Facebook Twitter

საქმე №ას-1585-2019 29 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო.ნ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ….. №40-ში მდებარე №4 ბინა (ს/კ …..) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) რეგისტრირებულია ო.ნ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მესაკუთრე“) საკუთრებად.

2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მ.ბ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე კანონდარღვევით წარმართული სააღსრულებო წარმოების საფუძველზე გახდა. მოპასუხის მითითებით, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ფასი მხოლოდ მისი ადგილმდებარეობისა და საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მონაცემების გათვალისწინებით განისაზღვრა, არ დათვალიერებულა ბინის შიდა ინტერიერი, რამაც ბინის ღირებულების არასწორად განსაზღვრა გამოიწვია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის მისი გადაცემა. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. მოსარჩელემ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება და დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

11. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, ის გარემოება, თუ რა საშუალებით მოიპოვა მესაკუთრემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება განსახილველი დავის ფარგლებში ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერები მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ნივთის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ გაბათილებულა.

14. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა შეჯიბრებითობის პრინციპი და აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეზეა სადავო უძრავი ქონების კანონიერად ფლობის ფაქტის დადასტურების ვალდებულება. მოპასუხე მხარეს მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია, არც კანონისმიერი საფუძველი არსებობს რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

15. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა საკუთრების უფლება და მიუთითა იმ წინაპირობებზე, რომლებიც საჭიროა არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის (მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება).

16. სააპელაციო პალატის მითითებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია სადავო უძრავ ქონების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

18. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ კასატორი არ ყოფილა უშუალო მოვალე და მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება თანხის დაბრუნების სანაცვლოდ, ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ განჩინების 4.3 და 4.4 პუნქტით არასწორად დაადგინა, რომ სადავოდ არ გამხდარა კასატორის მიერ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ბინის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

27. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

28. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 15-16), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

29. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

30. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული ვერ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერებას.

32. საკასაციო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვას, რომლის შესახებაც საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ განჩინებაში აღნიშნული აქვს, რომ ამ ტიპის დავების გადაწყვეტის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები წარმოადგენს.

33. კასატორის მითითებით, არასწორად დადგინდა მისი მხრიდან სადავო უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც კასატორის მხრიდან სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, ამგვარი გარემოების მტკიცების ტვირთი, სწორედ კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც სათანოდო მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, შესაბამისად, მისი პრეტენზიები დაუსაბუთებელია. მარტოოდენ მითითება, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს აქვს უფლება ფლობდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინას, ვერ იქნება მიჩნეული კვალიფიციურ შედავებად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე და დადგენილია, რომ კასატორი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%- 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს მ.ბ–ს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 3 დეკემბერს №8761540370 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე