საქმე №ას-987-2020 4 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა "ა–ი .." (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის და 19 მარტის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების არსებობის აღიარება და მოპასუხის ქონების ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2015 წლის 2 სექტემბერს სარჩელით მიმართა მ.ქ–კმა მოპასუხე ამხანაგობა „ა–ი ..-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ამხანაგობის დამფუძნებლებისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება; ასევე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ამხანაგობის საკუთრებაში არსებული 238 კვ. მ ფართობზე, კერძოდ: „ა–ი ..“-ის საკუთრებაში არსებული ორი ბინის, მდებარე %%%%%% ქ.N 19, მე-7 სართული, ბინა 43, 168.20 კვ.მ /ს.კ......./ და ..... ქ. N 19, მე-6 სართული, ბინა 32, 70.03 კვ. მ /ს.კ ....../ მესაკუთრედ აღიარება; მოსარჩელემ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა ყადაღა დაედოს ამხანაგობა „ა–ი ..“-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას ქვემოთ მითითებული მახასიათებლებით:
ა) ქ. თბილისი, ..... ქუჩა N 19 (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1831.00 კვ.მ), ფართი; (მშენებარე) 168.20 კვ.მ; მე-7 სართული, ბინა N 42, /ს.კ ...... ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ა–ი ...“; ID …..1;
ბ) ქ. თბილისი, ..... ქუჩა N 19 (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1831.00 კვ.მ), ფართი; (მშენებარე) 70.03 კვ.მ; მე-6 სართული, ბინა N 32, /ს.კ ..... ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ა–ი ..“; ID …..;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე მ.ქ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ამხანაგობას „ა–ი ..“-ს აეკრძალა მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონებების (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ქ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ქ–მა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით მ.ქ–ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და მის აღმოსაფხვრელად 10- დღიანი ვადა განესაზღვრა, ხოლო შემდეგ ეს ვადა კიდევ 10 დღით გაუგრძელდა იმავე სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით. 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი მ.ქ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2019 წლის 9 დეკემბერს განცხადებით მიმართა ამხანაგობა „ა–ი ..“-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა, რომ მოსარჩელე მ.ქ–ს დავალებოდა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდენლი ზარალის ანაზღაურების მიზნით უზრუნველყოფის გარანტია წარედგინა 62 577.30 ლარის ოდენობით,
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე ამხანაგობა „ა–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების შესახებ; მ.ქ–ს დაევალა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში, მოპასუხე ამახანაგობა „ა–ი ..“-ისათვის (ს/ნ ....) მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა განეხორციელებინა სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან ერთ-ერთის გამოყენებით: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის (ს/ნ ......) სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22; ანგარიშის N GEO7TB756323602010006 GEL) 62 577.30 ლარის შეტანით; ბ) აღნიშნული მიზნით სასამართლოსათვის 62 577.30 ლარზე ბანკის, სხვა საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული საბანკო გარანტიისან რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობის წარმოდგენით;
7. იმავე განჩინებით მ.ქ–ს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა წარედგინა მოპასუხე ამახანაგობის ქონებაზე განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული შესაძლო ზარალის ანაზღაურების მიზნით სასამართლოს განჩინებაში მითითებული შესაძლებლობებიდან ერთ-ერთის განხორციელების თაობაზე, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანდა განჩინებას მოპასუხე ამხანაგობა „ა–ი ..“-ის მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების მოტივაციისათვის სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ამხანაგობამ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მიზნით მოითხოვა, მოსარჩელეს წარმოედგინა უზრუნველყოფის გარანტია იმ თანხის 1 %-ის ოდენობით, რაც ამხანაგობა „ა–ი ..“-ს გამსესხებელი შპს „ე.პ–თვის“ უნდა გადაეხადა იმ დროისათვის სესხად უკვე მიღებული 4 114 556.87 ლარის მომსახურებისათვის და ეს თანხა 62 577.30 ლარს შეადგენს. სააპელაციო სასამართლომ პრეზუმირებულად მიიჩნია, რომ ამხანაგობა „ა–ი ..“-ისათვის უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის დაწესება ზიანის მომტანი იქნებოდა, რადგან ამხანაგობა სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე დამტკიცებული პროექტის მიხედვით აეშენებინა საცხოვრებელი კომპლექსი, მისი შემოსავლის ძირითად წყაროს კი ფართების რეალიზაცია შეადგენს. შუამდგომლობის ავტორმა- მოპასუხე ამხანაგობამ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა არაერთი მტკიცებულება (მათ შორის, ამხანაგობა „ა–ი “-სა და შპს „ე.პ–სს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლებიც ერთობლივად მიუთითებენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მოპასუხე ამხანაგობისათვის ზარალის მიყენების დიდ ალბათობაზე.
9. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 191-ე, 199-ე მუხლებზე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, ასევე - ამავე კოდექსის 57.1-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებას. დასახელებული ნორმის მეორე ნაწილი განსაზღვრავს იმგვარ შესაძლებლობასაც, რომ მოპასუხისათვის მოსალოდენლი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებებად გამოყენებული იქნას საბანკო გარანტია ან რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება, რომლითაც მ.ქ–ის სარჩელის უზურნველყოფის მიზნით მოპასუხე ამხანაგობას აეკრძალა მის საკუთრებად რიცხული ქვემოთ მითითებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ა) ქ. თბილისი, ...... ქუჩა N 19 (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1831.00 კვ.მ), ფართი; (მშენებარე) 168.20 კვ.მ; მე-7 სართული, ბინა N 42, /ს.კ ..... ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ა–ი ..“; ID ......;
ბ) ქ. თბილისი, ...... (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1831.00 კვ.მ), ფართი; (მშენებარე) 70.03 კვ.მ; მე-6 სართული, ბინა N 32, /ს.კ ..... ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ა–ი ..“; ID ....;
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრისა და 19 მარტის განჩინებებზე საჩივარი წარადგინა აპელანტის- მ.ქ–ის წარმომადგენელმა, რომელმაც გასააჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვა მათი უკანონიბისა და უსაფუძვლობის გამო.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით მ.ქ–ის წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან საჩივარი გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სსსკ-ის 1971 მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
14. სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების
რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტიან საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს; გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შემთხვევაში კი - ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს.
15. სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს - მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა
თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისა და მასზე წარდგენილი პრეტენზიის შეფასება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციის გათვალისწინებით (შეად. სუსგ-ებს: N ას- 859-825-2016 28.11.2016წ; N ას- 402-375-2017, 04.05.2017წ.).
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით. საქალაქო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია სარჩელზე და არ მიუღია გადაწყვეტილება. საქმის არსებითი განხილვის შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ქ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ქ–მა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით მ.ქ–ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და მის აღმოსაფხვრელად 10- დღიანი ვადა განესაზღვრა, ხოლო შემდეგ ეს ვადა კიდევ 10 დღით გაუგრძელდა იმავე სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი მ.ქ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში (იხ. ტ.4, ს.ფ. 138);
18. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტ მ.ქ–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, თითქმის რვა თვის გასვლის შემდეგ, ანუ 2019 წლის 9 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ამხანაგობა „ა–ი ..“-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა, რომ მოსარჩელე მ.ქ–ს დავალებოდა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდენლი ზარალის ანაზღაურების მიზნით უზრუნველყოფის გარანტია წარედგინა 62 577.30 ლარის ოდენობით (იხ. ტ.4, ს.ფ.28-33).
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე ამხანაგობის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების შესახებ და მ.ქ–ს დაევალა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში, მოპასუხე ამახანაგობა „ა–ი ...“-ისათვის (ს/ნ ....) მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა განეხორციელებინა სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან ერთ-ერთის გამოყენებით: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის (ს/ნ ....) სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22; ანგარიშის N GEO7TB756323602010006 GEL) 62 577.30 ლარის შეტანით; ბ) აღნიშნული მიზნით სასამართლოსათვის 62 577.30 ლარზე ბანკის, სხვა საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული საბანკო გარანტიისან რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობის წარმოდგენით (იხ. წინამდებარე განჩინმების 6-9 პუნქტები);
20. მ.ქ–მა არ შეასრულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინების მოთხოვნა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით დადგა ამავე სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი, რაც ცნობილი იყო მხარისათვის.
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციაზე: „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება
მიადგგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე“. ამ ნორმის დებულება
მოპასუხის ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული და იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიება უმართებულო გამოდგა, მოპასუხის უფლებებს ემსახურება, რათა მას დაუსაბუთებლად არ მიადგეს ზიანი. ამ ნორმის მოქმედება ვრცელდება
არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მაშინ, როდესაც სასამართლოს ექმნება ვარაუდი შესაძლო ზიანის დადგომაზე. ზიანის დადგომის ალბათობა
შეიძლება გამომდინარეობდეს, როგორც უშუალოდ საქმის მასალებიდან, ისე მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
22. განსახილველი შემთხვევა კიდევ ერთი პროცესუალური თავისებურებით ხასიათდება, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინების საფუძველზე მ.ქ–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იქნა ღონისძიება, თუმცა, საქალაქო სასამართლოს, სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქალაქო სასამართლოს იმავდროულად არ უმსჯელია არც საკუთარი ინიციატივით და არც მოპასუხის მოთხოვნით უზრუნველყოფის გამოყენებით მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფაზე. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რამდენიმე წლის შემდეგ, 2019 წლის 26 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ.ქ–ის სარჩელი და, შესაბამისად, გაუქმდა მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხის უძრავ ქონებასთან მიმართებით, ეს გადაწყვეტილება არ შესეულა კანონიერ ძალაში, რადგან მოსარჩელემ გამოიყენა საკუთარი საპროცესო უფლება და, 2019 წლის 22 აპრილს, სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, 2019 წლის 9 დეკემბერს, მოპასუხემ წარადგინა განცხადება ფაქტობრივად გაუქმებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო, რომელიც იურიდიულად ჯერ კიდევ არ იყო ძალმოსილი, არათუ მოპასუხის მიერ განცხადების წარდგენის დროს, არამედ მოპასუხის მოთხოვნაზე (მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, უზრუნველყოფის სახით, მოსარჩელისათვის ფულადი თანხის დაკისრების შესახებ) სააპელაციო სასამართლოს მიერ 2020 წლის 31 იანვარს მსჯელობის დროსაც. მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა მოპასუხემ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოითხოვა, რაც დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით, ხოლო მოსარჩელემ (აპელანტმა) არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება. შესაბამისად, აპელანტმა გაასაჩივრა, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის, ისე ამ განჩინების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული სამართლებრივი შედეგები, რომელიც იმავე სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინებაშია ასახული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი) .
23. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსზე და განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილია სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება, რომელმაც უნდა შეაფასოს სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენების მართებულობის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ მოტივაციას, ხოლო მისგან გამომდინარეობს ის შედეგები, რაც ამავე სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინებაშია ჩამოყალიბებული, რაც კანონს შეესაბამება და არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად, აპელანტის წარმომადგენლის საჩივრის საკასაციო სამართალწარმოების გზით განხილვის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი პროცესუალურ-სამართლებრივი დარღვევა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრისა და 19 მარტის განჩინებების გაუქმებას დაედება საფუძვლად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებაზე საჩივარი უარყოფილია მისი დაუსაბუთებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ქ–ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის და 19 მარტის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე