Facebook Twitter

საქმე №ას-1010-2020 23 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ც–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.დ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, მ.ც–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ლ.დ–ის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 374-ე, 369-ე და 2591 მუხლებით.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა, საქალაქო სასამართლოს, სარეზოლუციო ნაწილის გმაოცხადებიდან მე-16 დღეს - 2020 წლის 16 თებერვალს მიმართა დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით, ხოლო იმავე მოთხოვნით, მოსარჩელის მეორე წარმომადგენელმა, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-19 დღეს მიმართა სასამართლოს. ამ თარიღების შემდეგ (გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა), მხარეს ან მის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის აღარ მიუმართავთ.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო ამავე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან - 2020 წლის 31 იანვრიდან 30-ე დღის შემდეგ - პირველ მარტის შემდეგ და ამოიწურა 16 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია იმავე წლის 23 მარტს, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებისთვის კანონით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას - 2020 წლის 31 იანვარს არც მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლებმა, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-16 და მე-19 დღეს მიმართეს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

11. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

12. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

15. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის წარმომადგენლებმა, გადაწყვეტილების გამოცხადების მე-16 და მე-19 დღეს მიმართეს სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით, ამ თარიღების შემდეგ კი, მხარეს ან მის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსთვის აღარ მიუმართავთ.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე 20 თებერვალი, ხოლო 30-ე დღე 1 მარტი იყო. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყო და იმავე წლის 16 მარტს ამოიწურა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი 2020 წლის 23 მარტსაა წარდგენილი, გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

18. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად (იხ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

19. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

20. საკასაციო სასამართლო, დამატებით კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის, რომ გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა არც მხარე და არც წარმომადგენლები, პასუხად მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის სხდომაზე გამოცხადებული იყვნენ როგორც მხარე, აგრეთვე მისი ორივე წარმომადგენელი, აღნიშნული სხდომის დასრულებისას, მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადადო 2020 წლის 31 იანვარს 10:00 სთ-ზე, რაც მხარეთათვის და მათი წარმომადგენლებისთვის ცნობილი იყო, შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მხარის ან მისი წარმომადგენლის სხდომაზე არ ყოფნა, იმ პირობებში, როდესაც კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე, ვერ გახდება მისი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ც–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე