საქმე №ას-824-2019 18 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ზ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ნ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუ–მება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით თ.ნ–ძის (შემდეგში: განმცხადებელი ან მოპასუხე) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგანი შეიცვალა და ნაცვლად, ქ. თბილისი, ....., მდებარე უძრავ ქონებაში ს/კ ......, განმცხადებლის კუთვნილი წილის გასხვისება/დატვირთვის აკრძალვისა, მოპასუხეს (პ/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისი, ..... 47-ში მდებარე უძრავი ნივთების: 141 კვ.მ. ფართის ს/კ ......; 128.50 კვ.მ. ფართის ს/კ ...... და 34.30 კვ.მ ფართის ს/კ ........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
2. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ზ.მ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუ–მება. საჩივრის ავტორის განმარტებით, ყველა მტკიცებულება ერთვის სარჩელს, სადაც მოცემულია როგორც ქონების შეფასებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ კი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მიხედვით პირველ იძულებით აუ–ციონზე ქონება გადის შეფასებული ქონების ღირებულების 50 %-ის შესაბამისად, ხოლო განმეორებით აუ–ციონზე იკლებს აღნიშნული თანხა, რომ არაფერი ითქვას ნულოვან აუ–ციონზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი მისი უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილი).
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 1961 მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ განცხადებას ერთვის შპს „უ–ეს“ უძრავი ქონების შეფასების დასკვნები, რომლის მიხედვით ჩასანაცვლებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება (ქ. თბილისი, .....ქ. 47-ში მდებარე უძრავი ნივთების: 141 კვ.მ. ფართის ს/კ .....; 128.50 კვ.მ. ფართის ს/კ ...... და 34.30 კვ.მ. ფართის ს/კ ........) ტოლფასია იმ უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებებისა, რომელთა ჩანაცვლებასაც ითხოვს განმცხადებელი. ასევე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ განმცხადებლის სახელზე რიცხული ის უძრავი ქონებები, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება და განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის საგნის ჩასანაცვლებელი უძრავი ქონებები მდებარეობს ერთსა და იმავე მისამართზე, რაც დამატებითი გარემოებაა უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მოთხოვნის დასასაბუთებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს უზრუნველყოფის საგნის შეცვლის პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობებს, ხოლო საჩივრის ავტორი არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც შექმნიდა განსხვავებული სამართლებრივი შეფასების საფუძველს, ვიდრე გასაჩივრებულ განჩინებაშია ასახული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების გაუ–მებას მოითხოვს ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებას სსსკ-ის 1961 მუხლზე და ასევე მიუთითებს ამავე კოდექსის 196-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზეა დასაშვები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.). სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით სავსებით დასაბუთებულად იქნა უარყოფილი საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე.
9. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რაც ასახულია წინამდებარე განჩინების 4-5 პუნქტებში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების შეპირისპირების გათვალისწინებით, გამართლებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა სსსკ-ის 196-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, რადგან მოპასუხის მიერ შემოთავაზებული უძრავი ქონების ღირებულება ჩასანაცვლებელი წილის ღირებულების ტოლფასია, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებასა და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს. ამდენად, მოპასუხემ მართებულად გამოიყენა საპროცესო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი შესაძლებლობა, საწინააღმდეგოს კი საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს.
10. საჩივრის ავტორის არგუმენტების დაუსაბუთებლობის გამო უარყოფილია საჩივრის დაკმაყოფილება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.მ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე