Facebook Twitter

საქმე №ას-1474-2020 20 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მირანდა ერემაძე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ს.ნ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ხ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ს.ნ–ის სარჩელი ხ.ხ–ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის - ნ.ჯ–ძის 2018 წლის 22 ოქტომბრის განკარგულებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოსამართლის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობისა და სასამართლოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისთვის მოსარჩელე ს.ნ–ი დაჯარიმდა 50 (ორმოცდაათი) ლარით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის - ნ.ჯ–ძის 2018 წლის 22 ოქტომბრის განკარგულებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ხოლო მოსარჩელემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, ს.ნ–ის საჩივარი არ დაკამაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის - ნ.ჯ–ძის 2018 წლის 22 ოქტომბრის განკარგულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ს.ნ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება ს.ნ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება:

- ს.ნ–ის სარჩელი ხ.ხ–ისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯების 450 ლარის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა;

- ხ.ხ–ს ს.ნ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით გაწეული 450 ლარის და სააპელაციო წარმოებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა;

- გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება ს.ნ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- ს.ნ–ის სარჩელი ხ.ხ–ისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯების 450 ლარის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა;

- ხ.ხ–ს დაეკისრა ს.ნ–ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით გაწეული 450 ლარის და სააპელაციო წარმოებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა;

- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე, მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორი ს.ნ–ი ესწრებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ტომი 4, ს.ფ. 222-233). დადგენილია ასევე, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (2019 წლის 18 დეკემბერი) და არაუგვიანეს 30 დღისა (2019 წლის 28 დეკემბერი, ვინაიდან 28 და 29 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2019 წლის 30 დეკემბერს) განცხადებით არ მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის და არ მოუთხოვიათ 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2019 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2020 წლის 20 იანვარს. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2020 წლის 26 ნოემბერს (იხ. ტ. 5 ს.ფ. 6-294), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

გარდა ამისა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე ითხოვს მის წინააღმდეგ გამოტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის - ნ.ჯ–ძის 2018 წლის 22 ოქტომბრის განკარგულების გაუქმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ს.ნ–ის მიერ განკარგულების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კი მხარე კვლავ მოითხოვს მის წინააღმდეგ გამოტანილი განკარგულების გაუქმებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ს.ნ–ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისად, მას არ დაუკარგავს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობა, რაც შეესაბამება ზემოხსენებულ რეგულაციას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ განკარგა სამართლებრივი დაცვის საშუალებები და ზემდგომი წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განკარგულება, ეს განჩინება შემდგომ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება (სუსგ საქმე №ას-1550-1470-2017, 14 თებერვალი, 2020 წელი). აღნიშნულ შემთხვევაში, მოცემული საკასაციო საჩივარი არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.ნ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე