¹ბს-833-798(კს-06) 15 ნოემბერი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. დ.-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 28 ივლისს ქ. ბათუმის არქმშენინსპექციამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ე. დ.-ის მიმართ და ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹2-ში მცხოვრებ ე. დ.-ის მიერ უკანონოდ რეკონსტრუირებული საცხოვრებელი ბინის დემონტაჟი მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ე. დ.-ემ ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹2-ში მშენებლობის ნებართვის გარეშე განახორციელა საცხოვრებელი ბინის რეკონსტრუქცია-მშენებლობა. იგი ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის 2005 წლის 23 ივნისის ¹117 წერილით გაფრთხილებულ იქნა უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის შეჩერებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანის თაობაზე. გაფრთხილების მიუხედავად, ე. დ.-ემ მშენებლობის ნებართვის გარეშე გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები, რითაც «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «კ» პუნქტის «კა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები დაარღვია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის 2005 წლის 7 ივლისის ¹20 დადგენილებით ე. დ.-ეს დაევალა მის მიერ რეკონსტრუირებული საცხოვრებელი ბინის 10 დღეში მოშლა, რაც მოპასუხემ არ განახორციელა, რის გამოც ქ. ბათუმის არქმშენინსპექცია იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა და რეკონსტრუირებული ბინის იძულებითი მოშლა მოეთხოვა.
2005 წლის 29 აგვისტოს ე. დ.-მ შეგებებული სასარჩელო განცხადება წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის 2005 წლის 7 ივლისის ¹20 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ დადგენილებაში მითითებული იყო «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ი» ქვეპუნქტის მიხედვით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევაზე. მოცემულ შემთხვევაში კი ე. დ.-ე აწარმოებდა ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹2-ში მდებარე ¹40 ბინის სარემონტო სამუშაოებს, რაც «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად არ წარმოადგენდა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობას. ამასთან, ე. დ.-ემ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ე. დ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის არქმშენინსპექცის 2005 წლის 7 ივლისის ¹20 დადგენილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის უფლებამონაცვლე _ ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივმა სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შემოტანილი, ვინაიდან ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახური მოცემულ საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა და არც საქმის მასალებით დასტურდებოდა მისი უფლებამონაცვლეობის საკითხი.
მოცემული განჩინება ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივმა სამსახურმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:
ქ. ბათუმის საკრებულოს 2005 წლის 9 დეკემბრის ¹14-2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახური წარმოადგენდა არქმშენინსპექციის რეორგანიზებულ სამსახურს, ანუ მის სამართალმემკვიდრეს.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და მისი არსებითად განხილვა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინება ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2006 წლის 13 ივლისს ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივმა სამსახურმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და განუხილველად დატოვა ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ აპელანტი მოცემულ საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა და არც საქმის მასალებით დასტურდებოდა მისი უფლებამონაცვლეობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე პირობა არ არსებობს და თუ ხარვეზი თავისი ხასიათითა და შინაარსით ისეთია, რომ მისი შევსება შესაძლებელია, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ, ხოლო თუ ხარვეზი სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება შევსებული, მაშინ გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მისი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, გამოეთხოვა ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურისაგან აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაედგინა უფლებამონაცვლეობის საკითხი. მით უმეტეს, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება მხარეთა დასწრების გარეშე იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილული.
საქმეში წარმოდგენილია ქ. ბათუმის საკრებულოს 2005 წლის 9 დეკემბრის ¹14-2 გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახური ბათუმის არქმშენინსპექციის სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა და ყველა სამართალურთიერთობაში მისი უფლებამონაცვლე გახდა (ს.ფ 102).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურს ბათუმის არქმშენინსპექციის უფლებამონაცვლედ და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირად მიიჩნევს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახური სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირად უნდა იქნეს მიჩნეული, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინება ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.