საქმე №ას-136-2019 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ი, ნ.ა–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაუბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.კ–მა და ნ.ა–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ.მ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება გამოთხოვის, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრე მხარისათვის გადაცემისა და მიწის ნაკვეთის სარგებლობის აკრძალვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მათ საკუთრებაში არის უძრავი ქონება, რომელსაც, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოპასუხე. მიწის ნაკვეთებზე გაშენებულია თხილის ბუჩქები, თუმცა მოპასუხე შესაძლებლობას არ აძლევს მოსარჩელეებს, კუთვნილი ნაკვეთებით ისარგებლონ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ის მართლზომიერი საფუძვლებით – გარიგებების საფუძველზე ფლობს მოსარჩელეთა საკუთრებად აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს. 2013 წლის 13 აგვისტოს მან ზ.ც–აგან, ხოლო 2013 წლის 14 აგვისტოს – ნ.ჩ–საგან შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. რაც შეეხება მოსარჩელეთ, მათ, მართალია, საკუთრების უფლებით აქვთ რეგისტრირებული აღნიშნული მიწის ნაკვეთები, თუმცა არ არსებობს მიწის მიღება-ჩაბარების №1165 და №1166 აქტები იმ სახით, რაც რეგისტრაციის საფუძვლად იქნა მითითებული, რადგან მოსარჩელეთა სახელზე გაცემულია №412 და №397 აქტები, რომლებზეც შემდგომ მიწერილია №1166 და №1165 აქტები. მოქმედი კანონმდებლობა რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, ამდენად, რეგისტრაციის უტყუარობას სანდოობა ეკარგება. შესაბამისად, რეგისტრაცია განხორციელებულია უფლებადამდგენი დოკუმენტების გარეშე, რეგისტრირებული მონაცემები არ არის თანხვედრაში უფლებადამდგენ დოკუმენტებთან, რის გამოც რეესტრის ჩანაწერი უტყუარი არ არის, რაც გამორიცხავს მოსარჩელეთა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია მოსარჩელეთა სახელზე. აღნიშნულ ნაკვეთებს, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოპასუხე.
7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო, მესაკუთრეებისათვის კუთვნილი ქონება დაებრუნებინა.
8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება მოსარჩელეთა საკუთრებად დარეგისტრირდა არამართლზომიერად.
9. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელეთა საკუთრებად. აპელანტი არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 248-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების წარმოშობის მართლზომიერების თაობაზე ვერ იმსჯელებს.
11. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 სექტემბრის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში რეგისტრირებული ნაკვეთები სწორედ ის ნაკვეთებია, რომელთაც მოპასუხე ფლობს. საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც ამგვარ გარემოებაზე მიუთითებია.
12. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელეები სადავო ქონების მესაკუთრეები არიან.
13. ამავდროულად, საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ სადავო ნაკვეთები აპელანტმა ნ.ჩ–ძისა და ზ.ც–აგან შეიძინა.
14. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ნ.ჩ–ძისა და ზ.ც კუთვნილი ნაკვეთების ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია იმის დადგენაც, მოიცავს თუ არა ეს ნაკვეთები მოსარჩელეთა კუთვნილ ქონებას სრულად ან ნაწილობრივ მაინც.
15. ამრიგად, აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ სადავო ქონებას მართლზომიერი საფუძვლით დაეუფლა, რაც ნიშნავს, რომ იგი ქონების მართლზომიერი მფლობელი არ არის და მისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა დასაშვებია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაუბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
17. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მის მიერ მითითებული გარემოება 2011-2012 წლებში სადავო რეგიონში ე.წ „USAD-ის“ მიერ ჩატარებული რეგისტრაციების შედეგად მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, სადავო ქონებაზე, საჯარო რეესტრის ნაკვეთებისათვის საკადასტრო კოდების არასწორად მინიჭების შესახებ. აღნიშნულმა გამოიწვია მთელი რაიონის უკმაყოფილება და ნაკვეთების ნუმერაცია ფაქტობრივად აირია.
18. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ვალდებულია, ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას იმსჯელოს მოსარჩელეთა მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების მოპოვების კანონიერებაზე. საკუთრების უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. სასამართლოს უნდა გამოეკვლია რეგისტრაციის უფლებადამდგენი დოკუმენტაციის კანონიერება, რადგან ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფცია არ მოქმედებს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სადავო ნაკვეთების რეგისტრირებული მდგებარეობა არ შეესაბამება ფაქტობრივ განლაგებას. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა (28.02.2013წ. საქმე №ბს-367-363-9კ-12).
19. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია რა ვითარებაში დაეუფლა, თუ ასეთი საერთოდ განხორციელდა, მოპასუხე სადავო ქონებას, რასაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
20. მხარემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, სანამ აღნიშნულმა ნაკვეთებზე მისი კუთვნილი უფლება არ დაარღვია.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
24. სადავო მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია მოსარჩელეთა სახელზე. აღნიშნულ ნაკვეთებს, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოპასუხე.
25. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 სექტემბრის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში რეგისტრირებული ნაკვეთები სწორედ ის ნაკვეთებია, რომელთაც მოპასუხე ფლობს. საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც ამგვარ გარემოებაზე მიუთითებია.
26. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელეები სადავო ქონების მესაკუთრეები არიან.
27. ამავდროულად, საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ სადავო ნაკვეთები მოპასუხემ მის მიერ მითითებული ფიზიკური პირებისაგან შეიძინა.
28. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელეთა ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას სავალდებულო წესით უნდა ემსჯელა მოსარჩელეთა მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლის კანონიერებაზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რა ვითარებაში დაეუფლა მოპასუხე მიწის ნაკვეთებს.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა, მაგალითად, საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
32. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
33. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
35. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
36. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. სუსგ 17.12.2019წ. საქმე №ას-1579-2019).
37. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
38. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხებიან მოსარჩელეები, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
40. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
41. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
42. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომელთა თანახმადაც დაადასტურა მათი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.
43. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორების არგუმენტი, რომ მოცემული დავის განხილვისას სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელეთა მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების მოპოვების კანონიერებაზე და მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთების დაუფლების გზებზე.
44. როგორც წინამდებარე განჩინების კვლევით ნაწილში უკვე მიეთითა, ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას სასამართლო ამოწმებს, არის თუ არა მოსარჩელე მხარე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე და დადებით შემთხვევაში, თუ საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არავის სადავოდ არ გაუხდია, სასამართლო არა თუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ მოპასუხის შედავების ფარგლებში და აღნიშნულთან დაკავშირებით ამავე დავაში შეგებებული ან დამოუკიდებელი სარჩელის არარსებობის პირობებში შეაფასოს, რამდენად კანონიერად მოიპოვა მოსარჩელე მხარემ საკუთრების უფლება, რა გარემოებები უძღოდა წინ აღნიშნულს და ა.შ.
45. კასატორის (მოპასუხის) არგუმენტები სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუშვებელია იმ კუთხითაც, თუ ჩავთვლით, რომ იგი ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევას ითხოვს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთარი მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად. ასეთ შემთხვევაშიც მოპასუხის პოზიცია შეიძლება, ეფუძნებოდეს კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის ჩანაწერის უკანონოდ ცნობის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში წარმოდგენილი არ არის და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს, რომ მან დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის ან შეგებებული სარჩელის წარდგენის გზით სადავოდ გახადა მოსარჩელეთა სახელზე სადავო ქონების რეგისტრაცია. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, სანამ მითითებულით მისი უფლებები არ დაირღვა, თუმცა მოპასუხე ვერ ასახელებს ამგვარი შედავების განხორცილებას, ვერც მოსარჩელეთა მხრიდან პრეტენზიის წარდგენის შემდეგ.
46. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა (სსსკ-ის 248-ე მუხლი) ითვალისწინებს ყოველი კონკრეტული საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ იმ მოთხოვნის კანონიერებაზე, რომელიც სასარჩელო განცხადებითაა წარმოდგენილი. აღნიშნულ მოთხოვნასვე უნდა პასუხობდეს საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგიც.
47. მოცემული დავის საგანია მოსარჩელეთა სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
48. სსსკ-ის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
49. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს მხარის ესა თუ ის პრეტენზია, ამ უკანასკნელმა კანონით დადგენილი წესით უნდა აღძრას სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა პირის მიერ აღძრული სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალებებს როგორიცაა შესაგებელი, შეგებებული სარჩელი.
50. მოცემულ საქმეში არსებული მოცემულობით მოპასუხეს კანონით დადგენილი არც ერთი საშუალება არ გამოუყენებია იმისათვის, რომ სათანადო წესით სადავოდ გაეხადა მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერება. მოპასუხეს არა თუ საქმის წარმოების დასაწყის ეტაპზე, არამედ თუნდაც საკასაციო საჩივრის განხილვისასაც დაუბრკოლებლად შეეძლო დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა სადავო გარიგებების კანონიერებასთან დაკავშირებით, თუმცა მას აღნიშნული საპროცესო შესაძლებლობით არ უსარგებლია (სუსგ 1.07.2017წ. საქმე №ას-580-539-2017).
51. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება, რაც მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარმოებული დავის ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება (სუსგ 30.11.2020წ. საქმე №ას-1207-2020).
52. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
53. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
54. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
55. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
57. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. ყ–ძის მიერ 2019 წლის 4 იანვარს №18994831 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი სრულად, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ 255 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ვ.მ–ს (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ.ყ–ძის მიერ №18994831 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი სრულად, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ 255 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი