საქმე №ა-252-შ-4-2021 4 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა–ია
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის დუსელდორფის სამხარეო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე #267F203/16)
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, დუსელდორფის სამხარეო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით თ.კ–ძესა (შემდეგში - განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი, ძირითადი დავის მოპასუხე) და ა.ა–იას (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე, ძირითადი დავის მოსარჩელე) შორის, ბოვ რადუსის მმაჩის ბიუროში (დანია) 2011 წლის 12 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი # 3175/2011) შეწყდა.
2. ძირითადი დავის მოპასუხემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა განქორწინების თაობაზე გერმანიის, დუსელდორფის სამხარეო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტაციით - აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების ასლის ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით, ასევე თავად განმცხადებლის განმატებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. გერმანიის დუსელდორფის სამხარეო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება განქორწინების თაობაზე მიღებულია ზეპირი მოსმენით, მხარეთა ორმხრივი (მოსარჩელის და მოპასუხის) მონაწილეობის შედეგად. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მოპასუხე ითხოვს მის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით, განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის, დუსელდორფის სამხარეო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენის საფუძველზე, რომელსაც ესწრებოდა ორივე მხარე. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ამასთან, გადაწყვეტილების ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე ითხოვს თავად მოპასუხე.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.კ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, დუსელდორფის სამხარეო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება ((საქმე #267F203/16), რომლითაც ა.ა–იასა და თ.კ–ძეს შორის შეწყდა ბოვ რადუსის მმაჩის ბიუროში (დანია) 2011 წლის 12 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი #3175/2011);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ვ. კაკაბაძე