საქმე №ას-1306-2020 20 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - რ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.ბ.ე.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2018 წლის 17 ივლისს შპს ,,მ.ო. ე.ბ.ე.“-მა სარჩელი აღძრა რ.მ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
3. 2017 წლის 08 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 700 ლარის ოდენობით, 35 დღის ვადით, შესაბამისად, 2017 წლის 15 მარტამდე. პროცენტი განისაზღვრა 46,55 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი თანხის 0,41%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,87 ლარს. მოპასუხემ 2017 წლის 16 მარტს დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ დაფარა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 1610,42 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 700 ლარი, პროცენტი - 46,55 ლარი, პირგასამტეხლო - 863,87 ლარი.
4. მოსარჩელემ მოითხოვა შემცირებული დავალიანების 1376,55 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 700 ლარი, პროცენტი - 46,55 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 630 ლარი.
5. შპს ,,მ.ო. ე.ბ.ე.“-მა შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ე.ბ.ე.“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე).
6. საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
7. მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
8. 2020 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ, პირგასამტეხლო შეამცირა ძირითადი თანხის 1/3-მდე, რაც შეადგენს 233,33 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის 979,88 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხა არის 700 ლარი, პროცენტი - 46,55 ლარი, პირგასამტეხლო - 233,33 ლარი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 979,88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 700 ლარი, პროცენტი - 46,55 ლარი, პირგასამტეხლო - 233,33 ლარი, რაც საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა და სააპელაციო საჩივარში საჩივრის ფასის გრაფაში მიუთითა - 1376 ლარი.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 1376 ლარს შეადგენდა. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სააპელაციო საჩივარში განსაზღვრავდა საჩივრის ფასს - 1376 ლარის ოდენობით.
13. ამდენად, სსსკ-ის 365-ე მუხლის მიხედვით, მოცემული სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აჭარბებდა 2 000 ლარს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოპასუხე არის ომის მონაწილე და სარგებლობს შესაბამისი სტატუსით. მას ყავს მცირეწლოვანი შვილი. აღებული იპოთეკური სეხსი და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება აღემატება მოპასუხის შესაძლებლობებს. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლო გზავნილი თავის დროზე ჩაიბარე მისმა დედამ, რომელმაც იმ დროს არსებული ოჯახური უთანხმობის გამო, გზავნილი მოპასუხეს არ გადასცა. სწორედ მისი მდგომარეობის დადასტურებას აპირებდა მოპასუხე სასამართლო სხდომაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
18. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).
19. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა; იხ., ასევე, სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).
20. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.
21. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 979,88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 700 ლარი, პროცენტი - 46,55 ლარი, პირგასამტეხლო - 233,33 ლარი.
22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
23. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა და სააპელაციო საჩივარში საჩივრის ფასის გრაფაში მიუთითა - 1376 ლარი.
24. ამდენად, სსსკ-ის 365-ე მუხლის მიხედვით, მოცემული სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აჭარბებს 2 000 ლარს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.
25. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის საფუძვლებზე, რომლებიც შეეხება მოპასუხის (კერძო საჩივრის ავტორის) მიერ შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზს და აგრეთვე, მის მატერიალურ მდგომარეობასა და სხვა სახის სასესხო ვალდებულების არსებობას (იხ., ამ განჩინების პ. 15), რადგან მოცემულ ეტაპზე საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და არსებულ პროცესუალურ ფარგლებს საკასაციო პალატა ვერ გაცდება.
26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შეადრ: სუსგ-ები ას-432-2020, 30.11.2020; ას1270-2020, 25.11.2020; ას-886-2020, 28.10.2020; ას-92-2020, 10.06.2020; 13.09.2019წ. №ას-1102-2019, 09.09.2019წ. №ას-1025-2019, 28.06.2019წ. №ას-803-2019, სუსგ 15.05.2019წ. №ას-463-2019; №ას-1305-2019, 21 ნოემბერი, 2019).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე