Facebook Twitter

საქმე №ა-3192-შ-70-2020 5 თებერვალი, 2021წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რუსეთის ფედერაციის ტამბოვსკის ოლქის კირსანოვსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ს.ა.კოროტკიხი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.დ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ტამბოვსკის ოლქის კირსანოვსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის 2020 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ტამბოვსკის ოლქის კირსანოვსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის 2020 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ტამბოსკის ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დანაშაულებათა აღსრულების ფედერალური სამსახურის „კოლონია-დასახლება №2-ის სარჩელი ლ.დ–ას მიმართ ქონების განადგურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე 4863 რუბლისა და 6 კაპიკის ოდენობით დაკმაყოფილდა და ლ.დ–ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4863 რუბლისა და 6 კაპიკის გადახდა. ასევე ლ.დ–ას ტამბოვსკის ოლქის ქ.კირსანოვის ადმინისტრაციის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 400 რუბლის ოდენობით.

რუსეთის ფედერაციის ტამბოვსკის ოლქის კირსანოვსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელმა მოსამართლე ს.ა.კოროტკიხმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ტამბოვსკის ოლქის კირსანოვსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის 2020 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 22 მაისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ტამბოვსკის ოლქის კირსანოვსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ს.ა.კოროტკიხის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

აღნიშნული განჩინება და შუამდომლობა თანდართული მასალებით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ლ.დ–ას შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე. ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ მისამართი არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ტამბოვსკის ოლქის კირსანოვსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ს.ა.კოროტკიხის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარე ლ.დ–ას სწორიმი მისამართი. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსეთის ფედერაციის ტამბოვსკის ოლქის კირსანოვსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ს.ა.კოროტკიხის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ტამბოვსკის ოლქის კირსანოვსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის 2020 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, დარჩეს განუხილველად.

2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი