Facebook Twitter

საქმე №ას-1125-2020 18 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „მ–მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.გ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრებს თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 400 ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება 1 700 ლარის ნაწილში (იხ. სააპელაციო საჩივარი ს.ფ. 251-259). მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2 000 ლარს, რის გამოც არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის მინიჭება.

8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოპასუხე თანახმა იყო მორიგებაზე. სწორედ მორიგების თანხის გამოკლებით რჩებოდა 1 700 ლარი, თუმცა მორიგება არ შედგა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში არასწორი ინტერპრეტაციით, მექანიკურად მიუთითა დავის საგნის ღირებულებად 1 700 ლარი, ხოლო ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მიხვდა, რომ დაუშვა შეცდომა. აპელანტმა მოამზადა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც დავის საგნის ღირებულებად 2 400 ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 1 700 ლარის დაკისრების ნაწილში. სააპელაციო საჩივარში საჩივრის ფასად ასევე მითითებულია 1 700 ლარი (იხ. სააპელაციო საჩივარი ტომი 1, ს.ფ. 251-259).

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

16. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

17. მოცემულ შემთხვევაში, რადგან სააპელაციო საჩივრის ღირებულება იყო 1 700 ლარი, იგი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

18. რაც შეეხება კერძო საჩივარში მითითებულ პრეტენზიას, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში არასწორი ინტერპრეტაციით, მექანიკურად მიუთითა დავის საგნის ღირებულებად 1 700 ლარი, ხოლო ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მიხვდა, რომ დაუშვა შეცდომა და მოამზადა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ვერ იქნება გაზიარებული.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. საპროცესო კანონმდებლობით, ნებისმიერი უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია თვით მხარის ნებაზე, შესაბამისად, მხარე თავისუფალია თავად განსაზღვროს, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო უფლებები. სწორედ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარეთა საპროცესო უფლება თავად განსაზღვრონ დავის საგანი. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა თავად განსაზღვრა დავის საგანი და, შესაბამისად, მისი მითითება, რომ მექანიკური შეცდომა დაუშვა, საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარში არაერთგან აქვს მითითებული, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ, მოთხოვნილია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 700 ლარის გადახდა (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტომი 1, ს.ფ. 252). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მომზადების ფაქტი დასტურდება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებს. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა 700 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 235).

20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Cecchetti v. San Marino, №. 40174/08, §28-§33, 9 აპრილი, 2013 წელი; Vasilchenko v. Russia, №. 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Ionescu v. Romania, №. 36659/04, §23-§36, 1 ივნისი, 2010 წელი).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი