საქმე №ას-279-2020 15 ოქტომბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს ,,R. G.’, სს ,, R.c.’’ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.მ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, მეფუტკრე, აპელანტი ან კასატორი) ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ ......, მას მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ეწევა სოფლის მეურნეობას.
2. მოსარჩელეს, 2015 წელს ჰყავდა 60 ოჯახი ფუტკარი, 2016 წლის 1 იანვარს დარჩა 38 ოჯახი, 2017 წლის 1 იანვარს 25 ოჯახი, 2018 წლის 1 იანვარს 14 ოჯახი, ხოლო სარჩელის წარდგენის დროს, ფუტკრის ოჯახები აღარ ჰყავდა.
3. სარჩელის მოთხოვნა (დაზუსტებული)
3.1. მოსარჩელემ, სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, შპს ,,R.G-სა“ და სს ,, R.c.-ის“ (შემდეგში: მოპასუხე კომპანიები) წინააღმდეგ, მოითხოვა მათთვის ზიანის ანაზღაურების სახით 131 550 ლარის დაკისრება.
3.2. მოსარჩელის განმარტებით, ფუტკრის ოჯახების განვითარების შეჩერებისა და საბოლოოდ დაკნინება-დანელების პროცესი, არა ფუტკრის რომელიმე გადამდები დაავადების, არამედ მოპასუხე კომპანიათა საქმიანობამ გამოიწვია.
4. მოპასუხეთა შესაგებელი
4.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
5.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
6.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).
7.3. სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ-ები ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
7.4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე მუხლის მიხედვით წარმოშობილი მოთხოვნისას, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე მიუთითა და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
7.5. სააპელაციო სასამართლომ, დადგენილად მიიჩნია, რომ მეფუტკრეს, 60 ოჯახი ფუტკარი გაუნადგურდა, თუმცა, განმარტა, რომ მოსარჩელემ, მტკიცების ტვირთის ზემოხსენებული გადანაწილების გათვალისწინებით ვერ დაადასტურა რომ მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობდა მიზეზშედეგობრივი კავშირი, რამაც გამოიწვია სწორედ დამდგარი ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარადგინა არა ერთი დოკუმენტი, კერძოდ, მიმოწერა სხვადასხვა უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან, მის მიერ შედგენილი აქტები და სხვა, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება რაც უტყუარად დაადასტურებდა მისი პოზიციის სისწორეს წარდგენილი არ ყოფილა.
7.6. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) თანახმად წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის საფუძველზე. ამ კანონის 31-ე მუხლის თანახმად წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება წიაღით სარგებლობის კანონიერების და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დაცვა. წიაღით სარგებლობის ნებისმიერ სტადიაში წიაღით სარგებლობის სტანდარტების, ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულება, იმ ღონისძიებათა სისწორე და დროულობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, ბუნებრივი გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების, შენობებისა და ნაგებობების, მოქმედი და დაკონსერვებული სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების დაცვას წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან.
7.7. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების შემდეგ. ვიდრე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტები ძალაშია და სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების მიერ არ დაფიქსირებულა სარგებლობასთან დაკავშირებული დარღვევები, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არამართლზომიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
7.8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის შეფასებები საქმის გარემოებებთან და წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა მათზე.
7.9. ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი თანამდებობის პირისმიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. პალატა განმარტავს, რომ ასეთ მტკიცებულებად ასევე შეიძლება განხილულიყო კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, რომელიც უშუალოდ შეისწავლიდა გარემოში არსებული დაბინძურების კოფიციენტის ზემოქმედებას ფუტკრის ოჯახის სიცოცხლისუნარიანობასთან მიმართებით.
7.10. აპელანტის მიერ ზიანის გამომწვევ მიზეზად დასახელებული მოქმედებები, მომწამვლელი ციანიდური ხსნარები და აგრეთვე აფეთქებები, CO-ს სუნით გაჯერებული დაბინძურებული ჰაერი, მძიმეწონიანი გადამზიდი მანქანების და მადნის სამსხვრევ დამქუცმაცებელი დანადგარების (დრაბილკის) მეშვეობით გამოწვეული ხმაური და მტვერი; ქარის მეშვეობით ათობით კილომეტრის მანძილზე რადიუსით გადატანილი ციანიდური და კვარციტული მადნების მტვერით წყლის, მიწის და ჰაერის გაჯერება ვერ დადგინდება არასათანადო მტკიცებულებებით: რ.თ–ძის მიერ გაცემული ცნობით, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ მიერ შედგენილი კვლევის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის - „მწვანე ალტერნატივის“ მიერ მომზადებული ინფორმაციით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშით განსაზღვრულია გარემოს მონიტორინგის პროგრამა, რომლის თანახმად კომპანია ახორციელებს გარემოს შემადგენელი ელემენტების და მათ შორის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს განსაზღვრული პერიოდულობის მიხედვით. მონიტორინგი მიმდინარეობს საწარმოო ტერიტორიაზე, დადგენილი 500 მეტრის რადიუსში და ასევე ამ რადიუსის მიღმაც, უახლოესი დასახლებული პუნქტის (სოფ. .......) ტერიტორიაზეც. კომპანიის მიერ 2018 წლის მაგალითზე განხორციელებული პერიოდული გაზომვების მიხედვით ციანწყალბადმჟავის, ნახშირჟანგის, აზოტის ოქსიდების კონცეტრაცია სოფ. ....... უახლოესი მოსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ ფიქსირდება, ხოლო, რაც შეეხება, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის კონცენტრაციასა და ხმაურის დონეს, ეს პარამეტრებიც სოფ. ....... უახლოესი მობინადრის მიმდებარედ ნორმის ფარგლებშია.
7.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიზეზობრივი კავშირის კონტექსტში საჭიროა აღინიშნოს, რომ ფუტკრების დაღუპვის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა ფაქტორი თუ დაავადება. სააპელაციო სასამართლო იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. N07/264 წერილის თანახმად ფუტკრის ოჯახების დანელება-დაკნინების და დაღუპვის მიზეზი ვაროატოზთან ერთად შეიძლება იყოს ნოზემატოზიც, სხვადასხვა ბაქტერიოლოგიური ინფექციები და სხვა. იმავე ლაბორატორიის 13.03.2019წ. N07/230 წერილის თანახმად კი დაავადებათა დიაგნოსტიკის დეპარტამენტი იკვლევს ფუტკრის სხვა ისეთ ბაქტერიოლოგიურ დაავადებებს, როგორიცაა სალმონელოზი, ჰემორაგიული სეპტიცემია, პასტერელოზი, ასევე პარაზიტოლოგიური დაავადებები: ბრაულოზი, აკარაპიდოზი, ამებიოზი და სხვა. ამდენად სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. N07/264 წერილი პირდაპირ მიუთითებს, რომ ვაროატოზი შეიძლება იყოს ფუტკრის დაკნინება-დანელების და დაღუპვის მიზეზიც. საგულისხმოა ისიც, რომ თავად მოსარჩელემ გამოთქვა აზრი, რომ ვაროას ტკიპა მუდმივად არის ფუტკარში, რასაც ვერ მოსპობ და მუდმივად ხდება ამ პარაზიტისგან ფუტკრის განკურნება. მოწმე შ. დ–ის ჩვენებით, ის სისტემატურად წამლობდა ფუტკარს ტკიპას გამო, ასევე, მოწმე ვ. კ–იც ადასტურებს, რომ ...... ფუტკრის გავრცელებული დაავადებაა ვაროატოზი. მის ფუტკარსაც ჰყოლია და ყველას ფუტკარს აქვს ეს დაავადება.
7.12. ზემოდასახელებულის საპირისპიროდ, აპელანტი განმარტავდა, რომ სოფელ ...... რაიმე სახის ფუტკრის დაავადება არ ყოფილა გავრცელებული, თუმცა რომ არ არსებობდა დაავადება ეს ფაქტიც არ არის დადგენილი. აპელანტი ცალსახად ადანაშაულებს მოწინააღმდეგე მხარეებს მისი ფუტკრების დაღუპვაში. სააპელაციო საჩივარში აპელანტი ამტკიცებს, რომ ვინაიდან, საჭიროება არ არსებობდა ფუტკრების დაავადებების არსებობის თაობაზე მას არ მიუმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის. შესაბამისად, აღნიშნული სააგენტოს მიერ მოყვანილი მსჯელობა მის 26.03.2019წ. პასუხში გარემოს პესტიციდებით შესაძლო დაბინძურებასა და ფუტკრების სხვადასხვა დაავადებების თაობაზე წარმოადგენს ერთგვარ ხრიკს რომ ფუტკრების დაღუპვის მიზეზად სწორედ ეს გარემოებები იქნას აღიარებული სათანადო კვლევების ჩატარების გარეშე.
7.13. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მეფუტკრეს, არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, წლიდან-წლამდე დაუნელდა ფუტკარი, თუმცა რა ღონისძიებები გაატარა ამ პროცესის შესაჩერებლად, ან რატომ არ მიმართა მან კომპეტენტურ ორგანოებს ან საექსპერტო დაწესებულებებს ფუტკრის დანელების მიზეზის დასადგენად, გაურკვეველია.
7.14. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე, მოწმე რ.თ–ძის ჩვენებაზე, რომელიც აღნიშნავდა, რომ დღესდღეობით საქართველოში არ მოქმედებს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, რომელიც შესაბამის საწარმოებს დააკისრებდა ვალდებულებას თავიანთი საქმიანობა ეწარმოებინათ იმგვარად, რომ გამორიცხული ყოფილიყო მეფუტკრეობისთვის ზიანის მიყენება და შეიქმნებოდა სპეციალური რეგულაციები, რომელიც დაავალდებულებდა კერძო სამართლის სუბიექტებს ისეთი სახის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რომელიც მომავალში ზიანის მიყენებას აარიდებდა, როგორც გარემოს, ასევე სხვა სუბიექტებს. 2015-2018 წლებში - ფუტკრის ოჯახთა თანდათანობით დაკნინება-დანელების პროცესი ინტოქსიკაციის პირობებში მისაღებია, ისე, რომ მეფუტკრემ შეიძლება არც იცოდეს მიზეზი, ვინაიდან, ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო საკვები ბაზის უკმარისობით ან ინტოქსიკაციით. მან სოფელ ...... და მიმდებარე ტერიტორიაზე, მცენარეული საფარის მტვრით და ყვავილის ნექტარის მძიმე მეტალებითა და ტოქსინებით დაბინძურების ფაქტი დაასკვნა ვიზუალური დათვალიერების გარეშე, პრესით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები მას არ ჩაუტარებია. მისივე განმარტებით, ლაბორატორიულად ამის შემოწმება დღესდღეობით შესაძლებელია, თუმცა ფუტკრის ან მცენარის საკვლევი ნიმუშები ნექტარის ინტოქსიკაციის ფაქტის ან მასში მძიმე მეტალების კონცენტრაციის მიზნით ლაბორატორიაში არ წარდგენილა.
7.15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ, ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა თავის სარჩელს. ფუტკრის თანდათანობით დაკნინება-დანელების არაერთი მიზეზი დასახელდა, მათ შორის ბაქტერიული და ინფექციური დაავადებები, აგრეთვე ნიადაგის პესტიციდებითა და ჰერბიციდებით დამუშავება. მოსარჩელემ, უტყუარი მტკიცებულება, რომ რომ ფუტკრის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი მოპასუხეთა საქმიანობა იყო, ვერ დაადასტურა.
8. აპელანტის საკასაციო საჩივარი
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, და არაობიექტურად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რითიც დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.
8.3. კასატორი დამატებით, სხვადასხვა ჯურნალების სტატიებში გამოთქმულ მოსაზრებებზე ამყარებს საკუთარ პოზიციას და განმარტავს, რომ ზიანის არსებობის ფაქტები საყოველთაოდაა დადგენილი, რაც მას ათავისუფლებდა ასეთი ზიანის მტკიცებისგან და ისედაც უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
16. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
18. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხეების წინააღმდეგ, მისი ფუტკრის ოჯახების დაკნინება-დანელების პროცესიდან გამომდინარეობს, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. უდავოა, რომ ასეთი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, სპეციალური ნორმების არარსებობის პირობებში სსკ-ის 992-ე მუხლი (იხ. აგრეთვე სსკ-ის 408.1 მუხლი) წარმოადგენს, რომელიც გარკვეული ელემენტებისგან შედგება, და სარჩელის წარმატებაც, სწორედ ნორმის დისპოზიციაში აღწერილი ელემენტების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე დამთხვევაში მდგომარეობს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენებისას, ასეთი ზიანით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნისას, მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს ზიანის მიყენებისა და მის მიერ დასახელებული პირის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების კავშირი, ხოლო ასეთი კავშირის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. საპირისპიროდ, მოპასუხეა ვალდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული და წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც უნდა ამყარებდეს სასარჩელო მოთხოვნასა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, გააქარწყლოს აგრეთვე შესაბამისი მტკიცებულებებით.
21. ამდენად, პირველ რიგში, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, მინიმუმ ზიანის დადგომის ფაქტი (იხ. წინა პუნქტი), ან უნდა მიუთითოს ისეთ გარემოებებზე, რომელიც უდავოდ ადასტურებს ასეთი ზიანის არსებობას მოპასუხის არამართლზომიერი და ბრალეული ქმედების შედეგად.
22. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, აგრეთვე, მოსარჩელის ახსნა განმარტებით, მხოლოდ ის დგინდება, რომ მოსარჩელეს ნამდვილად ჰყავდა ფუტკრის ოჯახები, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ შემცირდა, ხოლო, შემდეგ სრულად დანელდა. ამ პირობებში, მოსარჩელე, ვერ უთითებს კონკრეტულ მტკიცებულებაზე, თუ რას შეიძლება გამოეწვია ფუტკრის დანელება, ამასთან, ის განმარტავს, რომ შესაბამისი კვლევა იმ მიზეზით არ ჩაუტარებია, რომ ფუტკარს რაიმე დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდა. მოსარჩელის მითითება, ფუტკრის ოჯახების თანდათანობით დანელებასა და შესაბამისი კვლევის ჩატარების აუცილებლობის საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგოა და გამორიცხავს ზიანის მიმყენებელ პირად მოპასუხეთა დასახელებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, თავადაც უთითებს, ისევე, როგორც სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წერილშია მითითებული, რომ ვაროატოზი, ფუტკრის ტკიპა, მუდმივად არის ფუტკარში, რაც მისი დაღუპვის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ამ პირობებში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, რაიმე სახის მტკიცებულება, რომ დასახელებული ან სხვა დაავადება არ გააჩნდა მის ფუტკარს და შესაბამისად სწორედ ეს მიზეზი არ გახდა მისი ფუტკრის დანელების და სრულად დაღუპვის მიზეზი, რაც სხვადასხვა შესაძლო მიზეზების არსებობისას, შესაბამისი მტკიცების არარსებობის პირობებში, ბუნებრივია გამორიცხავს, მოპასუხეთა ბრალეულობას დამდგარ შედეგში, ან მათი საქმიანობის შედეგად ფუტკრის განადგურებას.
23. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ სხვადასხვა ორგანიზაციების ზოგად კველვებში თუ სხვადასხვა ჯურნალებში გამოქვეყნებული სტატიები და მათში მოყვანილი ფაქტები გარემოს დაბინძურების შესახებ, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად უნდა იქნეს მიჩნეული და მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს მტკიცების ტვირთისგან დაუსაბუთებელია. მეტიც, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ სტატიებსა თუ ზოგადი ხასიათის კველვებში მითითებული გარემოებები (შენიშვნა: თავად ეს კვლევები, ვერ გახდება განსახილველ შემთხვევაში დავის საგანთან და დელიქტური ქმედების შეფასებასთან უშუალო კავშირის არარსებობის გამო, შეფასების საგანი), სწორიც რომ იყოს, არ მტკიცდება ასეთი ქმედებების შედეგად ფუტკრის დანელების ფაქტები.
24. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. კასატორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინების საფუძველზე გათავისუფლებულია ბაჟისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე