.5%. მოპასუხემ მიწოდების ვადა დაარღვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და დარღვევების ხასიათის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია.

18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ და სწორად განსაზღვრა იგი N254 ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 2430.4 ლარით, ხოლო N402 ხელშეკრუელბიდან გამომდინარე – 821.76 ლარით, სულ – 3252.16 ლარით, ხელშეკრულებებით დადგენილი პირგასამტეხლოს განაკვეთი – 0.5% კი, სწორედ შემცირდა 0.04%- მდე.

19. ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და დაასკვნა, რომ იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

21. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში ვერ მიუთითა სამართლებრივი ნორმა, რომელსაც განჩინების დასაბუთება ეფუძნება.

22. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც შეამცირა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა. მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, ამავდროულად, სააპელაციო პალატამ დაადგინა მოპასუხის მიერ ვალდებულების დაარღვევის ფაქტი.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

26. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 25 აპრილისა და ამავე წლის 10 ივლისის ხელშეკრულებების საფუძველზე.

27. ერთ შემთხვევაში მიმწოდებელმა 39 842 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა 13 დღის, 7130 ლარის ღირებულების პროდუქცია – 28 დღის, 8208 ლარის ღირებულების პროდუქცია – 43 დღის, 14592 ლარის ღირებულების პროდუქცია – 49 დღის, ხოლო 3500 ლარის ღირებულების პროდუქცია – 76 დღის გადაცილებით, ხოლო მეორე შემთხვევაში – 14000 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა 5 დღის, 91 000 ლარის ღირებულების პროდუქცია კი – 66 დღის დაგვიანებით.

28. მხარეთა შორის დავას არ იწვევს, თუ როდის უნდა შესრულებულიყო პროდუქციის მიწოდების ვალდებულება და როდის შესრულდა.

29. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც მხარეთა შორის ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული და სათანადოდ არ გამოიკვლია პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

32. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

33. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არამართლზომიერი შემცირების დადასტურება კასატორის ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების, ფაქტობრივ-სამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა.

34. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.

35. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

36. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

37. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ, ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

40. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

41. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.(იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

42. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ . Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).

43. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით (სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით) აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

44. პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).

45. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ 10.12.2020წ. საქმე №ას-888-2020).

49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად მიიჩნია. კასატორმა კი, ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

50. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

51. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

53. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი