Facebook Twitter

საქმე №ას-306-2020 18 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ჯ.კ.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,მ–ე“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა (ძირითადი სარჩელით), სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს ,,ნ–ი“ (ს/ნ .....) (თავდაპირველი კომპანია), რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად (კომპანიის პარტნიორების გადაწყვეტილებით 2012წლის 26 ივლისის, ცვლილება შევიდა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში), დღევანდელი მონაცემებით რეგისტრირებულია საფირმო სახელწოდებით - ,,მ–ე“ (შემდეგში: მოპასუხე კომპანია, მყიდველი, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი), რომელიც სამეწარმეო რეესტრში ირიცხება 2007 წლის 6 მარტიდან.

2. მოპასუხე კომპანიის ძირითადი საქმიანობა, 2012 წლიდან მოიცავდა საკვები პროდუქტების (ხორც-პროდუქტების (ძეხვეულის), თევზეულის, ნახევარფაბრიკატებისა და საკონდიტრო ნაწარმის (პურ-ფუნთუშეულის)) წარმოებას, შეფუთვას, საცალო და საბითუმო ვაჭრობას. საწარმო აერთიანებს ურთიერთდამოკიდებულ საამქროს, რომლებიც საერთო ჯამში, აწარმოებს 600-მდე განსხვავებული დასახელების პროდუქციას.

3. თავდაპირველი კომპანიის დირექტორმა, 2012 წლის 2 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება (ბრძანება 1/1), კომპანიის დაკვეთით დამზადებული ბრენდირებული ნიშნის სასაქონლო/სავაჭრო ნიშნად გამოყენების შესახებ და გადაწყდა, კომპანიის მიერ წარმოებულ ყველა პროდუქტის ნიშანდება, ეტიკეტირება მომხდარიყო მხოლოდ სასაქონლო ნიშნის ,,MS მ–ე“/,,MS M–E“ გამოყენებით, მათ შორის, მისი გამოყენება - საქმიანი წერილებისა და შიდა მიმოწერის დოკუმენტაციის წარმოებისას.

4. ნიშნის გამოსახულებითი ელემენტი შედგება - მართკუთხა ფორმის გამოსახულებისაგან, რომლის ცენტრში მოთავსებულია ქართული ანბანით შესრულებული სიტყვიერი ელემენტი ,,მ–ე“, მის ზევით მოთავსებულია პატარა ოვალის ფორმის გამოსახულება, რომელშიც ლათინური ანბანით ჩაწერილია ,,MS“, რასაც ქვევით დაჰყვება ,,თავთავის“ მსგავსი გამოსახულება და გამოყენებულია ფერები: წითელი, თეთრი, ოქროსფერი და შინდისფერი.

5. პროდუქციის წარმოება და რეალიზება ,,MS მ–ეს“ ნიშნით ნიშანდებული შეფუთვით (საქმის მასალებში წარდგენილია რეალიზებული საქონლის შეფუთვა, საიდანაც ჩანს, რომ მონიშვნა ,,MS მ–ე’’ დატანილია საქონლის შეფუთვის გარეკანზე) ხდება. მოპასუხე კომპანია ამავე ნიშნით ახორციელებდა სხვადასხვა სახის სარეკლამო ღონისძიებებს, მათ შორის, მის მიერ წარმოებული პროდუქციის სახეობების რეკლამირებას სოციალური ქსელით ,,facebook.com“, რასაც ჰქონდა მომხმარებლის მხრიდან არაერთი მოწონება. მოპასუხე კომპანიის სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა არა მარტო პროდუქციის შეფუთვისას, არამედ დიდი ფორმატით იყო განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სარეკლამო ბანერზე, მათ შორის, საწარმოს ცენტრალურ შესასვლელში.

6. მოპასუხე კომპანიას, 2013 წელს მოპოვებული აქვს ხარისხის მენეჯმენტ სისტემების საერთაშორისო სერტიფიკატი ხორც-პროდუქტების, თევზის პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების და პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის, სადაც დატანილია ,,MS მ–ეს“ ნიშანი.

7. თავდაპირველ კომპანიას, ,,MS მ–ეს“ ნიშნით ბრენდირებული ლოგოს დამზადებამდე 2012 წლის 25 იანვარს, მცდელობა ჰქონდა ს–ში დაერეგისტრირებინა სასაქონლო ნიშანი, რომელიც წარმოადგენდა მართკუთხედს, ცენტრში მოთავსებული სტილიზებული ლათინური ასო ,,M“-ით, რაც შემკობილი იყო ორი ,,თავთავით“, ,,შტრიხებით“ და მის ქვევით განთავსებული წარწერით ,,მ–ე“ (კლასი 29-33-ე, 35-ე, 39-ე), ხოლო შემდეგ 2012 წლის 14 თებერვალს, სასაქონლო ნიშანი ,,M–e LLC“ (კლასი 35-ე, 30-ე, 43-ე), რომლის ქვევით გამოსახული იყო ზეთის ხილის რტო /ამ უკანასკნელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განცხადების განხილვაზე განმცხადებელს უარი ეთქვა ფორმალური ექსპერტიზის საფასურის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო/.

8. ამავე კომპანიის დაკვეთით, 2012 წლის 6 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც გულისხმობდა სარეკლამო მომსახურების გაწევას და და M-ს ბრენდის შემუშავებას, შპს ,,ვ–მა“ დაამზადა ნიშანი ,,MS მ–ე“ და 2012 წლის 25 ივნისს, 570 600 რუბლის გადახდის სანაცვლოდ გადასცა დამკვეთს, რაც კომპანიის სახელზე აღირიცხა არამატერიალური აქტივის სახით.

9. შპს „ჯ.კ.“ (მოსარჩელე კომპანია, გამყიდველი, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, კასატორი) საქართველოში რეგისტრირებულია 2009 წლის 15 ივნისიდან, რომელიც ახორციელებს სადისტრიბუციო საქმიანობას და მისი საქმიანობის მიზანი საჯაროდ გაცხადებულია, როგორც სამომხმარებლო ქსელის მსოფლიო ბრენდების პროდუქციით მომარაგება.

10. მხარეები 2012 წლიდან იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში (აღნიშნული ურთიერთობა 2013 წელსაც გაგრძელდა), რომლის საფუძველზეც, მყიდველი გამყიდველისგან ეტაპობრივად იღებდა გარკვეული სახის პროდუქციას, რის სანაცვლოდაც ვალდებული იყო გადაეხადა ამავე პროდუქციის ღირებულება. შემსყიდველ კომპანიას, სრულად არ აუნაზღაურებია მიღებული საქონლის საფასური, რის გამოც ერიცხება დავალიანება.

11. მოპასუხე კომპანიამ, 2013 წლის 23 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა განცხადებით და კრედიტორთა მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებებისა და ფინანსური სიძნეელების გამო, რეაბილიტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ითხოვა კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. იმავე წლის 30 სექტემბრის განჩინებით, კომპანიის მიმართ გაიხდნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საზოგადოების მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა კრების დღედ განისაზღვრა - 2013 წლის 6 ნოემბერი.

12. მოსარჩელე კომპანია წარმოადგენს მოპასუხის არაუზრუნველყოფილ კრედიტორს.

13. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში მოპასუხის კრედიტორთა კრების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 2013 წლის 25 ოქტომბერს, მოსარჩელე კომპანიამ განაცხადით მიმართა ს–ს და დაჩქარებული პროცედურის საფუძველზე მოითხოვა სასაქონლო ნიშნის ,,MS მ–ე“ რეგისტრაცია - საქონლის და მომსახურების 29-ე (ხორცი, თევზი, ფრინველი და ნანადირევი; ხორცის ექსტრაქტები; დაკონსერვებული, გამხმარი და თბურად დამუშავებული ბოსტნეული და ხილი; ჟელეები, ხილფაფები, კომპოტები; კვერცხი; რძე, ყველი კარაქი, იოგურტი და რძის სხვა პროდუქტები; საკვები ზეთები და საკვები ცხიმები] და 30 კლასების [ყავა, ჩაი, კაკაო და ხელოვნური ყავა; ბრინჯი, მაკარონი და ატრია; ტაპიოკა და საგო; ფქვილი და მარცვლოვანი პროდუქტი; პურ-ფუნთუშეული, მაკარონი და საკონდიტრო ნაწარმი; შოკოლადი; ნაყინი, შარბათი და სხვა საკვები ყინული; შაქარი, თაფლი, ბადაგი; საფუარი, საცხობი ფხვნილები; მარილი, სანელებლები, საკაზმები, დაკონსერვებული მწვანილი; ძმარი, საწებლები და სხვა საკაზმი; ყინული (გაყინული წყალი)) ჩამონათვალის მიმართ.

14. მოსარჩელე კომპანიამ, 2013 წლის 11 ნოემბერს, დაჩქარებული პროცედურის საფუძველზე დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი ,,MS მ–ე“ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 29-ე და 30-ე კლასების საქონლისათვის, რაც სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა 2013 წლის 25 ნოემბერს.

15. მოპასუხე კომპანიამ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ს–ის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება გაასაჩივრა ს–ის სააპელაციო პალატაში და მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, გასაჩივრებული ნიშანის რეგისტრაციის გაუქმება და სასაქონლო ნიშნის ,,MS მ–ე“ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად აღიარება.

16. ს–ის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანებით დამტკიცდა ს–ის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მოპასუხე კომპანიას საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა სასამართლოში.

17. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შემსყიდველი კომპანიის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სასაქონლო ნიშნის ,,MS მ–ე“ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

18. მოსარჩელე კომპანიას არასოდეს უწარმოებია, ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 29-ე და 30-ე კლასებში შემავალი, რომელიმე სახეობის პროდუქცია ,,MS მ–ეს’’ სასაქონლო ნიშნის ქვეშ და დღესაც არ ახორციელებს მის წარმოებას (რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენებას), მაშინ როცა, აღნიშნული პროდუქციის წარმოება მოპასუხე კომპანიის ძირითადი საქმიანობის საგანია, რაც 2012 წლიდან დღემდე ხორციელდება სადავო სასაქონლო ნიშნით.

19. მხარეთა სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები იდენტურია.

20. სარჩელის მოთხოვნა

20.1. გამყიდველმა კომპანიამ, სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ს/ნ:....), ნებისმიერი ფორმით გამოყენების აკრძალვა.

21. მოპასუხის პოზიცია

21.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

22. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

22.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ს–ის“ 2013 წლის 11 ნოემბრის №1573/03 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.

23. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

23.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის განმარტებით სადავო სასაქონლო ნიშანი კანონიერ საფუძველზე აქვს რეგისტრირებული, შესაბამისად მისი განსაკუთრებული უფლება ვრცელდება აღნიშნულ ნიშანზე.

24. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

24.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი, სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე კომპანიას აეკრძალა მოსარჩელის სახელზე, საიდენტიფიკაციო ნომრით 74489/03 რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება.

24.2. შემსყიდველი კომპანიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

25. შემსყიდველი კომპანიის სააპელაციო საჩივარი

25.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

26.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:

26.1.1. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

26.1.2. ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი;

26.1.3. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ს–ის“ 2013 წლის 11 ნოემბრის №1573/03 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია;

26.1.4. გამყიდველი კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

26.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით თავდაპირველი სარჩელის დავის საგანი სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, ხოლო შეგებებული სარჩელის - რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობაა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის პერსპექტიულობა დამოკიდებულია სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადასტურებაზე, რაც გამორიცხავს თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფლების შესაძლებლობას.

26.3. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი).

26.4. ამდენად, სასაქონლო ნიშნად შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი აღნიშვნა, რომელიც ემსახურება კონკრეტული საწარმოს საქონლის ინდივიდუალიზებას, მიუთითებს მისი წარმოშობის წყაროზე და განასხვავებს მას კონკურენტების საქონლისაგან. სასაქონლო ნიშანი მიეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების ნაირსახეობას და წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაციის საშუალებას, რომელიც იძლევა იურიდიული ან ფიზიკური პირების საქონლის განსხვავების საშუალებას სხვა პირების იგივე სახის საქონლისაგან.

26.5. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ,,ს–ში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „ს–ში“ მისი რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს, კერძოდ, სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამდენად, რეგისტრაციით ხდება დაცვის ობიექტის ნამდვილი არსობრივი ფარგლების დაფიქსირება. ამასთან ერთად, რეგისტრაციით აღინუსხება საქონლის ის წრე, რომელთა მიმართ გამოსაყენებლადაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი. რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ს–ის მიერ ყველა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც წარმოადგენს ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას.

27. სასაქონლო ნიშნების დაცვის პრაქტიკით მსოფლიოში ჩამოყალიბდა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვების ორი მეთოდი. პირველის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მოპოვება რაიმე სპეციალურ პროცედურას არ საჭიროებს და მიიღწევა სასაქონლო ნიშნის ფაქტობრივი გამოყენებით, ხოლო მეორის მიხედვით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია შესაბამის დაწესებულებაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.

28. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით უდავოდ დგინდებოდა, რომ აპელანტი სასაქონლო ნიშანს აქტიურად იყენებს 2012 წლის 2 ივლისის შემდეგ, როგორც პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში, ასევე პროდუქციის რეკლამირების კუთხითაც, მაშინ როცა, მოსარჩელეს განსაკუთრებული უფლება რეგისტრაციის გზით აქვს მოპოვებული სადავო ნიშანზე 2013 წლის ნოემბერში.

29. სასაქონლო ნიშნის გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია უფლებათა პრიორიტეტულობის განსაზღვრის თვალსაზრისითაც. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაცვა, იგი უნდა გამოიყენებოდეს იმ საქონლის ჩამონათვალიდან ერთ-ერთისთვის მაინც, რომლისთვისაც არის რეგისტრირებული. გაუმართლებელი გამოუყენებლობის ძირითად შედეგს წარმოადგენს ის, რომ რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს კანონიერი ინტერესის მქონე პირის მოთხოვნით, რაც გათვალისწინებულია სპეციალური კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება. უფრო შორს რომ წავიდეთ, არსებობს ტენდენცია, რომლის თანახმადაც რეგისტრირებული მფლობელს მოეთხოვება, დაამტკიცოს გამოყენების ფაქტი, რადგან დაინტერესებული მესამე პირისათვის ძალიან ძნელია გამოუყენებლობის ფაქტის დამტკიცება.

30. თავდაპირველი სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მტკიცებულება, რაც ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ მას განსაკუთრებული უფლება სადავო სასაქონლო ნიშანზე წარმოეშვა საქონლის 29-ე და 30-ე კლასების მიმართ ს–ის მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე. ეს ფაქტი ერთი შეხედვით, გამორიცხავს სადავო სასაქონლო ნიშნის მართლზომიერი გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა აპელანტი სადავოდ ხდის მოწინააღმდეგის (მოსარჩელის) განსაკუთრებულ უფლებას სასაქონლო ნიშანზე „MS მ–ე“, რის გამოც დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე, პალატის შეფასების საგანია უფლების პრიორიტეტის განსაზღვრა და განსაკუთრებული უფლების მფლობელის ქმედების კეთილსინდისიერების კვლევა, ის თუ რამდენად მართლზომიერი განზრახვით მოქმედებდა პირი საქართველოს ბაზარზე უკვე გამოყენებული და არსებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშნის რეგისტრაციისას.

31. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სპეციალური კანონი, ითვალისწინებს, მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმს და პირის კანონიერი ინტერესის არსებობისას ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას ბათილად ცნოს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. კერძოდ, სპეციალური კანონის 28-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით; გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე; დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა; ე) ამგვარი რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე.

32. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მარეგისტრირებელი ორგანოს სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 11 ნოემბრის №1573/03 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარი, რომლითაც მოსარჩელის სახელზე დაჩქარებული წესით დარეგისტრირდა სადავო სასაქონლო ნიშანი 29-ე და 30-ე კლასების საქონლის განცხადებული ჩამონათვალის მიმართ და აპელანტის სახელზე სადავო სასაქონლო ნიშნის (29-ე და 30-ე კლასები) საყოველთაოდ ცნობილად აღიარებაზე მარეგისტრირებელი ორგანოს სააპელაციო პალატის უარი, რომლის კანონიერებაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აპელანტს არ ართმევს უფლებას, კანონიერი ინტერესის დადასტურების პირობებში, სასამართლო წესით მოითხოვოს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

33. სააპელაციო სასამართლომ საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების ანალიზის შედეგად გამოყო ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც „არაკეთილსინდისიერი განზრახვის“ არსებობას ადასტურებს:

33.1. არაკეთილსინდისიერი განზრახვა უნდა არსებობდეს სარეგისტრაციო განაცხადის გაკეთების დროისთვის. ამავე დროს რეგისტრაციის შემდგომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სავსებით შესაძლებელია განცხადების გაკეთებისას არსებული მდგომარეობის post faqtum დადგენა;

33.2. არაკეთილსინდისიერი განზრახვის არსებობის დადასტურება უნდა მოხდეს იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც ადასტურებენ კეთილსინდისიერ ქცევასთან შეუთავსებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას;

33.3. არაკეთილსინდისიერი განზრახვა იმგვარ ქმედებებს გულისხმობს, რომლებიც გამოცდილი და გონიერი მეწარმისათვის დამახასიათებელ გულმოდგინებისა და ეთიკის სტანდარტებისგან გადახვევას წარმოადგენს;

33.4. არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება;

33.5. მოპასუხის პირადი წარმოდგენები არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან დაკავშირებით არარელევანტურია-გამოსაყენებელი ტესტია გამოცდილი და გონიერი ადამიანის ჰორიზონტიდან დანახვა და შეფასება.

34. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1-10, 12, 14 პუნქტები) და განმარტა, რომ სპეციალური კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხის ქმედება (სადავო ნიშნების რეგისტრაცია) საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც არაკეთილსინდისიერი.

35. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან. როგორც აღინიშნა, განსაკუთრებული უფლება მოპოვებულია იმ სასაქონლო ნიშანზე, რომელიც დაუცველი ნიშნის სახით მანამდე გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება აპელანტის, როგორც საქონლის მწარმოებლის მიერ, რომელთანაც უფლების მომპოვებელი, ანუ მოსარჩელე (სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრირებული მფლობელი) იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში და აწვდიდა მას გარკვეული სახის პროდუქციას, რომლის წარმოებასაც თვითონ არ ახორციელებდა. შესაბამისად, როდესაც განსაკუთრებული უფლების მოპოვება ხდება ისეთ სასაქონლო ნიშანზე, რომელზეც მესამე პირს გააჩნია უპირატესი ლეგიტიმური ინტერესი, რეგისტრაცია ხორციელდება იმ შეგნებით, რომ პირმა მიითვისოს სხვის მიერ რეგისტრაციამდე შექმნილი და ბაზარზე დამკვიდრებული, მაგრამ დაუცველი ნიშანი და მისგან მომდინარე სიკეთე, რაც უდავოდ მოჰყვება მომხმარებელში ნაცნობ, დადებითი რეპუტაციის მქონე ნიშნით შეფუთული პროდუქციის რეალიზებას. ამასთან, მოპოვებული უფლება არ ეფუძნება უპირატესი დაცვის ღირს ინტერესს და მოპასუხისთვის განსაკუთრებული უფლების მოპოვება წარმოადგენს კონტრაჰენტთან მიმართებაში უპირატესობის მოპოვების საშუალებას. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, სხვისი შექმნილი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მითვისება და ამ გზით ბაზარზე უპირატესობის მოპოვება, წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის საფუძველს.

36. სადავო რეგისტრაციის არსებობის პირობებში, აპელანტს უსაფუძვლოდ, არაკეთილსინდისიერად აეკრძალება უფლება, გაასაღოს თავისი პროდუქცია სწორედ იმ შეფუთვით, რომლის დამზადებაში და რეკლამირებაში მას გადახდილი აქვს თანხა და რომელსაც საკმაოდ სტაბილური გაყიდვებით იცნობს მომხმარებელთა ფართო წრე. სასაქონლო ნიშნის გამოყენება გარკვეულ საქონელზე, თუნდაც მისი რეგისტრაციის გარეშე, ქმნის საფუძველს, რომ აღნიშნულ პროდუქციას დაუკავშირდეს მოცემული ნიშანი. უდავოა, რომ აღნიშნულ სასაქონლო ნიშანს ფლობდა აპელანტი და სადავო სასაქონლო ნიშნით შეფუთული პროდუქცია მჭიდროდ უკავშირდება მას, მის მიერ არის დამზადებული, შესაბამისი უნიკალური ტექნოლოგიით და ამ სასაქონლო ნიშნის ქვეშ მომხმარებლისათვის ნაგულვებია სწორედ მის მიერ წარმოებული პროდუქცია. შესაბამისად, თუ სადავო სასაქონლო ნიშანზე კვლავ გავრცელდება მოსარჩელის (სადავო ნიშნის რეგისტრირებული მფლობელი) განსაკუთრებული უფლება, მართალია, სახეზე არ გქვენება შემთხვევა, რაც იწვევს მისი მონიშვნით გამოცემული პროდუქციის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, თუმცა სადავო რეგისტრაციით, მოსარჩელეს რჩება უფლება, აუკრძალოს მოპასუხეს იმ სასაქონლო ნიშნით სარგებლობა, რომლის ქვეშ ყოველთვის მოიაზრებოდა მის მიერ წარმოებული პროდუქცია მისი უნიკალურობით, გემური თვისებებით, ტექნოლოგიით, ქიმიური შემადგენლობით. მოსარჩელე იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებს პროდუქციის წარმოებას, მოპოვებული განსაკუთრებული უფლებით შეძლებს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევას, რაც გამოიწვევს სხვა პროდუქციის მოპასუხის მიერ წარმოებულ პროდუქტთან აღრევას და ამ უკანასკნელს აუკრძალავს სამომავლოდ საკუთარ პროდუქციაზე სადავოდ ქცეული ნიშნების დატანას. მართალია, ამგვარი კლასიკური შემთხვევა საქმის განხილვის ეტაპზე არ გვაქვს, რადგან მოსარჩელე არ აწარმოებს იმ პროდუქციას, რომლისთვისაც დარეგისტრირებულია სადავო სასაქონლო ნიშანი, თუმცა მისი ფლობის პირობებში, როგორც აღინიშნა, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ უფლებას აუკრძალოს მესამე პირს ამ უფლების ხელმყოფი ქმედება და საფრთხეს უქმნის იმ პირის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც სადავო სასაქონლო ნიშნით წლების განმავლობაში აწარმოებს პროდუქციას და ახდენს რეალიზაციას, რაც უდავოდ მიუთითებს მოპასუხის კანონიერი ინტერესის არსებობაზე - დაიცვას საკუთარი უფლება სასამართლო წესით და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს უფლება, რომელიც მას მოპოვებული აქვს მისი დაკვეთით მომზადებულ სადავო სასაქონლო ნიშანზე და რომელსაც ფლობს აქტივის სახით. სასაქონლო ნიშანი შესაძლებელია, ასევე, გამოყენებული იქნეს სახელშეკრულებო უპირატესობის მოსაპოვებლად, რაც გამოიხატება მოთხოვნილი პირობების შესაბამისად საქონლის მიწოდებაში, ანუ გამოკვეთილია განსახილველ დავაში აპელანტის კანონიერი ინტერესი, რაც არის კონკრეტული, ლეგიტიმური, პატივსადები, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი.

37. რაც შეეხება საფირმო სახელწოდების ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ პარიზის კონვენციის მე-8 მუხლი, მისი კავშირის ქვეყნებისგან ითხოვს საფირმო სახელწოდების დაცვას სპეციალური რეგისტრაციის გარეშე. ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც საფირმო სახელწოდება სასაქონლო ნიშნის ნაწილს წარმოადგენს. კერძოდ, პარიზის კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, საფირმო სახელწოდება დაცული უნდა იქნეს კავშირის ყველა ქვეყანაში განაცხადის მიწოდების ან რეგისტრირების დავალდებულების გარეშე, მიუხედავად იმისა, შეადგენს თუ არა იგი სასაქონლო ნიშნის ნაწილს. სადავო არ არის, რომ 2012 წლის 25 ივლისს, დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა თავდაპირველი კომპანიის სადამფუძნებლო დოუმენტაციაში და 2012 წლის 26 ივლისს, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დარეგისტრირდა საფირმო სახელწოდებით - ,,მ–ე“, რაც უკავშირდებოდა კომპანიის დაკავშირებულ ნიშანს ,,MS მ–ე“.

38. სააპელაციო სასამართლომ დამატებით, ევროსასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საფუძვლიანი და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იყო წარდგენილი, რის გამოც უნდა გაუქმებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება.

39. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

39.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

39.1.1. კასატორის განმარტებით სადავო სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვს, რაც ამ ნიშანს მის განსაკუთრებულ უფლებებს გულისხმობს;

39.1.2. სააპელაციო სასამართლომ სპეციალური კანონის საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტი უგულებელჰყო, და დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ კასატორს არ ჰქონდა სადავო სასაქონლო ნიშნის შეძენის ან შექმნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან დაუსაბუთებლადვე გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომელსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია, რომ თავდაპირველი კომპანიის დაკვეთით სხვა კომპანიამ დაამზადა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცა სადავო სასაქონლო ნიშანი.

39.1.3. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში, მოპასუხე რეალიზებას ახდენს, რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშნით შეფუთული პროდუქციის, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მის სახელზე რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშნის მსგავსი ნიშნის გამოყენება აუკრძალოს ნებისმიერ არაუფლებამოსილ პირს.

39.1.4. სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიუთითა საქმისათვის მნიშვნელობის არ მქონე გარემოებებზე, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავო ნიშნით განხორციელებულ სარეკლამო ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალური ქსელით, რასაც მომხმარებლის არაერთი მოწონება ჰქონდა.

39.1.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-13 პუნქტში სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოში ამ ნიშნის რეგისტრაციით ხდება, თუმცა შემაჯამებელ დასკვნაში საპირისპირო მსჯელობას ავითარებს.

39.1.6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, აგრეთვე დაუსაბუთებლადაა მითითებული, რომ მოსარჩელეს, სადავო სასაქონლო ნიშნის დამზადების ფაქტი არ დაუდასტურებია, აგრეთვე, სადავო ნიშნით სახელდებულ პროდუქციას არ აწარმოებს. აღნიშნულის საპირისპიროდ კასატორმა განმარტა, რომ მზად აქვს სრული ტექნიკური რესურსი პროდუქციის წარმოებისთვის და შესაბამისად გააჩნია სადავო ნიშნის მიმართ ლეგიტიმური ინტერესი.

39.1.7. კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მოპასუხის აგენტს ან დისტრიბუტორს. მოსარჩელე გარკვეულ პროდუქციას აწვდიდა მხოლოდ მოპასუხეს, სხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეთა შორის არ არსებობს.

40. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

40.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

41. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის სარჩელისა (რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა) და მოწინააღმდეგის შეგებებული სარჩელის (რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობა) არსებობის პირობებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება კასატორის პრეტენზიების ფარგლებშია შესაძლებელი, თავისმხრივ აღნიშნული პრეტენზიის ძირითადი არსი, ისევე როგორც მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება, სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტს ეფუძნება. აღსანიშნავია, და სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მხოლოდ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის მართებულობასა და საფუძვლიანობას ეხება, ხოლო, სხვა რაიმე გარემოება, რომლითაც დადასტურდება, თუ რა ღირსი დაცვის ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს სადავო ნიშანთან დაკავშირებით, განსახილველ შემთხვევაში მითითებული არ არის.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანზე (როგორც ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტზე, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით) უფლება, სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ ნიშნის „ს–ში“ რეგისტრაციის დღიდან წარმოიშობა, თუმცა, ეს უფლება შეიძლება რეგისტრაციის გარეშეც არსებობდეს (კასატორი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-13 პუნქტში არსებულ მსჯელობასა და გადაწყვეტილების შეჯამებას, სწორედ რეგისტრაციის ფაქტის გამო ხდის ურთიერთსაწინააღმდეგოდ, თუმცა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-14 პუნქტიც და წინამდებარე პუნქტიც ხაზგასმით შეიცავს დასკვნას, რომ რეგისტრაციის გარეშეც შესაძლოა არსებობდეს უფლება სასაქონლო ნიშანზე, რა დროსაც შესაბამისი დასაბუთების პირობებში, არარეგისტრირებული, მაგრამ ნიშნის კეთილსინდისიერი მფლობელის ინტერესები გაითვალისწინება პრიორიტეტულად). ამ შემთხვევაში ნიშნის მფლობელის უფლების ნამდვილობას ადგენს საერთაშორისო შეთანხმება, როგორიცაა, მაგალითად, 1889 წლის 20 მარტის „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია“ (აღნიშნული კონვენცია საქართველოსთვის ძალაშია 1993 წლის 14 ივნისიდან), რომლის ობიექტსაც სამრეწველო საკუთრება, მათ შორის, სასაქონლო ნიშნები, ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა წარმოადგენს (მუხლი 1 (2)). მითითებული სამართლებრივი აქტების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვაზე ლეგიტიმაცია გააჩნია სასაქონლო ნიშნის მფლობელს. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის ძალით სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა (იხ. სუსგ. ას-970-919-2015, 11.03.2016).

44. კონვენციის მე-10bis მუხლის თანახმად, კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველჰყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით.

45. სპეციალური კანონის 28-ე მუხლის პირველი პუქნტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით; ამავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე; წარმომადგენლის ან აგენტის მიერ სასაქონლო ნიშნის თავის სახელზე რეგისტრაცია წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ერთ-ერთ სახესხვაობას, რომელიც „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში რეგისტრაციის ბათილად ცნობის ცალკე საფუძვლად არის გამოყოფილი. ამდენად, როგორც „ბ“, ისე „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის შეფასებისას უნდა განისაზღვროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის არაკეთილსინდისიერების კრიტერიუმები. ამდენად, სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპია ის ბერკეტი, რომლითაც უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. ეს პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის იმ მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა.

46. სამოქალაქო ურთიერთობებში კეთილსინდისიერებას აქვს ორმაგი შინაარსი: 1. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები; 2. მეორე შემთხვევაში კეთილსინდისიერება არის სუბიექტის მიერ არცოდნა იმისა, რომ მისი ქცევა მართლსაწინააღმდეგოა, ლახავს სხვა პირის უფლებას. ასეთ შემთხვევაში საუბარია კეთილსინდისიერებაზე სუბიექტური გაგებით (იხ. #2ბ/5077-14 საქმე).

47. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში აპელანტმა (შეგებებული სარჩელის ავტორმა) წარადგინა განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულებები, რაც მხარის საპროცესო უფლებების რეალიზებას წარმოადგენს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრონციპების (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) საფუძველზე, ამასთან, მოდავე მხარეები თანასწორი არიან კანონის წინაშე და ევალებათ, მტკიცების კუთვნილი ტვირთის ფარგლებში, მოახდინონ ვალდებულების შესრულება. სსსკ-ის 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლო მსჯელობს და აანალიზებს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე. მოსარჩელის მოთხოვნა კი ძირითადად ეფუძნება სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტს. მოსარჩელის მიერ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის მიმართვის არაკეთისლინდისიერად შეფასებისთვის, აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ საკასაციო პრეტენზიებში თავადვე აღნიშნავს მზაობას, სადავო სასაქონლო ნიშნით გათვალისწინებული პროდუქციის წარმოების სურვილისა და შესაძლებლობის თაობაზე.

48. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საკასაციო პრეტენზიების გადამოწმებით, არ დადგინდა საკასაციო განაცხადის საფუძვლიანობა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.

49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მართებულად აღნიშნა, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენებისას, განმსაზღვრელ ფაქტორია პროდუქციის ინდივიდუალიზება, ანუ უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს. მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა, ამდენად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია, კონკრეტული პროდუქციის წარმოშობის, მისი მწარმოებლისა და სხვა სპეფიფიკური ნიშან-თვისებების შესახებ, რის გამოც ირჩევს პროდუქტს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან. გასათვალისწინებელია, თავად კასატორის მსჯელობა პროდუქციის წარმოების დაწყების მზაობისა და სურვილის და სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 29-ე-30-ე კლასებში შემავალი სახეობის თაობაზე, რომელსაც, სწორედ მოპასუხე აწარმოებდა.

50. საკასაციო სასამართლო, კასატორის მითითების პასუხად განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სწორადაა შეფასებული, კერძოდ სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული სახის პროდუქციას აწვდიდა მოპასუხეს. ხოლო, თავად მიმწოდებელი კომპანია, მსოფლიოს ცნობილი ბრენდების სადისტრიბუციო კომპანიაა, ამდენად ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის პრეტენზია არსებითად მცდარ ინფორმაციას შეიცავს.

51. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ წარმოადგენს /Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR 2007-I/. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგომ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში /Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 73-78, ECHR 2007-I/“ (იხ. სუსგ#ას-1285-1223-2014,01.12.2015წ.), შესაბამისად, მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი ქმედებით, ფაქტობრივად მოხდა მოპასუხის უკეთესი უფლების ხელყოფა სადავო სასაქონლო ნიშანზე, რადგან მას აეკრძალა ისეთი სასაქონლო ნიშნების გამოყენება, რომელიც მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხთან და სხვა თვისებებთან ასოცირდება.

52. ზემოხსენებული დასაბუთებით, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, ხოლო კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული შედავების წარმოდგენა, რის გამოც, საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება.

53. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ჯ.კ–ს“ (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1578560433, გადახდის თარიღი 2020 წლის 9 იანვარი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ვ. კაკაბაძე