საქმე №ას-1322-2020 28 იანვარი , 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. და მ. ლ–ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ე, დ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ.მ–ემ და დ.გ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და მ. ლ–ების (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელეები არიან დედა-შვილი. ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების საფუძველზე პრივატიზაციისას ისინი სადავო ბინის ძირითადი დამქირავებლის – ლ.მ–ის დედის – თ.ჭ–ას ოჯახში ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მხოლოდ ლ.მ–ის დედის სახელზე აღირიცხა და პრივატიზაციისას, დ.გ–ი არასრულწლოვანი იყო, თითოეულ მოსარჩელეს სადავო ბინის 1/3-1/3 ნაწილზე საკუთრების უფლება წარმოშობილი აქვს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ გარიგებები, რომელთა საფუძველზეც მათი კუთვნილი წილი გასხვისდა, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოსარჩელეები ცნობილ უნდა იქნენ სადავო ბინის 1/3-1/3 ნაწილის თანამესაკუთრეებად.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელეები სადავო ბინაში პრივატიზაციის დროს არ ცხოვრობდნენ. ამასთან, ლ.მ–ემ სადავო ბინიდან კუთვნილი წილის კომპენსაცია მიიღო, ხოლო დ.გ–ი ბინის პრივატიზაციისას არასრულწლოვანი იყო და მას საკუთრების უფლება წარმოეშვა არა დამოუკიდებლად, არამედ დედის კუთვნილ წილზე, როგორც დედის წილის თანამესაკუთრეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით დ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ.მ–ის მოთხოვნას ეთქვა უარი, 1/3 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი თ.ჭ–ასა და მ. ლ–ს და მ. ლ–ს შორის უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება, ასევე, თ.ჭ–ას, მ. ლ–სა და მ. ლ–ს შორის უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება, დ.გ–ი ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ, რაც მოპასუხეებმა და ლ.მ–ემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე, მოწინააღმდეგე მხარის დ.გ–ის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს 2021 წლის 5 იანვრამდე.
6. 2020 წლის 20 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ.მ–ისა და ე.გ–ის წარმომადგენელმა თ.ზ–მა და წარადგინა ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ 2020 წლის 6 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა. ამავე წლის 5 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ.კ–ძემ და წარადგინა ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ 2020 წლის 5 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 აგვისტოს განჩინებით საქმის წარმოება განახლდა, მოწინააღმდეგე მხარის –დ.გ–ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ დედ-მამა – ლ.მ–ე (პ/ნ ......) და ე.გ–ი (პ/ნ .....), ასევე, მისი მეუღლე – დ.კ–ძე (პ/ნ ......) შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე, 283-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საქმე შეჩერებული იყო მოწინააღმდეგე მხარე დ.გ–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ 2020 წლის 6 ივლისს და 2020 წლის 5 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობები, რომლითაც დგინდება, რომ მამკვიდრებელ დ.გ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღეს პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა დედ-მამამ – ლ.მ–ემ და ე.გ–მა და მეუღლემ – დიანა კერესელიძემ, ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, უნდა განახლდეს საქმის წარმოება.
9. ასევე, სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საფუძველია მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) დ.გ–ის გარდაცვალება. სამართლებრივ ურთიერთობაში დასაშვებია უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, თუ თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა უფლებამონაცვლეობას არ კრძალავს. განსახილველ შემთხვევაში, გადასაცემი უფლების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ცნო გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ დ.კ–ძე იმ საფუძვლით, რომ იგი გარდაცვლილი მხარის მეუღლეა. ფაქტობრივად, მათ შორის ქორწინება არ არსებობდა და ატარებდა ფიქტიურ ხასიათს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის გარდაცვალებისას მისი უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი.
14. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა, რის გამოც საქმის წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს 2021 წლის 5 იანვრამდე. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ჯერ ლ.მ–ემ და ე.გ–მა, ხოლო შემდგომ დ.კ–ძემ და წარადგინეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობები.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე.
16. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დ.კ–ძე მართებულად იქნა ცნობილი აწ გარდაცვლილი მეუღლის უფლებამონაცვლედ.
18. რაც შეეხება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ გარდაცვლილი დ.გ–ი და დ.კ–ძე რეალურად არ წარმოადგენდნენ მეუღლეებს და მათ შორის ქორწინება ფიქტიურ ხასიათს ატარებდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში იხილება მხარის კერძო საჩივარი, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს მხარის უფლებამონაცვლედ ჩაბმისას სააპელაციო პალატის მიერ კანონის დარღვევას. წარმოდგენილი კერძო საჩივრით კი მოპასუხეები სადავოდ ხდიან დ.გ–სა და დ.კ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინების კანონიერებას. მითითებული საკითხი არა თუ კერძო საჩივრის, მოცემული დავის საგანსაც კი არ წარმოადგენს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში, როდესაც მოსარჩელეები სარჩელში ითხოვდნენ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობას, ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვის პირობებში, ზემოაღნიშნულ პირთა შორის ქორწინების ნამდვილებაზე მსჯელობა სცდება მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს და საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება.
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. და მ. ლ–ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე