საქმე №ას-1351 -2020 22 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი–ია ...“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ლ–ძე, უ.ჯ–ძე, ე.მ–ი, გ.ღ–ძე, გ.ჯ–ი, გ.თ–ი, ა.მ–ი, დ.ო–ძე, მ.ს–ძე, გ.მ–ი, გ.გ–ძე, ი.ჟ–ი, ს.ბ–ძე, შ.ჭ–ძე, ი.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ლ–ძემ, უ.ჯ–ძემ, ე.მ–მა, ლ.გ–ძემ, გ.ღ–ძემ, ი.დ–ძემ, გ.ჯ–მა, გ.თ–მა, ა.მ–მა, ი.ტ–ძემ, დ.ო–ძემ, მ.ს–ძემ, გ.მ–მა, ბ.ჯ–მა, გ.გ–ძემ, ი.ჭ–ძემ, ი.კ–ამ, დ.ფ–ამ, გ.ბ–მა, ნ.შ–ძემ, დ.დ–მა, ნ.ტ–მა, ზ.ღ–მა, ი.ჟ–მა, ბ.მ–მა, ა.ლ–ძემ, ე.ქ–მა, ს.ბ–ძემ, გ.ფ–ძემ, რ.ლ–ძემ, ა.გ–მა, შ.ჭ–ძემ და ი.ბ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს შპს „ი–ია ..“ -ის (შემდეგში - მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია ან აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.:
3. მოპასუხეს, გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2025 ლარის გადახდა;
4. მოპასუხეს, ა.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2475 ლარის გადახდა;
5. მოპასუხეს, ი.ტ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1800 ლარის გადახდა;
6. მოპასუხეს, დ.ო–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2250 ლარის გადახდა;
7. მოპასუხეს, მ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2475 ლარის გადახდა;
8. მოპასუხეს, გ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2475 ლარის გადახდა;
9. მოპასუხეს, ბ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
10. მოპასუხეს, გ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2475 ლარის გადახდა;
11. მოპასუხეს, ი.ჭ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
12. მოპასუხეს, ი.კ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
13. მოპასუხეს, დ.ფ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
14. მოპასუხეს, გ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1350 ლარის გადახდა;
15. მოპასუხეს, ნ.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
16. მოპასუხეს, დ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
17. მოპასუხეს, ნ.ტ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
18. მოპასუხეს, ზ.ღ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
19. მოპასუხეს, ი.ჟ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 3150 ლარის გადახდა;
20. მოპასუხეს, ბ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
21. მოპასუხეს, ა.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
22. მოპასუხეს, ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
23. მოპასუხეს, ს.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2250 ლარის გადახდა;
24. მოპასუხეს, გ.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
25. მოპასუხეს, რ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
26. მოპასუხე, ა.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1817.8 ლარის გადახდა;
27. მოპასუხეს, შ.ჭ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2275 ლარის გადახდა;
28. მოპასუხეს, ი.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2250 ლარის გადახდა.
29. გადაწყვეტილება ლ.გ–ძის, ი.დ–ძის, ი.ტ–ძის, ბ.ჯ–ის, ი.ჭ–ძის, ი.კ–ას, დ.ფ–ას, გ.ბ–ის, ნ.შ–ძის, დ.დ–ის, ნ.ტ–ის, ზ.ღ–ის, ბ.მ–ის, ა.ლ–ძის, ე.ქ–ის, გ.ფ–ძის, რ.ლ–ძის, ა.გ–ის ნაწილში, შევიდა კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადებისათანავე.
30. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მ.ჯ–ძემ, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
33. დადგენილი იქნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2020 წლის 12 თებერვალს, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა გასაჩივრების უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი - შპს „ი–ია ..“-ს წარმომადგენელი - ა.მ–-ო–ნი (იხ. მინდობილობა ტ. 1).
34. ასევე დადგენილი იქნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენამდე მხარეს რაიმე განცხადებით გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე არ მიუმართავს.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ამ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
36. საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
37. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2020 წლის 13 თებერვლიდან და ამოიწურა 2020 წლის 27 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია დაგვიანებით - 2020 წლის 29 მაისს.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილვევლად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
39. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომელშიც განამარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის მოსამზადებელი სხდომა იმავე დღესვე გადაიზარდა მთავარ სხდომაში. სხდომის დასრულების შემდეგ, 16:52:22 სთ.-ზე სასამართლო გავიდა სათათბიროდ, ვინაიდან უცნობი იყო ზუსტად როდის მოხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება. მხარეებმა დატოვეს სხდომის დარბაზი. მოპასუხე მხარის წარმომადგენელი - ა. მ–ი არ ესწრებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე. ქვეყანაში არსებული პანდემიის გათვალისწინებით მოპასუხე ელოდებოდა გადაწყვეტილების ჩაბარებას. 2020 წლის მაისში, მოპასუხე მხარის წარმომადგენელს დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე, რომელმაც აცნობა, რომ გადაწყვეტილების სარეზლოციო ნაწილი ატვირთული იყო საიტზე, ასევე, თუკი მხარე აპირებდა მის გასაჩივრებას უნდა მისულიყო და ადგილზე ჩაებარებინა სასამართლო გადაწყვეტილება. ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, მოპასუხის წარმომადგნელმა თანაშემწეს სთხოვა ფოსტის მეშვეობით გადაწყვეტილების გამოგზავნა, რაზედაც უარი მიღო. მოპასუხემ გადაწყვეტილება სასართლოში ჩაიბარა 2020 წლის 18 მაისს. შესაბამისად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა მიეცა 2020 წლის 18 მაისს. მოპასუხის მიერ ჩაბარებული გადაწყვეტილების ასლზე არ იყო მითითებული, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება ზოგიერთი მოსარჩელის ნაწილში შევიდა კანონერ ძალაში, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატებოდა. სხვა ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით, 2020 წლის 19 მაისს.
40. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არც საქალაქო სასამართლოს მიუჩნევია, რომ სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი და გადუგზავნა იგი შემდგომი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოს.
41. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების 10-დღიანი ვადა (სსსკ-ის 374-ე მუხლი).
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის განსახილევლად დაშვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
43. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
44. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
45. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
46. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (მრავალთა შორის იხ., სუსგ №ას-1392-2019, 1 ნოემბერი, 2019; №ას-873-2018, 31.01.2019წ.).
47. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
48. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი ა.მ–ი, 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, კერძოდ, ამ განჩინების პპ: 33, 34-ით დადგენილია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2020 წლის 12 თებერვალს, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა გასაჩივრების უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი - შპს „ი–ია ..“-ს წარმომადგენელი - ა.მ–-ო–ნი (იხ. მინდობილობა ტ. 1). ასევე დადგენილი იქნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენამდე მხარეს რაიმე განცხადებით გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე არ მიუმართავს.
49. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა, რაც საქმის მასალების შესაბამისად, მას არ განუხორციელებია. ამდენად, მოპასუხეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან.
50. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2020 წლის 13 თებერვლიდან და ამოიწურა 2020 წლის 27 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია დაგვიანებით - 2020 წლის 29 მაისს.
51. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომელიც მის ვარაუდს ეფუძნება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, იგი მოელოდა რომ გადაწყვეტილება გამოეგზავნებოდა და ადგილზე ჩაბარდებოდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს ეგზავნებათ გადაწყვეტილების ასლი, ხოლო ქვეყანაში არსებული პანდემია არ იძლევა მოცემული ნორმის სხვაგვარად განმარტების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა განმარტავს, სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ისევე როგორც სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, კრძალავს სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელებას ან აღდგენას.
52. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ არც საქალაქო სასამართლოს მიუჩნევია, რომ სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი და გადაუგზავნა იგი შემდგომი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 371-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას. ხოლო ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება არ შედის პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციაში.
53. ხოლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომელიც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ვადის დარღვევას შეეხება, აღნიშნული დადასტურების შემთხვეცვაში, ეს ვერ გახდება განჩინებით გაუქმების საფუძველი.
54. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)). გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ბი: Nას-522-2020, 23.10.2020; Nას-1226-2019წ., 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.; Nას-1170-1100-2015, 25.12.2015წ.).
55. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
56. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი–ია ..“ -ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე