საქმე №ა-2753-შ-56-2020 5 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ც–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით დ.ა. ძე ა–ის მოთხოვნა ნ.ტ. ასული ც–ას, ა.ს. ძე კ–ას მიმართ ფულადი სახსრების დაბრუნების ვალდებულების სოლიდარულ პასუხისმგებლობად ცნობისა და ფულადი სახსრების გადახდევინების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ.ც–ას დ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა 776 790 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლის (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღისათვის არსებული რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის სავალუტო კურსით) ასევე ნ.ც–ას დ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხა 60 000.00 რუბლის ოდენობით.
დ.ა–ის წარმომადგენელმა ნ.ყ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ნ.ც–ასათვის თანხის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დ.ა–ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წარმოადგინოს ნ.ც–ას საქართველოსთან შემხებლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დადგინდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია განსახილველ საქმეზე და დააზუსტოს ნ.ც–ას საცხოვრებელი მისამართი.
2020 წლის 20 ოქტომბერს დ.ა–ის წარმომადგენელმა ნ.ყ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 2 თვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ.ა–ის წარმომადგენელ ნ.ყ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დ.ა–ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წარმოადგინოს ნ.ც–ას საქართველოსთან შემხებლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დადგინდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია განსახილველ საქმეზე და დააზუსტოს ნ.ც–ას საცხოვრებელი მისამართი, ხოლო 2020 წლის 20 ოქტომბერს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 2 თვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს გონივრული ვადა ჰქონდა მიცემული ხარვეზის გამოსასწორებლად, მაგრამ მან დღემდე არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად, მოთხოვნა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ა–ის წარმომადგენელ ნ.ყ–ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. დ.ა–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნ.ც–ასათვის თანხის დაკისრების ნაწილში, დარჩეს განუხილველად.
3. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი