Facebook Twitter

საქმე №ას-720-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,გ–ა’’ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს "მ.ე. და ს–ი", შპს "მ.ე. და ს–ის" პარტნიორი ნ.ჯ–ა, შპს "მ.ე. და ს–ის" დირექტორი ა.ფ–ი, ა.ფ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „გ–ას“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, შპს „მ.ე. და ს–ის“, შპს „მ.ე. და ს–ის“ პარტნიორის ნ.ჯ–ას, შპს „მ.ე. და ს–ის“ დირექტორის ა.ფ–ის, ა.ფ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას - 2020 წლის 6 მარტს ესწრებოდნენ აპელანტის წარმომადგენლები, ამდენად, მხარე, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 2591-ე მუხლი).

5. საქმეში არსებული მასალებით (ტ.1,ს.ფ.319), დასტურდება, რომ მხარის წარმომადგენელმა, 2020 წლის 1 მაისს მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ქვეყანაში არსებული საგანგებო რეჟიმისა და გადაადგილების სხვადასხვა აკრძალვების გამო ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება, რის გამოც, მისთვის უცნობია, გაეგზავნათ თუ არა სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლი, მხარეს ან მის წარმომადგენლებს.

6. საქმის მასალებით, აგრეთვე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2020 წლის 13 მაისს, გასაჩივრების, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორი, სასამართლოში გამოცხადების, სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებად, ქვეყანაში გამოცხადებულ კარანტინზე უთითებს, რომლის გამოც შეუძლებელი იყო გადაადგილება და შესაბამისად სასამართლოში გამოცხადება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

13. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

14. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადს გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია“.

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა, არც იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით, კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით მიმართა, შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე, ვალდებული იყო, სათანადო წესით და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველეყო სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში.

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ მიუხედავად, ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რაც ნეგატიურად აისახა სახელმწიფოში არსებულ კერძო და საჯარო სექტორში არსებული ორგანოებისა თუ კომპანიების მუშაობის გამართულობაზე, აგრეთვე, მოქალაქეთა ზოგად მდგომარეობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობას ვერ ადასტურებს მხარე ობიექტური საფუძვლით, და მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობდა, არ წარმოადგენს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამასთან, გასათვალისწინებელია გარემოება, რომ შესაბამის სადავო პერიოდში, ნამდვილად იყო მთავრობის დადგენილებით მთელი რიგი შეზღუდვები დაწესებული, მათ შორის გადაადგილების შესახებ, თუმცა ამავე დადგენილებაში არაა ნახსენები, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების შეჩერების შესახებ, რაც იმპერატიული ხასიათის, საპროცესო მოქმედებათა შესრულებისთვის განსაზღვრული ვადების პირობებში, სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს მოქმედების განხორციელების ვადა მხარეს, კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით და გათვალისწინებით.

17. კერძო საჩივრის ავტორი, სასამართლოსთან კომუნიკაციის შეუძლებლობაზეც უთითებს, რაც არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით, ამასთან, არ აქვს წარმოდგენილი მაგალითად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული, თუნდაც ცალმხრივი მიმართვა, კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში, რომელსაც, შესაძლოა, პოზიტიურად ემოქმედა მხარის გასაჩივრების უფლებაზე (აღნიშნული მსჯელობა ზოგადი ხასიათის შეფასებაა, და ვერ მიესადაგება რომელიმე საქმეს, ვინაიდან, კონკრეტული საპროცესო მოქმედების მართლზომიერება, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ხელახლა უნდა შეფასდეს). გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მხარის პრეტენზიით შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში შეუძლებელი იყო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმით, დროულად შევსებულიყო სააპელაციო საჩივარი და წარდგენილიყო სასამართლოში, აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადაში, თუნდაც, ფორმის დაუცველად სააპელაციო საჩივრის წარდგენაც არ დასტურდება სასამართლოში (აღნიშნული, სულ სხვა სამართლებრივ შედეგთან იქნებოდა დაკავშირებული), რაც დამატებით მიუთითებს, მხარის მიერ საპროცესო მოქმედების სუბიექტური მიზეზებით შეუსრულებლობაზე.

18. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,გ–ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე