Facebook Twitter

№ას-1391-2020

22 იანვარი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი შპს ,,ჩ.რ... ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე კ.ღ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

კ.ღ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ჩ.რ...ბ.ჯ–ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ.რ...ბ.ჯ–ს'' კ.ღ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდა;

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემაც და მოპასუხემაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბერის განჩინებით შპს ,,ჩ.რ... ბ.ჯ–ის“ და კ.ღ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,ჩ.რ... ბ.ჯ–მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

2021 წლის 18 იანვარს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღი 4 იანვარი) კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა განცხადება, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1000 ლარის ქვითრის დედანი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ჩ.რ...ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

ხარვეზის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს 2020 წლის 18 დეკემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 19 დეკემბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 28 დეკემბერს.

კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2020 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. კასატორმა ხარვეზის აღმოფსახვრელად განსაზღვრულო დოკუმენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2021 წლის 18 იანვარს (დოკუმენტების ფოსტაში ჩაბარების თარიღია 4 იანვარი) ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, შპს ,,ჩ.რ... ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს ,,ჩ.რ... ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. შპს ,,ჩ.რ...ბ.ჯ–ს“ დაუბრუნდეს მის მიერ (ს/კ .....) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150) (საგადახდო დავალება N259, გადახდის თარიღი 2020 წლის 29 დეკემბერი, შესრულებული ინტერნეტბანკით).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე