საქმე №ას-1357-2020 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. თ–ძე (შეგებებული სარჩელის ავტორი), ბ.ჯ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. თ–ძე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, ღობის დემონტაჟი (ძირითად სარჩელში) გარიგების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ. თ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. თ–ძისა (შემდგომ – შეგებებული სარჩელის ავტორი) და ბ.ჯ–ძის (შემდგომ – მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ, მოითხოვა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა და, ამ მიზნით, მოპასუხეთა მიერ აგებული ღობის დემონტაჟი, ხოლო მათი მფლობელობისაგან გათავისუფლებული მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წელში შეგებებული სარჩელის ავტორისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი. 2018 წლის თებერვალში ყოფილმა მესაკუთრემ თვითნებურად გააკეთა ბეტონის 2.46 მ-ის სიმაღლის ბეტონის ღობე და მისი მეშვეობით მიისაკუთრა მოსარჩელის კუთვნილი 59 კვ.მ. მოსარჩელის მიზანია, კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაბრუნება და მისი თავისუფლად მართვის შესაძლებლობის მოპოვება. მოპასუხეები კი, მიწის ნაკვეთს ნებაყოფილებით არ ათავისუფლებენ და ამ გზით არღვევენ მისი საკუთრების უფლებას.
მოპასუხეებისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა მოსარჩელესთან დადებული გარიგების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების გაუქმება და მიწის ნაკვეთის მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა. მოპასუხეთა მოსაზრებით, სადავო მიწა მათი საკუთრებაა.
პირველიინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა სარჩელზე უარის თქმის გამო, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369-ე, 2591 მუხლებით და განმარტა, რომ კანონი ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2020 წლის 29 იანვარს, 17:00 საათისათვის, აღნიშნულის თაობაზე მხარეები დამატებით გაფრთხილებულ იქნენ ხელწერილით.
8. საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 29 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რა დროსაც სხდომას ესწრებოდნენ მოპასუხეები. ამდენად, უდავოდ არის დადგენილი, რომ მათთვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, მისი გასაჩივრების წესი და ვადა ცნობილი იყო. ამდენად, გადაწვეტილების ასლის ჩასაბარებლად აპელანტები სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყვნენ 2020 წლის 29 იანვრიდან არაუადრეს 20 დღისა და ყველაზე გვიან – 30 დღის ვადაში.
9. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2020 წლის 4 თებერვალს (გადაწყვეტილების სარეზოლუცი ნაწილის გამოცხადებიდან მე-6 დღეს) შეგებებული სარჩელის ავტორმა სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება მოითხოვა.
10. საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად კანონით დადგენილ ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა არ მიუმართავს, ასევე, დადგენილია, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით მოპასუხეს სასამართლოსათვის საერთოდ არ მიუმართავს.
11. ამგვარად, მოპასუხეებს სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ, ეს კი ნიშნავს, რომ მათთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ – 2020 წლის 29 თებერვლიდან.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო ვადების გამოთვლის წესი დადგენილია სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლებით, რომელთა შესაბამისად, აპელანტებისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 29 თებერვლიდან და ამოიწურა ამავე წლის 13 მარტს, 24:00 საათზე, საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ მათ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარადგინეს 2020 წლის 1 ივლისს (ს.ფ. 244), ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
13. სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების თანახმად, მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარადგინეს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და სსსკ-ის 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.
16. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა. მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს 2020 წლის 1 ივლისს, თუმცა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
20. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
21. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად, „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
22. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და ისინი ესწრებოდნენ კიდეც გამოცხადებას.
24. სააპელაციო პალატამ დაადინა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მისაღებად მიმართა მისი გამოცხადებიდან მე-6 დღეს, რაც სსსკ-ის 2591 მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების წესის დაცვად ვერ შეფასდება,
25. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების და, მით უფრო, სარეზოლუციო ნაწილის ჩასაბარებლად მხარის მიმართვა არ ათავისუფლებს მას მე-20-30-ე დღეებში სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების მოთხოვნის ვალდებულებისაგან.
26. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებიათ.
27. საქმის მასალებიდან და არც კერძო საჩივრიდან, რომლის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება მეტად მწირია, არ დასტურდება, კანონით დადგენილ ვადაში საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად რა მიზეზით არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე.
28. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა სწორად აითვალა მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2020 წლის 29 იანვრიდან) 30-ე დღის (2020 წლის 28 თებერვლის) მომდევნო დღიდან – 2020 წლის 29 თებერვლიდან. აღნიშნული ვადა ამოიწურა ამავე წლის 13 მარტს, ხოლო მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2020 წლის 1 ივლისს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. თ–ძისა და ბ.ჯ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი
.