საქმე №ას-815-2019 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შეგებებული სარჩელის ავტორი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება (ძირითად სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ნ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, 2017 წლის 12 ივლისის №525 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს – 30852,52 ლარის 4114 ლარამდე შემცირება, ხოლო 2017 წლის 27 ივლისის №555 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს – 18501,98 ლარის შემცირება 2467 ლარამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2017 წლის 12 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №525 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა 337186 ლარის ღირებულების უბნის ინსპექტორის ქურთუკები და კეპები. 2017 წლის 22 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №555 ხელშეკრულებით მიხედვით კი, მოსარჩელეს 62 კალენდარული დღის ვადაში მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა 198946 ლარის ღირებულების უბნის ინსპექტორის შარვლები და ქვედაბოლოები. ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საქონლის მიუწოდებლობისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, რაც შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,5%-ს.
3. საქონლის შესაკერად ქსოვილის შეძენას მოსარჩელე ჩინეთიდან, გუანდგდონგის პროვინციაში მდებარე ფაბრიკიდან ახდენდა. ვინაიდან აღნიშნულ პროვინციაში მოხდა ტაიფუნი, ფაბრიკამ 50 დღით შეაჩერა მუშაობა, რის გამოც დაგვიანდა ნედლეულის მოწოდება და მისი მიღება მოხერხდა, სექტემბრის ნაცვლად, ნოემბერში.
4. მოსარჩელის განმარტებით, აღიშნული დაბრკოლების გათვალისწინებით, შუამდგომლობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გააგრძელა და, საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო, მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო. დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს, ვინაიდან ვალდებულება მოსარჩელის მიზეზით არ დარღვეულა, ამასთან, ვადაგადაცილება მცირე პერიოდს მოიცავს.
მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს, სულ – 23052,78 ლარის დაკისრება. შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადა გადაიწია 2017 წლის 25 ოქტომბრამდე. მიუხედავად ამისა, მიმწოდებელმა ორივე ხელშეკრულება შეასრულა დამატებით დაწესებული ვადის დარღვევით, თითოეულ შემთხვევაში 62-62 დღის დაგვიანებით და №525 ხელშეკრულების დარღვევისთვის დაეკისრა 31350,30 ლარი, ხოლო №555 ხელშეკრულების დარღვევისთვის – 18501,98 ლარი.
6. ხელშეკრულებების დარღვევის გამო, შემსყიდველმა მიიღო საბანკო გარანტიის თანხა, რაც №525 ხელშეკრულებისთვის შეადგენდა 16860 ლარს, ხოლო №555 ხელშეკრულებისთვის – 9947,5 ლარს. მოპასუხემ, გარანტიის თანხის გათვალისწინებით, სრულად არ მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 6581 ლარის ოდენობით, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სარჩელის ავტორმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით (იხ. ტ.1, ს.ფ.295).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 12 ივლისს მოსარჩელეს (მიმწოდებელს) და მოპასუხეს (შემსყიდველს) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №525 ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლისა და №1 დანართის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა უბნის ინსპექტორის ქურთუკებისა და კეპების შესყიდვა.
10. ხელშეკრულების 3.1 მუხლით, მისი ღირებულება განისაზღვრა 337 186 ლარით, საიდანაც ქურთუკების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 291 500 ლარი, ხოლო კეპებისამ – 45 686 ლარი.
11. მოსარჩელეს მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 75 კალენდარული დღის განმავლობაში, 2017 წლის 26 სექტემბრამდე, №1 დანართის შესაბამისად.
12. 2017 წლის 27 ივლისს მოსარჩელეს (მიმწოდებელს) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემსყიდველს) შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №555 ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლისა და №1 დანართის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა უბნის ინსპექტორის შარვლებისა და ქვედაბოლოების შესყიდვა.
13. ხელშეკრულების 3.1 მუხლით, მისი ღირებულება განისაზღვრა 198 946 ლარით, საიდანაც შარვლების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა – 189 880 ლარი, ხოლო ქვედაბოლოებისამ – 9 066 ლარი.
14. მოსარჩელეს მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, 2017 წლის 26 სექტემბრამდე, №1 დანართის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების მე-11 პუნქტებით განისაზღვრა ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი; ამასთან, ხელშეკრულებების 11.4 ქვეპუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით (ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან).
15. ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ შემსყიდველის სასარგებლოდ 2017 წლის 10 ივლისს და 2017 წლის 25 ივლისს წარადგინა საბანკო გარანტიები.
16. საბანკო გარანტია გაიცა №555 ხელშეკრულებაზე 9 947,5 ლარის უპირობო ანაზღაურებაზე, ხოლო, №525 ხელშეკრულებაზე – 16 860 ლარის უპირობო ანაზღაურებაზე, თუკი პრინციპალი (მოსარჩელე) არ შეასრულებდა ბენეფიციართან გაფორებული სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ნაკისრი ვალდებულების შინაარსი შეიცავდა როგორც საქონლის მიწოდების ვალდებულებას, ასევე, მიწოდებას კონკრეტულ ვადაში.
17. სადავო არ არის ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის შესაკერად მოსარჩელე ნედლეულის მიღებას ახდენდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, გუანგდონგის პროვინციაში მდებარე ფაბრიკიდან, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის აგვისტოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში, გუანგდონგის პროვინციაში მომხდარი შტორმისა და ტაიფუნის გამო, ფაბრიკამ სამი კვირით შეაჩერა მუშაობა, რის გამოც დროულად ვერ შეძლეს მოსარჩელისთვის საჭირო ნედლეულის წარმოება.
18. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმწოდებელს გაუგრძელა ხელშეკრულებების შესრულების ვადები. თუმცა მოსარჩელემ ვერც ახალ ვადებში მიაწოდა შემსყიდველს საქონელი. ვადაგადაცილებამ ორივე შემთხვევაში შეადგინა 62 დღე.
19. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელემ დაარღვია ნაწილობრივ, კერძოდ: №555 ხელშეკრულების შემთხვევაში, 198 946 ლარის საერთო ღირებულებიდან – 18 800 ლარის, ხოლო №525 ხელშეკრულების შემთხვევაში, 337 186 ლარის საერთო ღირებულებიდან – 74 250 ლარის ნაწილში.
20. ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, მოსარჩელისათვის დაანგარიშებული პირგასამტეხლო №525 ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ხელშეკრულების საერთო ღირებულების – 337 186 ლარის 0,15% 62 დღეზე), შეადგენს 31 358,30 ლარს, ხოლო, №555 ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 198 946 ლარის 0,15% 62 დღეზე), – 18 501,98 ლარს.
21. მხარეები არ დავობენ, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების (საქონლის მიწოდება) ვადის დარღვევით შესრულების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთხოვილია საბანკო გარანტიის თანხა: №525 ხელშეკრულებაზე – 16 860 ლარი და №555 ხელშეკრულებაზე – 9 947,5 ლარი.
22. შეგებებული სარჩელით პირგასამტეხლოს მოთხოვნისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა უკვე გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხა და პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებაზე მოთხოვნილი იყო 14 498,3 ლარი (31 358,30 - 16 860), ხოლო 2017 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაზე - 8 554,48 ლარი (18 501,98 – 9 947,5).
23. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2016 წლის 29 სექტემბერს გაიცა რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, სადაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დროს) პირგასამტეხლო განესაზღვრათ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით.
24. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 420-ე მუხლის საფუძველზე, პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ ოდენობამდე შემცირების მართლზომიერების საკითხის შეფასება.
25. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო 6 581.00 ლარის ოდენობით გონივრულია და მისი გაზრდის საფუძველი არ არსებობს.
26. სსკ-ის 417-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
27. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლიც ვალდებულების დარღვევისას ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, ითვალისწინებს მიმწოდებლისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობას ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულებების 11.4 პუნქტები).
28. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
29. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
30. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ ას-914-864-2015; 04/12/2015 წ.).
31. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 23052,78 ლარის ოდენობით მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა შემცირებულიყო 6 581.00 ლარამდე.
32. პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობის კუთხით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
33. დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, რაც დაუკავშირეს ხელშეკრულების მთლიან ღირებულებას და არა შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებას.
34. დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულება მოსარჩელემ დაარღვა ნაწილობრივ, კერძოდ, ორივე შემთხვევაში საქონლის მიწოდების ვადას გადააცილა არა მთლიანი საქონლის, არამედ მხოლოდ ნაწილის მიწოდების შემთხვევაში. თითოეულ ხელშეკრულებაზე ვადაგადაცილებამ შეადგინა 62 დღე.
35. ამასთან, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები უზრუნველყოფილი იყო როგორც საბანკო გარანტიით, ასევე, პირგასამტეხლოთი. უზრუნველყოფის ორივე ეს საშუალება შემსყიდველის მხრიდან გამოყენებულია საქონლის განსაზღვრულ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის გამო.
36. როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს გაანგარიშების პრინციპი მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ხელშეკრულებების საერთო ღირებულებიდან, ხოლო მოსარჩელემ შესრულების ვადა საერთო ღირებულების მხოლოდ ნაწილზე დაარღვია. ამასთან, დარღვევის ხანგრძლივობა ორივე შემთხვევაში 62 დღეა.
37. მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, კრედიტორმა გაითხოვა საბანკო გარანტიის თანხა.
38. უდავოა, რომ ორივე ხელშეკრულებიდან მთლიანობაში ვალდებულება დაირღვა 93 050 (18 800+74 250) ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ნაწილში. ორივე ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, გათხოვილია საბანკო გარანტიის თანხა – 26 807,5 ლარი (9 948,5+16 860). შეგებებული სარჩელით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვდა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებულ პირგასამტეხლოს 23 052,78 (14 498,3+8 554,48) ლარს. რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი სარჩელით ითხოვდა ორივე ხელშეკრულებიდან პირგასამტეხლო განსაზღვრულიყო 6581 (4114+2467) ლარით, რაც ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, ვადაგადაცილების პერიოდის და საბანკო გარანტიებით უკვე ანაზღაურებული თანხის ოდენობის გათვალისწინებით, პალატამ გონივრულ ოდენობად მიიჩნია.
39. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0,15%-იდან 0,02%-მდე შემცირების შესახებ ემყარება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციას, რომლითაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია მათ შორის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს პირგასამტეხლო განსაზღვრონ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ით.
40. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად შეამცირა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ ოდენობამდე.
41. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლოს პრაქტიკასთან (სუსგ-ები: 29.05.2015წ. საქმე №1125-1072-2014; 25.05.2015წ. საქმე №1269-1209-2014).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
42. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
43. კასატორმა განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება საკასაციო სასამართლოს №1125-1072-2014 და №1269-1209-2014 საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც საკასაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება სცილდება კანონმდებლობით განსაზღვრულ სფეროს, ზღუდავს არა პირგასამტეხლოს ოდენობას, არამედ მისი დათვლისმ მხარეთა შორის შეთანხმებულ წესს. უხეშად ერევა მხარეთა სახელშეკრულებო უფლებებში.
44. კასატორმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 420-ე მუხლი არ იძლევა მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს გამოთვლის მეთოდის შეცვლის შესაძლებლობას. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას კრედიტორის მიზანია მთლიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა დათვლილი უნდა იყოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან.
45. მხარემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გაითვალისწინა საბანკო გარანტიის ფარგლებში მოპასუხის მიერ მიღებული თანხა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის №ას-1038-999-2016 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად პრინციპალის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა არ წარმოადგენს საბანკო გარანტიის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
47. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
48. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
49. 2017 წლის 12 ივლისს მოსარჩელეს (მიმწოდებელს) და მოპასუხეს (შემსყიდველს) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №525 ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლისა და №1 დანართის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა უბნის ინსპექტორის ქურთუკებისა და კეპების შესყიდვა.
50. ხელშეკრულების 3.1 მუხლით, მისი ღირებულება განისაზღვრა 337 186 ლარით, საიდანაც ქურთუკების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 291 500 ლარი, ხოლო კეპებისამ – 45 686 ლარი.
51. მოსარჩელეს მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 75 კალენდარული დღის განმავლობაში, 2017 წლის 26 სექტემბრამდე, №1 დანართის შესაბამისად.
52. 2017 წლის 27 ივლისს მოსარჩელეს (მიმწოდებელს) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემსყიდველს) შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №555 ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლისა და №1 დანართის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა უბნის ინსპექტორის შარვლებისა და ქვედაბოლოების შესყიდვა.
53. ხელშეკრულების 3.1 მუხლით, მისი ღირებულება განისაზღვრა 198 946 ლარით, საიდანაც შარვლების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა – 189 880 ლარი, ხოლო ქვედაბოლოებისამ – 9 066 ლარი.
54. მოსარჩელეს მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, 2017 წლის 26 სექტემბრამდე, №1 დანართის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების მე-11 პუნქტებით განისაზღვრა ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი; ამასთან, ხელშეკრულებების 11.4 ქვეპუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით (ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან).
55. ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ შემსყიდველის სასარგებლოდ 2017 წლის 10 ივლისს და 2017 წლის 25 ივლისს წარადგინა საბანკო გარანტიები.
56. საბანკო გარანტია გაიცა №555 ხელშეკრულებაზე 9 947,5 ლარის უპირობო ანაზღაურებაზე, ხოლო, №525 ხელშეკრულებაზე – 16 860 ლარის უპირობო ანაზღაურებაზე, თუკი პრინციპალი (მოსარჩელე) არ შეასრულებდა ბენეფიციართან გაფორებული სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ნაკისრი ვალდებულების შინაარსი შეიცავდა როგორც საქონლის მიწოდების ვალდებულებას, ასევე, მიწოდებას კონკრეტულ ვადაში.
57. სადავო არ არის ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის შესაკერად მოსარჩელე ნედლეულის მიღებას ახდენდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, გუანგდონგის პროვინციაში მდებარე ფაბრიკიდან, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის აგვისტოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში, გუანგდონგის პროვინციაში მომხდარი შტორმისა და ტაიფუნის გამო, ფაბრიკამ სამი კვირით შეაჩერა მუშაობა, რის გამოც დროულად ვერ შეძლეს მოსარჩელისთვის საჭირო ნედლეულის წარმოება.
58. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმწოდებელს გაუგრძელა ხელშეკრულებების შესრულების ვადები. თუმცა მოსარჩელემ ვერც ახალ ვადებში მიაწოდა შემსყიდველს საქონელი. ვადაგადაცილებამ ორივე შემთხვევაში შეადგინა 62 დღე.
59. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელემ დაარღვია ნაწილობრივ, კერძოდ: №555 ხელშეკრულების შემთხვევაში, 198 946 ლარის საერთო ღირებულებიდან – 18 800 ლარის, ხოლო №525 ხელშეკრულების შემთხვევაში, 337 186 ლარის საერთო ღირებულებიდან – 74 250 ლარის ნაწილში.
60. ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, მოსარჩელისათვის დაანგარიშებული პირგასამტეხლო №525 ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ხელშეკრულების საერთო ღირებულების – 337 186 ლარის 0,15% 62 დღეზე), შეადგენს 31 358,30 ლარს, ხოლო, №555 ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 198 946 ლარის 0,15% 62 დღეზე), – 18 501,98 ლარს.
61. მხარეები არ დავობენ, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების (საქონლის მიწოდება) ვადის დარღვევით შესრულების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთხოვილია საბანკო გარანტიის თანხა: №525 ხელშეკრულებაზე – 16 860 ლარი და №555 ხელშეკრულებაზე – 9 947,5 ლარი.
62. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2016 წლის 29 სექტემბერს გაიცა რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, სადაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დროს) პირგასამტეხლო განესაზღვრათ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით.
63. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც მხარეთა შორის ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული. სსკ-ის 420-ე მუხლი არ იძლევა მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს გამოთვლის წესის შეცვლის შესაძლებლობას. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ პრინციპალის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა არ წარმოადგენს საბანკო გარანტიის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.
64. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
65. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
66. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
67. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არამართლზომიერი შემცირების დადასტურება კასატორის ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება) ფაქტობრივ-სამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა.
68. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
69. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
70. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
71. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება – პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
72. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ, ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).
73. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
74. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
75. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.(იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
76. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევისშედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ . Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).
77. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით (სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე და პირგასამტეხლოს გამოანგარიშების წესზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით) აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
78. პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
79. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
80. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
82. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის (მოცემულ შემთხვევაში – შეგებებულ სარჩელში დასახელებული მოპასუხის) მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებულ იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე, პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ 10.12.2020წ. საქმე №ას-888-2020).
83. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოსარჩელის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად მიიჩნია. კასატორმა კი, ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
84. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება მხარის მითითება, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომლის თანახმად პრინციპალის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა არ წარმოადგენს საბანკო გარანტიის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს და სააპელაციო პალატას სადავო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში არ უნდა მიეღო კრედიტორის მიერ საბანკო გარანტიის თანხის მიღების ფაქტი.
85. ამასთან, კასატორი თავად უთითებს, რომ უზენაესი სასამართლო №ას-1038-999-2016 საქმეზე მსჯელობდა საბანკო გარანტიის დაკისრების წინაპირობებზე, განსხვავებით მოცემული დავისა, სადაც მსჯელობის საგანია პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება. შესაბამისად, დასახელებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მსჯელობა განსახილველ შემთხვევაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
86. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
87. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
88. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
89. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
90. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი