Facebook Twitter

საქმე №ას-1211-2020 3 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „დ.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ N.G.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ N.G.-მ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ.ს–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 18 435 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების საქონელს. განხორციელებული მიწოდებების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა ფულადი დავალიანება, რომელმაც, 2018 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული შედარების აქტის მიხედვით, შეადგინა 18 435 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს პერიოდულად აწვდიდა სამედიცინო დანიშნულების საქონელს, მაგრამ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების გადახდის ვადა. 2019 წლის 6 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე 18 435 ლარის განაწილვადებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 435 ლარის გადახდა, რაც მოპაუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გარკვეული დროის განმავლობაში აწვდიდა მოპასუხეს სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების საქონელს.

7. 2018 წლის 19 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის მიხედვით აღნიშნული აქტის გაფორმებისას მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 18 435 ლარი.

8. მოპასუხეს 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით მოსარჩელისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება – 18 435 ლარის ოდენობით არ აუნაზღაურებია.

9. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს შესასრულებელი აქვს ის ვალდებულება, რაც იკისრა 2018 წლის 19 ნოემბრის შედარების აქტით, ვინაიდან ამას თავად მოპასუხე მხარეც არ უარყოფს. სადავო ხდება შესრულების – ნასყიდობის საფასაურის გადახდის ვადა, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს სარჩელის აღძვრის დროისათვის იყო თუ არა ვალდებულების შესრულება ვადამოსული.

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, როგორც საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, მხარეთა შორის არ იყო შეთანხმებული ხელშეკრულებით კონკრეტული თარიღი, თუ როდის უნდა მომხდარიყო ნასყიდობის საფასურის გადახდა. ზემოაღნიშნული ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით, ნივთის გადაცემისთანავე უნდა მოხდეს მისი საფასურის გადახდა. თავისთავად, როდესაც მხარეები იმყოფებიან საქმიან ურთიერთობაში, შეიძლება შეთანხმდნენ გადახდის გრაფიკზე და კრედიტორს, იმისათვის, რომ გაგრძელდეს თანამშრომლობა, რაღაც კუთხით თმენის ვალდებულებაც შეიძლება დაეკისროს. თუმცა ეს არ უნდა იქნას ისე გაგებული, თითქოს მოვალეს როცა უნდა მაშინ შეუძლია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, რადგან ეს ზიანს მიაყენებს თავად კრედიტორის ბიზნეს საქმიანობას და მხარეთა შორის არსებულ თანამშრომლობასაც დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. 2018 წლის 19 ნოემბრის შედარების აქტის გაფორმება უკვე მიუთითებს მხარეთა შორის გართულებულ ურთიერთობაზე, ვინაიდან მანამდე ნასყიდობის ხელშეკრულებას ზეპირი ფორმა ჰქონდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა მხარეთა ახსნა-განმარტებები, რომ მოსარჩელე მოპასუხეს სხვადასხვა პერიოდულობით აწვდიდა საქონელს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც, შედარების აქტის გარდა, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

11. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში, დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

12. სსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

13. იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვალდებულების შესრულების ვადა არ არის განსაზღვრული, უფლების დარღვევის შესახებ კრედიტორი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, ხოლო მოვალე უარს იტყვის შესრულებაზე ან ფაქტობრივად არ შეასრულებს მას. მოთხოვნის უფლების წარმოშობა ასეთ შემთხვევაში დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე, მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება. როგორც კი ეს ნება იქნება გაცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე იარსებებს კრედიტორის უფლების დარღვევა. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების შესრულების დრო არ არის განსაზღვრული, ვალდებულების დარღვევასა და მოთხოვნის წარმოშობის დროზე, მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც კრედიტორი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას და კრედიტორის ნება მიუვა მოვალეს. დრო, როდესაც კრედიტორის ნება მიუვა მოვალეს, უნდა ჩაითვალოს მოთხოვნის წარმოშობის დროდ. განსახილველ შემთხვევაში, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, მოსარჩელემ არაერთხელ მოითხოვა მოპასუხისაგან ვალდებულების შესრულება, თუმცა უშედეგოდ მოპასუხეს არ შეუსრულებია ის, ვინაიდან თვლის რომ ჯერ არ არის დამდგარი მისი შესრულების ვადა.

14. სააპელაციო პალატამ არ გაიზარა მოპასუხის პოზიცია, რომ არ არსებობს რაიმე სახის დოკუმენტი, რაც მიანიშნებდა, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს მოთხოვნილი თანხა, ვინაიდან, მხარეებმა შედარების აქტით დაარეგულირეს სამართლებრივი მდგომარეობა, ხოლო მოპასუხის შესაგებლით დასტურდება, რომ შეთანხმებული თანხა გადახდილი არ არის.

15. სსკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად სააპელაციო პალატამ ცალსახად დაადგინა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, შესაბამისად, 2018 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული შედარების აქტის თანახმად, მისთვის 18 435 ლარის მოსარჩელის სასარგებლოს დაკისრება მართებულია და სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

17. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამრთლომ გამოიყენა სსკ-ის 361-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებში არ არის მითითებული, თუ როგორ და როდის უნდა დაიფაროს შედარების აქტში მითითებული დავალიანება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ვადამოსული ვალდებულების არსებობა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, აღნიშნული კი გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

18. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ-ის 102-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება და სადაც მითითებულია ვალდებულების შესრულების ვადა. სააპელაციო პალატის განმარტება, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადასთან დაკავშირებით მოპასუხის მხრიდან უნდა წარმოდგენილიყო სათანადო მტკიცებულება, ეწინააღმდეგება შეჯიბრობითობის პრინციპს, სსსკ-ის 102-ე მუხლს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბერის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია იმ ფაქტების საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელე გარკვეული დროის განმავლობაში აწვდიდა მოპასუხეს სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების საქონელს.

22. 2018 წლის 19 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის მიხედვით აღნიშნული აქტის გაფორმებისას მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 18 435 ლარი, რასაც არც მოპასუხე მხარე არ უარყოფს.

23. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

26. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური, ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა, მხარეებმა საკუთარი უფლება-მოვალეობები განახორციელონ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით – ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

27. საკასაციო პალატამ განმარტავს, რომ იმ ვალდებულებებისათვის, რომელთა შესრულების დროც გამომდინარეობს გარემოებებიდან, მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს შესრულების შესახებ კრედიტორის მოთხოვნის დროითი ფარგლები. განუსაზღვრელი ხასიათის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ მოთხოვნა არის ღია ნებისმიერ დროს(quod sine die debetur, statim debetur). ვალდებულება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება გულისხმობდეს მის შესრულებას მოთხოვნისას. ეს ითვალისწინებს კრედიტორის მიერ მოვალისადმი მოთხოვნის წაყენების აუცილებლობას. მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც განსხვავდება მისი პროცესუალური განხორციელებისაგან. ორმხრივ (სინალაგმატურ) ხელშეკრულებში თითოეულ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. თითოეული მხარე კრედიტორიცაა და მოვალეც. ხშირად, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე, რომელიც გადასცემს რაიმე ქონებას კონტრაჰენტს მისგან სამაგიერო ქონებრივი სიკეთის მიღების სანაცვლოდ, დაინტერესებულია იმით, რომ „გაცვლის“ დრო მინიმალური იყოს. როგორც წესი, ორივე მხარე ვალდებულია შესრულება განახორციელოს ერთდროულად. ორმხრივ ხელშეკრულებაში შესრულების რიგითობის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის.

28. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორის მხრიდან დასაბუთებული საკასაციო შედავება წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების მიმართ, რომ გამყიდველმა მხარეთა შორის მოძრავ ნივთებზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ნასყიდობის საგანი მყიდველს გადასცა, ხოლო ამ უკანასკნელს საპასუხოდ შესაბამისი ანაზღაურება არ მოუხდენია.

29. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება გააჩნდა, მოეთხოვა სადავო ვალდებულების შესრულება.

30. საკასაციო საჩივრით წარმოდგენილი პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, ვადამოსული იყო თუ არა ვალდებულების შესრულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება მხარეების მიერ, ე.ი. შესრულებით მიიღწევა ის მიზანი, რასაც ვალდებულების მონაწილეები ისახავდნენ. ამის შემდეგ უკვე აღარ არსებობს ამ ურთიერთობის გაგრზელებისათვის სამართლებრივი საფუძველი. ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ( იხ. დამატებით: ბ. ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეპცია საქართველოში, თბილიოსი, 2005, გვ.285.). ვალდებულების შესრულება ნიშნავს მოვალისაგან იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დროს მნიშვნელობა და მისი ზემოქმედება სამართლებრივ ურთიერთობებზე ვალდებულებით სამართალშიც ვლინდება, განსაკუთრებით კი ვალდებულების შესრულებასთან კავშირში. ვალდებულების დროულად შესრულება ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულება შესრულებულ უნდა იქნეს.

32. ზოგადად, სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული დროის ფაქტორთან. ვადა აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვას, განაპირობებს ხელშეკრულებათა ჯეროვან შესრულებას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა, მისთვის დამახასიათებელი დინამიკურობითა და დროის დეფიციტით, წარმოუდგენელია ვადებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილი და სწორი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე.სამოქალაქო კანონმდებლობა დროის ფაქტორს უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას, ასევე იმ მოქმედებათა შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით. ( იხ. დამატებით: თ. ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და დრო, თბილისი, 2005, გვ.31).

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესრულების მოთხოვნის მომენტს წარმოადგენს დრო, რომლის დადგომის შემდეგაც კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. შესრულების მოთხოვნის მომენტი პასუხობს კითხვაზე, თუ როდიდან აქვს კრედიტორს მოთხოვნის უფლება. ამ მომენტის დადგომას ახლავს სამი ფაქტორი: 1) შესრულების მოთხოვნამდე – შესრულების ვალდებულება არსებობს, მაგრამ კრედიტორს, როგორც წესი, არა აქვს მისი მოთხოვნის უფლება. ამდენად, გარკვეულ მომენტამდე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება მხოლოდ იგულისხმება – იგი სავარაუდოა; 2) როგორც კი დადგება ვალდებულების შესრულების ვადა, კრედიტორს ეძლევა უფლება, შეარჩიოს ვალდებულების შესრულების მომენტი; 3) ხანდაზმულობის ფაქტორი – რადგანაც კრედიტორის მოთხოვნის უფლებაც არ არის უვადო და მასზე მოქმედებს ხანდაზმულობის ზოგადი წესები. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ თვით კრედიტორის მოთხოვნა გახდეს ვადაგასული.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების პროცესში გამოიყენება აგრეთვე ნავარაუდევი (გარემოებებიდან გამომდინარე) ვადები. ნავარაუდევი ვადა უმეტესწილად ვალდებულებითი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარეობს. ვალდებულება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება გულისხმობდეს მის შესრულებას მოთხოვნისას. ეს ითვალისწინებს კრედიტორის მიერ მოვალისადმი მოთხოვნის წაყენების აუცილებლობას. მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც განსხვავდება მისი პროცესუალური განხორციელებისაგან. მოთხოვნა, ძირითადად, მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა არის სხვა პირისაგან რაიმე ქმედების (მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება) განხორციელების უფლება. დისპოზიციური ნორმები უშუალოდ წარმოშობს მათში გათვალისწინებულ მოთხოვნას, თუ ამ ნორმის მიერ დადგენილი თავისუფლების ფარგლებში მხარეთა შეთანხმება არ ახდენს მის მოდიფიცირებას და არ წარმოშობს მისგან განსხვავებულ მოთხოვნას. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელება. მოთხოვნა – უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. სწორედ ეს ,,სხვა გარემოებებში” ნაგულისხმევი ვადები შეიძლება იქნეს მიჩნეული ნავარაუდევ ვადებად. ( იხ. დამატებით: თ. ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და დრო, თბილისი, 2005, გვ.64). ანალოგიური შინაარსის ნორმაა დადგენილი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 271-ე პარაგრაფის პირველი აბზაცის მიხედვით. ( შდრ. Krüger, in MüKo. Komm, BGB Bd. 2a, §271, Rn 4; Grüneberg, in Palandt, §271, Rn 1; Bittner,in Staudinger §271, Rn 7, Jud, in Ptuting, §271, S.426-427.).

36. ხელშეკრულებაში ნაგულისხმევი (ნავარაუდევი) ვადები დამოკიდებულია ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სავარაუდო განზრახვაზე ან ვალდებულებითი ურთიერთობის ხასიათზე. ზოგ შემთხვევაში ეს განზრახვა გამომდინარეობს თვით ხელშეკრულების ტექსტიდან ან სხვა გარემოებებიდან. არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ვადა გამომდინარეობს თავად ვალდებულებითი ურთიერთობის ხასიათიდან. ზოგადად, ტერმინი ,,ნავარაუდევი ვადა” შეიძლება სხვა მნიშვნელობითაც გამოიყენებოდეს და სულაც არ აღნიშნავდეს ისეთ ვადას, რომლის სათავეც მხოლოდ მხარეთა ნებაში უნდა ვეძიოთ. ფართო გაგებით, ეს არის თუნდაც კანონმდებლობიდან გამომდინარე ვადა.

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევისათვის, როცა ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების შესახებ კრედიტორის მოთხოვნის ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს, ზოგადად, ხელშეკრულების ფორმის თავისუფლების პრინციპს.

38. ფორმის კანონით დადგენა უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც გარიგებით გათვალისწინებული სიკეთე სოციალური ტვირთის მატარებელია და მხოლოდ ასეთი სახითაა შესაძლებელი მისი დაცვა და მოწესრიგებული ურთიერთობის შენარჩუნება. გარიგებათა უმრავლესობა ზეპირად იდება. ეს ზუსტად შეესაბამება მხარეთა მოთხოვნილებას, ერთმანეთთან ურთიერთობა მოაწესრიგონ ზედმეტი ფორმალობის გარეშე. მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია მეტი წინდახედულობა, სიფრთხილე და მხარეთა უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, კანონი სავალდებულო წერილობით ფორმას ითვალისწინებს. სსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოვალისაგან ვალდებულების ნებისმიერ დროს შესრულება კრედიტორმა შეიძლება მოითხოვოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. სამართლებრივი ბუნებით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რამეთუ მიმართულია ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისაკენ. შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი მოხდება მიმღების ძალაუფლების სფეროში, ანუ ცალმხრივი ნების გამოვლენა ნამდვილია მხოლოდ იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

39. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 365-ე მუხლის გამოყენებას, რომლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან (მხარეთა შორის შეთანხმებასა და შედარების აქტში) ვალდებულების შესრულების კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის, ამიტომ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეეძლო, მოეთხოვა მოვალისაგან ვალდებულების შესრულება. ასეთ დროს, უფლების დარღვევის შესახებ კრედიტორი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, ხოლო მოვალე უარს იტყვის შესრულებაზე (იხ. სუსგ 5.09.2012წ. საქმე №ას-444-419-2011).

40. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „ნებისმიერი ვადა, იქნება ეს ზუსტად განსაზღვრული თუ ნავარაუდევი, უნდა იყოს გონივრული. გონივრული ვადა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით. გონივრულია ისეთი ვადა, რომელიც ასეთად შეიძლება ჩათვლილიყო, როგორც კანონის ობიექტური ნების, ისე მხარეთა ნების გამოვლენის საფუძველზე. შეიძლება იგი გამომდინარეობდეს სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებიდანაც. მოპასუხეს არ წარმოუდგენია ობიექტური და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ნასყიდობის საგნის (პროდუქციის) არაუფლებამოსილი პირების მიერ მიღებას. დადასტურებულად იქნა მიჩნეული მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნების მიღება და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება. ასეთ ვითარებაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტებით არ დასტურდება მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის საგნის გადაცემამდე გადახდის ფაქტი, ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს - მყიდველ მხარეს ეკისრება. მყიდველის მიერ კი არ არის წარმოდგენილი ვალდებულების შესრულების (ნასყიდობის ფასის გადახდის) დამადასტურებელი მტკიცებულება (სსსკ 102-ე მუხლი).“ (შდრ. სუსგ 06.07.2018 წ, საქმე №ას-515-515-2018.).

41. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა სადავო დავალიანების დაფარვა მოპასუხისაგან. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორმა სადავოდ გახადა რა ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა მოსარჩელის პოზიციიდან გამომდინარე, არ მიუთითებია და დაუსაბუთებია, თავად როდის მიაჩნდა თანხის გადახდის მოთხოვნის წარდგენა მართლზომიერად.

42. ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

43. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

45. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2020 წლის 02 ნოემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 922 ლარის 70% – 645.4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „დ.ს–ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2020 წლის 02 ნოემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 922 ლარის 70% – 645.4 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი

.