Facebook Twitter

საქმე №ას-784-2020 25 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ლ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.დ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ლ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ხ.დ–ას სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ, უძრავი ნივთის, მდებარე, ქ. თბილისში, ...... სართ. 5, ბ.60, ფართი 98.51კვ.მ., /ს/კ ......../, გამოთხოვისა და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

2. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის, სხვა სასამართლოში მიმდინარეობს დავა, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების ნამდვილობის შესახებ, არ შეაჩერა საქმის წარმოება და გადაწყვიტა წინამდებარე საქმე.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ)სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;

6. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) :

8. საქმეში არსებული საკუთრების უფლების ამონაწერის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება, 2019 წლის 13 მაისის მდგომარეობით მოსარჩელის საკუთრებაა და რაიმე ვალდებულებით მოპასუხის სასარგებლოდ არაა დატვირთული.

9. საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით დასახელებული უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია;

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 168-ე ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილსა მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

12. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით, კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდა.

13. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მსჯელობა საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. სუსგ №ას-415-415-2018, 04.05.2018წ.). ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (სუსგ Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობს სხვა დავაც, სადაც მოსარჩელეს განსახილველი დავის მოპასუხე, ხოლო მოპასუხეს პირიქით, წინამდებარე დავის მოსარჩელე წარმოადგენს. დადგენილია, აგრეთვე, რომ სხვა დავაში, მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, რომლის მიხედვითაც სადავო ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეს, აკრძალული აქვს ქონების გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა. ამდენად, სხვა დავის გადაწყვეტამდე, მიმდინარე დავის შეჩერების საფუძველი არ არსებობს ვინაიდან, სადავო საგანს საფრთხე ისედაც ვერ შეექმნება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო, ხოლო დასახელებულ ორ საქმეს შორის ისეთი კავშირი, რომ სხვა საქმეში გარკვეული გარემოებების დადგენამდე, მიმდინარე საქმის განხილვა შეუძლებელი იყოს, არ არსებობს, ვინაიდან, საკუთრების უფლება დადასტურებულია კანონით დადგენილი წესითა და ფორმით (დამატ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ლ–ძის საკასაციო, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ნ.ლ–ძეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ჭ–ძის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის (საგადახდო დავალება N1590421368, გადახდის თარიღი 2020 წლის 25 მაისი), 70% – 70 ლარი და გ.ჭ–ძის (პ/ნ: ....) მიერ გადახდილი 50 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2020 წლის 29 სექტემბერი), 70% – 35 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე