Facebook Twitter

საქმე №ას-1105-2020 18 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ხ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2017 წლის 30 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 508,19 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 998,19 ლარი, პროცენტი - 400 ლარი და ჯარიმა - 110 ლარი, ასევე გამარტივებული წარმოების საფასურის - 100 ლარისა და ყადაღის რეგისტრაციის საფასურის - 50 ლარის გადახდა.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი ითხოვდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, კერძოდ, ჯარიმის 110 ლარის, პროცენტის 400 ლარის, გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარისა და ამავე გამარტივებული წარმოებისათვის გამოყენებული ყადაღის რეგისტრაციის 50 ლარის დაკისრების ნაწილში. საჩივრის ფასად მითითებულია 660 ლარი.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, რის გამოც არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რამდენადაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო განეხილა სააპელაციო საჩივარი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ასაჩივრებდა, კერძოდ, ჯარიმის 110 ლარის, პროცენტის 400 ლარის, გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარისა და ამავე გამარტივებული წარმოებისათვის გამოყენებული ყადაღის რეგისტრაციის 50 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ. სააპელაციო საჩივარი ტომი 1, ს.ფ. 130-138).

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება არის 660 ლარი, კერძოდ, ჯარიმა 110 + პროცენტი 400 ლარი + გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარი + ამავე გამარტივებული წარმოებისათვის გამოყენებული ყადაღის რეგისტრაციის 50 ლარი.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და განსაზღვრულია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

19. როგორც უკვე აღინიშნა, დავის საგნის ღირებულება 660 ლარია, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მაგალითად, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი), გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), შეზღუდვას აწესებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლიც, რომელიც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობად განსაზღვრავს მის ღირებულებას ქონებრივ-სამართლებრივ დავებში.

21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Cecchetti v. San Marino, №. 40174/08, §28-§33, 9 აპრილი, 2013 წელი; Vasilchenko v. Russia, №. 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Ionescu v. Romania, №. 36659/04, §23-§36, 1 ივნისი, 2010 წელი).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი