საქმე№ა-3283-შ-79-2020 28 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ე“-ი (მოსარჩელის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.კ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დსს „ი.ბ–ის“ (ს/ნ: .....) (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ვ.კ–ას (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა.
2. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა, 2007 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, 17.10.2012წ.-ის მდგომარეობით, 580210.64 აშშ დოლარის ოდენობით (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსის მიხედვით).
3. გადახდევინება მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ და მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
4. 1200კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი (ს/ნ:.....) მდებარე, მოსკოვის ოლქი, მიტიშჩინსკის რაიონი სასოფლო დასახლება ......, ნაკვეთი 42 და მასზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (საინ: .....; ლიტ. A-A1-b, საერთო ფართობით 303,8კვ.მ., საცხოვრებელი ფართობით 154,6კვ.მ. მდებარე მისამართზე: მოსკოვის ოლქი, მიტიშჩინსკის რაიონი სასოფლო დასახლება ......., სახლი 42. ქონების საწყის, სავაჭრო ფასად განისაზღვრა 9 450 400 რუსული რუბლი.
5. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯი 60 000 რუსული რუბლი.
6. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეს განემარტა გასაჩივრების უფლების შესახებ.
7. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დამოწმებულია რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს ბეჭდით, ამავე ბეჭდით დადასტურებულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 19 მარტს.
8. 2020 წლის 15 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
9. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით დაშვებულ იქნა საპროცესო უფლებამონაცვლეობა და მოსარჩელე/კრედიტორი დსს „ი.ბ–ი“ (ს/ნ: .....5) შეიცვალა შპს „ე“- ით (ს/ნ: .......).(შემდეგში: მოსარჩელის უფლებამონაცვლე ან შუამდგომლობის ავტორი).
10. 2020 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის უფლებამონაცვლე შპს „ე“-მა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა - აღსრულება აღუსრულებელ ნაწილში -477 785,78 აშშ დოლარი და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა, რომ ყადაღა დაედოს ვ.კ–ას (დაბადების თარიღი: 27.02.1964წ.; დაბადების ადგილი: წალენჯიხა, საქართველო.; პ/ნ:.....) სს „თ.ბ–ის“,სს „ტ–ის“, სს „ბ.ბ–ის“ სს „ს.ბ–ის“, სს „ი–ის“ სს „ბ.ქ–უს“ სს „ლ.ბ–ის“, სს „ხ.ბ–ის“, სს „პ.ბ–ის“ სს „ვ.ბ.ჯ–ას“, თ.რ. სს „ზ.ბ–ის“ (თბილისის ფილიალი), სს „ბ.კ–ას“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 477 785.78 აშშ დოლარის ფარგლებში.
11. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ, დღეისათვის რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულებულია მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხისაგან ამოღებულია მხოლოდ 7 087 800 რუბლი, რაც ამ თანხის ამოღების დღისთვის, შეადგენდა 102 424.86 აშშ დოლარს. შესაბამისად, არსებული დავალიანება შეადგენს 477 785,78 აშშ დოლარს. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოება აღარ მიმდინარეობს.
12. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადაწყვეტილების აღსრულება აღუსრულებელ ნაწილში (477 785,78 აშშ დოლარი) აუცილებლად საჭიროებს უზრუნველყოფას, რამეთუ, მოპასუხის საკუთრების უფლებით არ რეგისტრირდება რაიმე უძრავი ქონება ან წილი/აქცია, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების მიქცევა. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებლია მხოლოდ მოძრავი ნივთი - ა/მ, რომლის მიახლოებითი საბაზრო ღირებულებაა 10 000 აშშ დოლარსაც კი არ შეადგენს. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება მთლიანად იქნება დამოკიდებული მოპასუხის ნებაზე - გადაიხადოს დაკისრებული თანხა. რაც შეეხება უზრუნველყოფის მოთხოვნის პროპორციულობას, განმცხადებელმა განმარტა, რომ აღსასრულებელი მოთხოვნა საკმაოდ მაღალი ღირებულებისაა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორის განცხადება რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის დაყადაღების შესახებ, დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ვ.კ–ას (დაბადების თარიღი: 27.02.1964წ.; დაბადების ადგილი: წალენჯიხა, საქართველო.; პ/ნ:......) სს „თ.ბ–ში“,სს „ტ–ში“, სს „ბ.ბ–ში“ სს „ს.ბ–ში“, სს „ი–ში“ , სს „ბ.ქ–ში“, სს „ლ.ბ–ში“, სს „ხ.ბ–ში“, სს „პ.ბ–ში“, სს „ვ.ბ.ჯ–აში“, თ.რ. სს „ზ.ბ–ში“ (თბილისის ფილიალი), სს „ბ.კ–აში“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 477 785.78 აშშ დოლარის ფარგლებში.
14. 2020 წლის 24 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ.კ–ამ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშის დაყადაღების ნაწილში და ამ ბანკში, მის საპენსიო ანგარიშზე (GE13LB0211149189554002) ყადაღის მოხსნა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ყადაღა მოეხსნა სს „ლ.ბ–ში“ ვ.კ–ას საპენსიო ანგარიშს (GE13LB0211149189554002);
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებული იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, ასევე განემარტა მისი უფლების შესახებ, მოეთხოვა საქმის ზეპირი ფორმით განხილვა. განჩინება შუამდგომლობასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს - ვ.კ–ას გადაეგზავნა 2020 წლის 21 სექტემბერს და ჩაბარდა 2020 წლის 13 ნოემბერს.
16. მოწინაარმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ წარმოუდგენია თავისი მოსაზრებები შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ე“-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ვ.კ–ასათვის 477 785,78 აშშ-ის დოლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ( იხ. დამატებით: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები.
ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
„მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო დავალიანების გადახდის დაკისრებას შეეხება.
საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ვ.კ–ას შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, 17.10.2012წ.-ის მდგომარეობით, 580210.64 აშშ დოლარის გადახდევინება (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსის მიხედვით). გადახდევინება მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ და მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1200კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი (ს/ნ:..... 18;0024) მდებარე, მოსკოვის ოლქი, მიტიშჩინსკის რაიონი სასოფლო დასახლება ..... ნაკვეთი 42 და მასზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (საინ: N.....; ლიტ. A-A1-b, საერთო ფართობით 303,8კვ.მ., საცხოვრებელი ფართობით 154,6კვ.მ. მდებარე მისამართზე: მოსკოვის ოლქი, მიტიშჩინსკის რაიონი სასოფლო დასახლება ...... სახლი 42. ქონების საწყის, სავაჭრო ფასად განისაზღვრა 9 450 400 რუსული რუბლი. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯი 60 000 რუსული რუბლი.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა და აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 477 785,78 აშშ დოლარს.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები,
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შუამდგომლობის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 70-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე“-ის ( გსნ #7......., ს/ნ ......, მოსკოვი, ....., რუსეთის ფედერაცია) შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ვ.კ–ასათვის ( საქართველოს მოქალაქის პ.ნ. ........) საკრედიტო დავალიანების 477 785,78 აშშ დოლარის გადასადხელად დაკისრების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ვ.კ–ას შპს „ე“-ის (მოსარჩელის უფლებამონაცლე) სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით 477 785,78 აშშ-ის დოლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი