Facebook Twitter

საქმე №ას-1693-2019 10 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ხ.გ–ი, ა.გ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ო.ჯ.კ–ი“ (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ლ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „მ.ო.ჯ.კ–მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.გ–ისა და ა.გ–ის (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ მემკვიდრედ ცნობის, სამკვიდრო ქონების მიღებულად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება ლ.გ–ი.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინება ხ.გ–მა თავისთვის და თავისი შვილისთვის გადასაცემად ჩაიბარა 2019 წლის 20 მარტს (პოლიციის მეშვეობით).

9. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 21 მარტს და ამოიწურა 2019 წლის 3 აპრილს, 24 საათზე. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იყო 2019 წლის 4 აპრილს, რის გამოც არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

11. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, მათი სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას 2019 წლის 3 აპრილს ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი აპელანტებმა გასაჩივრების ვადის დაცვით წარადგინეს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორებმა საჩივარს დაურთეს საფოსტო ამონაწერი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2019 წლის 20 მარტს ჩაიბარა ხ.გ–მა, როგორც თავისთვის, ასევე თავისი შვილისთვის, ა.გ–ისთვის გადასაცემად (იხ. ტ.1. ს.ფ. 224-225). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აითვალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული 14- დღიანი ვადა 2019 წლის 21 მარტიდან და მართებულად დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე იყო 2019 წლის 3 აპრილი. თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მოპასუხეებმა წარადგინეს დაგვიანებით, 2019 წლის 4 აპრილს, არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

19. აღნიშნული დასაბუთების საპირისპიროდ, კერძო საჩივრის ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ გასაჩივრების ვადა არ დაურღვევიათ, ვინაიდან მათი სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას 2019 წლის 3 აპრილს, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის ბოლო დღეს ჩაბარდა.

20. კერძო საჩივრის ავტორების ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივარზე დართულ დოკუმენტს, კერძოდ, საფოსტო ამონაწერს, რომლითაც დგინდება, რომ ხ.გ–მა გორის რაიონული სასამართლოსათვის განკუთვნილი გზავნილი საქართველოს ფოსტას 2019 წლის 3 აპრილს ჩააბარა (იხ. ტ.1. ს.ფ. 265).

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

23. ზემოაღნიშნული ნორმებისა და წარმოდგენილი მტკიცებულების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და აპელანტების სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ხათუნა და ა.გ–ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხათუნა და ა.გ–ების სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე