Facebook Twitter

¹ ბს-82-9-კს-04 7 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 2 სექტემბერს მ. ც.-მ, ნ. ღ.-მ და თ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სააქციო საზოგადოება “თ.-ის” მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი ჩაწერილი იყვნენ და ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ... მდებარე ს/გ “თ.-ის” დაქვემდებარებაში არსებული სასაწოლო ტიპის საერთო საცხოვრებლის ¹... ბინაში. მოსარჩელეები აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ სხვადასხვა დროიდან, კერძოდ, მ. ც.-ე _ 1980 წლიდან, ნ. ღ.-ი _ 1972 წლიდან, ხოლო თ. მ.-ი _ 1984 წლიდან. ს/გ “თ.-ის” სააქციო საზოგადოებად დაფუძნებისას, აღნიშნული საერთო საცხოვრებელი არ შევიდა სს “თ.-ის” საწესდებო კაპიტალში, რის შემდეგაც ამ სააქციო საზოგადოებას აღარ გააჩნდა პრეტენზია ხსენებული საერთო საცხოვრებლის ¹2 ბინის განკარგვაზე.

მოსარჩელეები თავიანთ სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ 1987 წელს ს/გ “თ.-ის” ადმინისტრაციამ და პროფკომიტეტმა დაარღვიეს სასაწოლო ტიპის საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებული საბინაო კანონმდებლობის მოთხოვნა ასეთი ტიპის საცხოვრებელში არანათესაური კავშირის მქონე სხვადასხვა სქესის პირების არაიზოლირებულ ბინაში შესახლების აკრძალვის შესახებ, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2002 წელს სს “თ.-ის” საერთო საცხოვრებელში, კერძოდ, მოსარჩელეთა მიერ დაკავებულ ერთ სამოთახიან არაიზოლირებულ ბინაში, მათ, ვითომდა დროებით, ჩაწერეს და შეასახლეს კობა მ.-ი და ეს მაშინ, როდესაც კ. მ.-ს 1993 წლიდან არავითარი შეხება აღარ ჰქონდა სს “თ.-თან”.

მოსარჩელენი აღნიშნავდნენ, რომ მათ ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მიმართეს როგორც საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების რესპუბლიკურ საბჭოს, ისე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტს, თუმცა უშედეგოდ. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა გამგეობამ კი სს “თ.-ს” მისცა წერილობითი მითითება, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მიემართა სასამართლოსთვის, მაგრამ სს “თ.-ს” არავითარი რეაგირება არ მოუხდენია აღნიშნულ წერილზე.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 1999წ. 12 ივლისს კ. მ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში სასაწოლე ტიპის საერთო საცხოვრებელში ფართის ფლობის უფლების მინიჭების მოთხოვნით, თუმცა სასამართლომ, სარჩელის უსაფუძვლობის გამო, უარი უთხრა მას აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამის შემდეგ მოსარჩელეებმა კვლავ მიმართეს თხოვნით სს “თ.-ს” აღეძრა შუამდგომლობა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ გამგეობაში მოსარჩელეთათვის მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ფლობის უფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, მოსარჩელეებმა წერილი მიიღეს სს “თ.-ისგან” იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სააქციო საზოგადოებას მოსარჩელეთა მიერ დაკავებული ბინა კვლავ მიაჩნდა სადავოდ, მაშინ, როდესაც კ. მ.-ისგან განსხვავებით, მოსარჩელენი კვლავაც ფლობდნენ სს “თ.-ის” აქციებს და იყვნენ ამ საზოგადოების თანამშრომლები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა, ვინაიდან თითოეულ მათგანს ფართის ფლობის უფლებით ჰქონდა დაკავებული თითო ოთახი ზემოთ მითითებული სასაწოლე ტიპის საერთო საცხოვრებლის ¹... ბინაში, ამ უკანასკნელში მათი ცხოვრების ხანდაზმულობის გამო, მოითხოვეს აღნიშნულ ბინაში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის უფლების მათთვის მინიჭება.

მოსარჩელე თ. მ.-მ რაიონული სასამართლოს სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა მოცემულ საქმეში მოპასუხედ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული გამგეობის ჩართვის თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა მოსარჩელენიც.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩართულ იქნა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული გამგეობა.

სს “თ.-მ” თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ... ¹315-ში მდებარე ¹... ბინიდან მ. ც.-ის, ნ. ღ.-ისა და თ. მ.-ის იძულების წესით გამოსახლება იმ მოტივით, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც თავის დროზე სადავო ბინაში შესახლებული იყვნენ დროებით, როგორც შესაბამისი წარმოების მუშა-მოსამსახურეები, აღარ იყვნენ სს “თ.-ის” თანამშრომლები და მათ მითითებულ საზოგადოებასთან გაწყვეტილი ჰქონდათ ყოველგვარი სამსახურებრივი ურთიერთობა, ხოლო აღნიშნული ბინა სს “თ.-ს”, რომელმაც, როგორც პლასტმასის ქარხნის სამართალმემკვიდრემ, სადავო ბინა 2002წ. 7 დეკემბერს აღიდგინა წარმოების ბალანსზე 9202 ლარის საბალანსო ღირებულებით, სჭირდებოდა საერთო საცხოვრებლად თავისი მუშა-მოსამსახურეებისთვის.

რაიონული სასამართლოს სხდომაზე სს “თ.-ის” წარმომადგენელმა დააზუსტა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ იგი, საერთო საცხოვრებლიდან მ. ც.-ის, ნ. ღ.-ისა და თ. მ.-ის გამოსახლებასთან ერთად, დამატებით ითხოვდა მათ დაკმაყოფილებას ქ. თბილისში, ... ¹2ა-ში მდებარე ოთხსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული სამი იზოლირებული ერთოთახიანი ბინით.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს _ მ. ც.-ს, ნ. ღ.-სა და თ. მ.-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ამავე გადაწყვეტილებით სს “თ.-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. ც.-ე, ნ. ღ.-ი და თ. მ.-ი გამოსახლდნენ ქ. თბილისში, ... მდებარე ¹... ბინიდან; მათვე გადაეცათ ქ. თბილისში, ... ¹...ა-ში მდებარე ოთხსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული სამი იზოლირებული ერთოთახიანი ბინა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც.-მ, ნ. ღ.-მა და თ. მ.-მ. აპელანტებმა ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. თბილისში, ... მდებარე ¹... ბინის პრივატიზების უფლების, მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართის მიხედვით, მათთვის მინიჭების შესახებ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული გამგეობისთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ნოემბრის განჩინებით წარმოება შეწყდა პრივატიზების უფლების მინიჭების შესახებ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელმა, მისივე მარწმუნებლების _ მ. ც.-ისა და ნ. ღ.-ის თანხმობით, უარი განაცხადა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე აპელანტების მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე მათთვის პრივატიზების უფლების მინიჭების შესახებ გლდანი-ნაძალადევის რაიონული გამგეობისთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, რასაც დაეთანხმნენ მოწინააღმდეგე მხარეები _ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული გამგეობა და სს “თ.-ი”, რის გამოც მოცემული საქმე აღარ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს და წარმოადგენდა კერძო-სამართლებრივ დავას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ნოემბრის განჩინებაზე თ. მ.-მ თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოცემული საქმის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისთვის განსახილველად დაბრუნება იმ მოტივით, რომ მას პირადად არ განუცხადებია უარი მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის არც ერთ ნაწილზე, ხოლო, ვინაიდან მოცემული საქმის მასალებში არსებული წერილობითი და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ სახლი, რომელშიც მდებარეობს სადავო ბინა, მთლიანად იმყოფება ადგილობრივი მმართველობის ბალანსზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული გამგეობა აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ამ საქმეში და, შესაბამისად, მოცემული საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 იანვრის განჩინებით თ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

აპელანტების _ თ. მ.-ის, მ. ც.-ისა და ნ. ღ.-ის წარმომადგენელმა გ. კ.-მა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, თავისივე მარწმუნებლების _ მ. ც.-ისა და ნ. ღ.-ის თანხმობით, უარი განაცხადა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე აპელანტების მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე მათთვის პრივატიზების უფლების მინიჭების შესახებ გლდანი-ნაძალადევის რაიონული გამგეობისთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, რასაც დაეთანხმნენ მოწინააღმდეგე მხარეები _ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული გამგეობა და სს “თ.-ი”. სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლება გ. კ.-ს მინიჭებული ჰქონდა აპელანტების _ თ. მ.-ის, მ. ც.-ისა და ნ. ღ.-ის მიერ 2003წ. 5 ივნისს მასზე გაცემული რწმუნებულებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. მ.-ს აღარ გააჩნდა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყვეტილია სსკ-ის 378-ე მუხლისა და 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქმე აღარ განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ მარწმუნებელი გაურკვეველი მიზეზით არ დასწრებია სასამართლო სხდომას, ხოლო მის წარმომადგენელს, სსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაბამისი რწმუნებულებით მინიჭებული ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის სპეციალური უფლებამოსილება და წარმომადგენელმა გამოიყენა კანონითა და რწმუნებულებით მისთვის მინიჭებული აღნიშნული უფლება, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მარწმუნებელს აღარ შეუძლია იდავოს ასეთი გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე, რადგან ამ შემთხვევაში მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისთვის საპროცესო კანონის აღნიშნული ნორმის საფუძველზე ამა თუ იმ სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისას იგულისხმება, აღნიშნული უფლებამოსილების რეალიზებიდან გამომდინარე, ნებისმიერ შედეგზე მარწმუნებლის წინასწარი თანხმობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს თ. მ.-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.