საქმე №ას-962-2020
23 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ბ–ი, დ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ფ–ძის (ბ–ის) (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე) და დ.ფ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მსესხებელ მოპასუხეს დაეკისროს: 23 120,52 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც წარმოადგენდა როგორც ძირითადი სესხის თანხას, ისე სარგებელსა და პირგასამტეხლოს; პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის – 10 000 აშშ დოლარის 0.2% (20 აშშ დოლარი) სარჩელის სასამართლოში შემოტანის თარიღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე, საპროცენტო სარგებელი – ყოველდღიურად 8.22 აშშ დოლარი სასამართლოში სარჩელის შემოტანის თარიღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადისა, მოპასუხეები ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ლ.ფ–ძის უფლებამონაცვლეებად და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ. ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია.
სარჩელის საფუძვლები:
2. 2015 წლის 18 მაისს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელს გადაეცა სარგებლიანი (წლიური 30%) სესხი – 10 000 აშშ დოლარი 36 თვის ვადით. მხარეთა შორის შეთანხმდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.2%-ს ოდენობით. სესხი უზრუნველყოფილ იქნა მსესხებლის მამის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
3. მსესხებელ მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება 2016 წლის 18 სექტემბრიდან არ შეუსრულებია.
4. 2017 წლის 18 იანვარს, მოპასუხე თ.ბ–მა მოსარჩელე კომპანიას მიმართა განცხადებით, რომლის საფუძველზეც შეატყობინა, რომ იმყოფებოდა პატიმრობაში და ითხოვდა არსებული დავალიანების შემცირებას და გადახდის გადავადებას.
5. 2017 წლის 28 ივნისს მოსარჩელე კომპანიას განცხადებით მიმართა მსესხებელი მოპასუხის წარმომადგენელმა ნ.ფ–ძემ (შემდგომ – წარმომადგენელი), მოითხოვა სესხის თანხაზე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის შეჩერება 2019 წლის 30 დეკემბრამდე, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩამოწერა. მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა სასესხო ვალდებულებების შესრულების გადავადებაზე 2019 წლის 30 დეკემბრამდე იმ პირობით, თუ აღნიშნულზე მხარეთა შორის გაფორმდებოდა წერილობითი შეთანხმება მისი ხელმოწერის დღეს არსებული სასესხო დავალიანების სრული მოცულობით დაფარვის მითითებულ თარიღამდე გადავადების შესახებ. ამასთან, ამავე შეთანხმების საფუძველზე 2019 წლის 30 დეკემბრამდე შეჩერდებოდა სესხის ძირითად თანხაზე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, თუ დადგა სესხის დაფარვის გრაფიკში მითითებული გადახდის ვადა და მსესხებელი ასეთი ვადის დადგომიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ვადაზე ადრე მოითხოვოს სესხის დაბრუნება. შესაბამისად, 2017 წლის 19 ივლისს, მოსარჩელე კომპანიამ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემებით იპოთეკის საგანი ირიცხება კვლავ აწ გარდაცვლილი მსესხებელი მოპასუხის მამის სახელზე, უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.
6. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება 2017 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 23 120.52 აშშ დოლარს, მათ შორის: სესხის ძირითადი თანხა: 10 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 4002.70 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 9117.82 აშშ დოლარი, ყოველდღიურად დარიცხული პროცენტი – 8.22 აშშ დოლარი და ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო – 20 აშშ დოლარი.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნეს. მოპასუხე დაეთანხმა უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასაც, თუმცა მოპასუხეებმა უარი განაცხადეს საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდაზე. მოპასუხე მხარის მიმართვის შედეგად მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მსესხებლის გადახდისუუნარობის თაობაზე. კეთილსინდისიერების გამოჩენის პირობებში მოსარჩელეს ხელშეკრულება მანამ უნდა შეეწყვიტა, ვიდრე მსესხებელ მოპასუხეს დიდი ოდენობის დავალიანება დაუგროვდებოდა. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელსათვის იპოთეკის საგნის მესაკუთრის გარდაცვალების თაობაზე ცნობილი იყო, შესაბამისად, მას იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში კანონით დადგენილი მოთხოვნის ვადა გაშვებული აქვს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 14 913,70 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 10 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 4002.70 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 911 აშშ დოლარი; 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხაზე – 10 000 აშშ დოლარზე საპროცენტო სარგებელი – ყოველდღიურად 8.22 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 18 მაისამდე; 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითად თანხაზე – 10 000 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 0.02 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების დაწყებამდე, მაგრამ არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა. მოპასუხე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ქონება.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა ნაწილობრივ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. მათ გადაწყვეტილება სადავოდ გახადეს იმ ნაწილში, რომლითაც დაეკისრათ საპროცენტო სარგებელი – 4002,70 აშშ დოლარი და ყოველდღიურად 8.2 აშშ დოლარი 2017 წლის 18 დეკემბრიდან 18 მაისის პერიოდზე, ასევე, უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 18 მაისს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა სარგებლიანი (წლიური 30%) სესხი – 10 000 აშშ დოლარი 36 თვის ვადით. მსესხებელს სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი ეტაპობრივად, ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, უნდა დაეფარა. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილ იქნა მსესხებლის მამის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
12. სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით შეადგენდა 19 208.04 აშშ დოლარს.
13. 2015 წლის 22 ნოემბერს მსესხებელი ბრალდებულის სტატუსით განთავსდა პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში. 2017 წლის 29 ივნისის წერილით მოსარჩელემ გამოთქვა მზადყოფნა, მისთვის სასესხო ვალდებულების შესრულება 2019 წლის 30 დეკემბრამდე გადაედო იმ პირობით, თუ აღნიშნულზე მხარეებს შორის გაფორმდებოდა წერილობითი შეთანხმება მისი ხელმოწერის დღეს არსებული სასესხო დავალიანების სრული მოცულობით დაფარვის გადავადების შესახებ. ამასთან, ამავე შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის 30 დეკემბრამდე, სესხის ძირითად თანხაზე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერდებოდა.
14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეთანხმება მხარეთა შორის ვერ იქნა მიღწეული.
15. იპოთეკის საგნის მესაკუთრე – მოპასუხე მსესხებლის მამა 2016 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის თაობაზე მსესხებელმა 2016 წლის 26 დეკემბერს წერილით შეატყობინა მოსარჩელეს. არსებული მდგომარეობით მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით კვლავ გარდაცვლილის სახელზეა აღრიცხული.
16. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გადაცვლილის სამკვიდრო მოპასუხემ – მისმა მეუღლემ კანონით დადგენილი წესით მიიღო.
17. მსესხებელმა 2016 წლის 18 სექტემბრიდან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რის საფუძველზეც მოსარჩელის მიმართ არსებულმა დავალიანებამ შეადგინა: სესხის ძირითადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი – 4 002.70 აშშ დოლარი, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო – 9 117.82 აშშ დოლარი.
18. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტს საპროცენტო სარგებელი 4002,70 აშშ დოლარის ოდენობით მართებულად დაეკისრა.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 623-ე მუხლის, 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება შეიზღუდოს კიდეც. ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე. 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.
20. განსახილველ საქმეზე გასათვალისწინებელია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე – ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებებიც.
21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სსკ-ის 867-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სსკ-ის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე, ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან ან, თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).
22. მოცემულ შემთხვევაში, მხარე სადავოდ ხდის კრედიტორის კეთილსინდისიერების საკითხს და განმარტავს, რომ მსესხებლისთვის, საპატიმრო სასაჯელის დაკისრების გამო, აღებული სესხის გადახდა 2019 წლამდე შეუძლებელი იყო, რაც საკრედიტო დაწესებულებამ იცოდა, მიუხედავად აღნიშნულისა, მან განზრახ გააჭიანურა ხელშეკრულების შეწყვეტა და სასამართლოში სარჩელის შეტანა, რათა მოპასუხეს უფრო მეტი სარგებლის გადახდის ვალდებულება დაკისრებოდა.
23. კეთილსინდისიერების პრინციპთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს – კეთილსინდისიერების პრინციპს განამტკიცებს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
24. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც ევალება, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა, კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.
25. კეთილსინდისიერების ზემოთ აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საქმე №ას-1338-1376-2014).
26. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებაზე, რომლის თანახმად, იპოთეკის საგნის მესაკუთრე 2016 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა. ამ ფაქტის შესახებ კრედიტორს 2016 წლის 26 დეკემბერს წერილით ეცნობა. კრედიტორმა 2017 წლის 29 ივნისის წერილით გამოთქვა მზადყოფნა, მსესხებელი მოპასუხისათვის სასესხო ვალდებულების შესრულება 2019 წლის 30 დეკემბრამდე, ანუ მისი საპატიმრო სასჯელის ვადის გასვლამდე გადაედო იმ პირობით, თუ აღნიშნულზე მხარეებს შორის გაფორმდებოდა წერილობითი შეთანხმება მისი ხელმოწერის დღეს არსებული სასესხო დავალიანების სრული მოცულობით დაფარვის გადავადების შესახებ. ამასთან, ამავე შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის 30 დეკემბრამდე, სესხის ძირითად თანხაზე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერდებოდა. დადგენილია, რომ შეთანხმება მხარეთა შორის მიღწეული ვერ იქნა.
27. ზემოაღნიშნული მტკიცებულებით სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინდა, რომ კრედიტორი მზად იყო, ხელი შეეწყო მსესხებლისთვის და მისი საპატიმროდან გათავისუფლების დრომდე გადაევადებინა, როგორც ძირითადი სესხის, ასევე, მასზე დარიცხული პროცენტისა და სხვა გადასახდელების გადახდის ვალდებულება, თუმცა როგორც ჩანს მოვალის თანხმობის არარსებობის გამო, ეს შეთანხმება ვერ განხორციელდა. ასეთ პირობებში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კრედიტორის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე საუბარი უადგილოა, რეალურად მოსარჩელე ითხოვს არა მისთვის, კრედიტორის არაკეთილსინდისიერი მოქმედების გამო, მიყენებული ზიანის კომპენსირებას, არამედ საკრედიტო დაწესებულების მიმართ საპროცენტო სარგებლის გადახდისგან გათავისუფლებას, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. სამოქალაქო კოდექსით ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები ამომწურავადაა ჩამოთვლილი, რომელშიც საპატიმრო სასჯელის მისჯა ნახსენები არ არის, შესაბამისად, მოვალის დაპატიმებისთანავე ვალდებულება შეწყვეტილად ვერ ჩაითვლებოდა. გარდა ამისა, როგორც თავად აპელანტი მიუთითებს სააპელაციო საჩივარში, მოვალის დაპატიმრების შემდგომ მისი ოჯახის წევრი ფარავდა სასესხო ვალდებულებას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მან ეს ვეღარ შეძლო. ამ მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან დაპატიმრების შემდგომ გარკვეული პერიოდულობით ვალდებულების დაფარვა ხდებოდა, კრედიტორს ჰქონდა ან შეიძლებოდა ჰქონოდა განცდა, რომ ვალდებულების შესრულებადობა უიმედო არ იყო, ის ფაქტი, რომ მან ხელშეკრულება, 2016 წლის მაგივრად, 2017 წელს შეწყვიტა და სწორედ ამ დროს მიმართა სასამართლოს მხარის არაკეთილსინდისიერებაზე არ მიუთითებს. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი მართებულად დაეკისრა.
28. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივ გარემოება, რომ მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ 2015 წლის 18 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირ თანხაზე – 10000 აშშ დოლარზე ყოველდღიურად 8,22 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება (2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 18 მაისამდე) მართებულად დაეკისრა.
29. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით განმარტა, რომ ხსენებული ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა, მათი სისტემური გამოყენებისთვის აუცილებელია აღნიშნული ნორმების ერთობლივ ჭრილში განხილვა. ამ მიმართებით ყურადსაღებია ამავე კოდექსის 412-ე მუხლი, რადგან თავისი არსით ის ფულადი სარგებელი, რომელიც მხარეს შეიძლება დაეკისროს როგორც ზიანი, სწორედ ამ ნორმის მოქმედების სფეროში ექცევა. აღნიშნული ნორმა ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ისეთ ქმედებებს უკავშირებს, რომლებიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად ის ზიანი, რომელიც ისეთი ქმედების შედეგად დადგა, რომელიც მხარეს არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა, ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
30. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მასთან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა (იხ. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა №ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; №ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.).
31. ამასთან მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ კრედიტორს სარგებლის მიღება ანუ, იმ დანაკლისის შევსება, რომელიც მოვალის მიერ მისი კაპიტალის დაყოვნების გამო მიადგა, შეუძლია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ვინაიდან სსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლების კონტექსტში იგულისხმება, რომ მოვალე მხოლოდ ამ დროის განმავლობაში იქნებოდა უფლებამოსილი, ევარაუდა/წინასწარ განეჭვრიტა, რომ სესხის გადაუხდელობით კრედიტორს ზიანი მიადგებოდა, ანუ ვერ მიიღებდა იმ შემოსავალს, რაც მას ხელშეკრულებით უნდა მიეღო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხე მხარეს 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 18 მაისამდე –ხელშეკრულების ამოწურვის დრომდე, მართებულად დაეკისრა.
32. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ იპოთეკის საგნის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა კანონიერად განხორციელდა.
33. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღავენლა სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ სარჩელის აღძვრის დროისთვის იპოთეკის საგანი აწ გარდაცვლილი მესაკუთრის სახელზე იყო აღრიცხული, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ აპელანტები გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეებად ცნო და უძრავი ქონების მათ სახელზე აღრიცხვის ვალდებულება დაადგინა, გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა.
34. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას გაფორმებული იპოთეკა წარმოადგენს, რაც კრედიტორს უფლებამოსილებას ანიჭებს, მოთხოვნა იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით დაიკმაყოფილოს.
35. სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1488-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, კრედიტორისათვის იპოთეკის საგნის მესაკუთრის გარდაცვალების ფაქტი 2016 წლის 26 დეკემბერს გახდა ცნობილი. მოპასუხე მხარე იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან კრედიტორს გაშვებული ჰქონდა მოთხოვნის კანონით დადგენილი ვადა.
36. სააპელაციო პალატამ აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მუხლებით დარეგულირებულია მემკვიდრეების პასუხისმგებლობის ფარგლები მამკვიდრებლის კრედიტორების მიმართ და თავის მხრივ, კრედიტორის მოთხოვნის უფლების განხორციელების ვადები მოვალის მემკვიდრეების მიმართ.
37. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის მოვალეს წარმოადგენს მსესხებელი მოპასუხე, ხოლო აწ გარდაცვლილი იპოთეკის საგნის მესაკუთრე ვერ იქნება აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად მოვალედ მიჩნეული. მოთხოვნის წარდგენა მოვალის მემკვიდრეებისათვის, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონკრეტული ვალდებულების არსებობას, რასაც წარმოდგენილ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აწ გარდაცვლილი წარმოადგენდა მხოლოდ იპოთეკით (სანივთო უფლება) დატვირთული საგნის მესაკუთრეს და მას რაიმე სახის ვალდებულება კრედიტორის მიმართ არ გააჩნდა. მეტიც, სააპელაციო პალატა დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომ ბუნდოვანია აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით კრედიტორის მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა, ვინაიდან იგი მამკვიდრებლის მემკვიდრეებისაგან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას ვერ მოითხოვდა და აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებელია მოთხოვნა წარდგენილიყო იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში დამოუკიდებლად.
38. ამიტომ, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა მართებულად განხორციელდა და ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
40. მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“ (Bombo Beheer B.V. v. The Netherlands, 27.10.1993).
41. მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
42. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
43. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს პროცენტის, მიუღებელი შემოსავლისა და იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტი უნდა დაედასტურებინა, რაც საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დგინდება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
44. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
45. კასატორის განმარტებით, მოსარჩელისთვის ჯერ კიდევ 2016 წლის 26 დეკემბერს ცნობილი გახდა მსესხებელი მოპასუხის გადახდისუუნარობის შესახებ, რის შესახებაც მან წერილობით აცნობა მოსარჩელეს, მანამდე კი მისმა ოჯახის წევრებმა აცნობეს აღნიშნული გარემოება. სსკ-ის 627-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მოსარჩელეს ჯერ კიდევ 2016 წლის 26 დეკემბერს შეეძლო, სასამართლოსთვის მიემართა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ მხოლოდ 2017 წლის 18 დეკემბერს აღძრა სარჩელი, სწორედ ამან გამოიწვია პირგასამტეხლოსა და პროცენტის ასეთი დიდი ოდენობით დარიცხვა, რაც სხვა არაფერია თუ არა უფლების ბოროტად გამოყენება მოსარჩელის მიერ. მოსარჩელემ განზრახ მაქსიმალურად გაზარდა საპროცენტო სარგებელისა და პირგასამტეხლოს დავალიანება, რაც მისი უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს. მოსარჩელეს შეეძლო, მიემართა სამართლებრივი პროცედურებისთვის ასეთი შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში (აღნიშნული ხელშეკრულებითაც არის დარეგულირებული), რაც არ განახორციელა. შესაბამისად, მოპასუხეებმა მოითხოვეს პროცენტის დაკორექტირება გონივრულ – მსესხებელი მოპასუხის პატიმრობაში ყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ოდენობამდე.
46. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯელობა მსესხებელი მოპასუხისათვის ყოველდღიურად 8.22 აშშ დოლარის დაკისრებაზე დააფუძნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, ანუ ზიანს, რომელიც მიუღებელი შემოსავლის სახით განიცადა კრედიტორმა მხარემ. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს აღნიშნული თანხის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მიუღებელ შემოსავალზე არ მიუთითებია. არც სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მსგავს მსჯელობას. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი საკუთარი ინიციატივით მოიხმო. მოსარჩელე მხარემ ნათლად და მკაფიოდ უნდა მიუთითოს წარმოდგენილ სარჩელში ფაქტები და გარემოებები, რომელსაც ის აფუძნებს სასარჩელო მოთხოვნას, აღნიშნულის მიზანი სწორედ ისაა, რომ მოპასუხემ წარმოადგინოს კვალიფიციური შესაგებელი, შეედავოს მოსარჩელეს ფაქტებსა და შეფასებებზე. სასამართლოსეული მიდგომით კი, მოპასუხეს უნდა ევარაუდა, რომ მოსარჩელე ყოველდღიურად 8.22 აშშ დოლარის დაკისრებაში გულისხმობდა ზიანს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პროცენტის გადახდის შესაძლებლობას.
47. კასატორის მოსაზრებით, კრედიტორმა გაუშვა მემკვიდრეთათვის პრეტენზიის წარდგენის 6-თვიანი ვადა, რაც მის მოთხოვნას ამ ნაწილში ხანდაზმულად ხდის. კრედიტორისთვის ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში იყო ცნობილი მსესხებლის მამის გარდაცვალების შესახებ, ანუ ორივე გარემოება, მოპასუხე მსესხებლის პატიმრობა და მამის გარდაცვალება მისთვის ერთდროულად გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, სარჩელი აღძრა 2017 წლის დეკემბერში ერთი წლის შემდგომ.
48. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
49. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი მნიშვნელოვანი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
51. 2015 წლის 18 მაისს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა სარგებლიანი (წლიური 30%) სესხი – 10 000 აშშ დოლარი 36 თვის ვადით. მსესხებელს სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი ეტაპობრივად, ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, უნდა დაეფარა. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილ იქნა მსესხებლის მამის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
52. სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით შეადგენდა 19 208.04 აშშ დოლარს.
53. 2015 წლის 22 ნოემბერს მსესხებელი ბრალდებულის სტატუსით განთავსდა პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში. 2017 წლის 29 ივნისის წერილით მოსარჩელემ გამოთქვა მზადყოფნა, მისთვის სასესხო ვალდებულების შესრულება 2019 წლის 30 დეკემბრამდე გადაედო იმ პირობით, თუ აღნიშნულზე მხარეებს შორის გაფორმდებოდა წერილობითი შეთანხმება მისი ხელმოწერის დღეს არსებული სასესხო დავალიანების სრული მოცულობით დაფარვის გადავადების შესახებ. ამასთან, ამავე შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის 30 დეკემბრამდე, სესხის ძირითად თანხაზე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერდებოდა.
54. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეთანხმება მხარეთა შორის ვერ იქნა მიღწეული.
55. იპოთეკის საგნის მესაკუთრე – მოპასუხე მსესხებლის მამა 2016 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის თაობაზე მსესხებელმა 2016 წლის 26 დეკემბერს წერილით შეატყობინა მოსარჩელეს. არსებული მდგომარეობით მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით კვლავ გარდაცვლილის სახელზეა აღრიცხული.
56. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გადაცვლილის სამკვიდრო მოპასუხემ – მისმა მეუღლემ კანონით დადგენილი წესით მიიღო.
57. მსესხებელმა 2016 წლის 18 სექტემბრიდან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რის საფუძველზეც მოსარჩელის მიმართ არსებულმა დავალიანებამ შეადგინა: სესხის ძირითადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი – 4 002.70 აშშ დოლარი, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო – 9 117.82 აშშ დოლარი. მხარეთა შორის ხელშეკრულება ამოიწურა 2018 წლის 18 მაისს.
58. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა სარჩელის აღძვრის უფლება და განზრახ ხელი შეუწყო დავალიანების გაზრდას. ასევე, კასატორებმა მიიჩნიეს, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება სარეალიზაციოდ არამართლზომიერად მიექცა.
59. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
60. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
61. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის არგუმენტი, რომ მოსარჩელემ ხელი შეუწყო მოპასუხის ვალდებულების მოცულობის გაზრდას და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს. ამასთან, მას უნდა გაეთვალისწინებინა მსესხებელი მოპასუხის დაპატიმრების ფაქტი და შეემცირებინა საპროცენტო სარგებელი.
62. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
63. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელმა მოსარჩელისაგან მიიღო კრედიტი და იკისრა როგორც ძირითადი თანხის, ისე სარგებლის გადახდის ვალდებულება, რაც მას სრულად არ შეუსრულებია. აღნიშნულის საპასუხოდ მხარე უთითებს მოპასუხის დაპატიმრებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების ფაქტს.
64. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსესხებლის მიერ დასახელებული სუბიექტური მიზეზების წარმოშობა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდისაგან გათავისუფლების სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ საკრედიტო დაწესებულების ფუნქციონირება სწორედ სესხად გაცემული თანხის პროცენტის სახით მიღებულ მოგებას ეფუძნება. შესაბამისად, უფლების მართლზომიერად განხორციელებაზე საუბრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსარჩელის კანონიერი უფლება, მიიღოს შემოსავალი გაცემული კრედიტიდან და მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების შესრულება კანონით დადგენილ ფარგლებსა და პერიოდში.
65. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, კასატორმა მხარემ ვერ დაადასტურა კრედიტორის მიერ სადავო უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი.
66. კასატორმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა გასაჩივრებული განჩინების იმ სამართლებრივი მოტივაციის მიმართაც, რომელიც შეეხება მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. სააპელაციო პალატის მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას შეესაბამება.
67. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დროულად სრულად არ გადაუხადა მოსარჩელეს ნასყიდობის საფასური, შესაბამისად, მას შეუძლია, შესრულებასთან ერთად ვადაგადაცილების ზიანიც მოითხოვოს (სსკ-ის 404-ე, 411-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, მიდგომა განსხვავებულია, რაც განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითიუნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც, ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (შდრ. სუსგ №ას-992-950-2013, 04.03, 2014 წ; №ას-1843-2018, 05.04.2019წ). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს, რაც მოცემულ საქმეზე დადგენილია.
68. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გარდაცვლილი მესაკუთრის მემკვიდეებისათვის მოთხოვნის სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ 6-თვიან ვადაში წარდგენას.
69. უპირველესად აღსანიშნიავია, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, მითითებულ ნორმაში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება, არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.2008წ., საქმე №ას-968-1269-2007).
70. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ საქმეზე მოვალეს წარმოადგენს მსესხებელი მოპასუხე, ხოლო აწ გარდაცვლილი იპოთეკის საგნის მესაკუთრე კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს მოვალე მამკვიდრებელს, რომლის მემკვიდრეებსაც შეიძლება წარედგინოს კრედიტორის მოთხოვნა. აწ გარდაცვლილი წარმოადგენდა მხოლოდ იპოთეკით დატვირთული საგნის მესაკუთრეს და მას რაიმე სახის ვალდებულება კრედიტორის მიმართ არ გააჩნდა. შესაბამისად, მისი გაარდაცვალება სადავო ვალდებულების შესრულებაზე გავლენას ვერ იქონიებს.
71. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
72. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
73. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
74. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
76. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით თ.ბ–ის მიერ 2020 წლის 26 ოქტომბერს №10027512298 საგადახდო დავალებით გადახდილი 842,75 ლარის 70% – 589,92 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. თ.ბ–ის (გვარის ცვლილებამდე ფ–ძე) და დ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს – თ.ბ–სა (პირადი №.....) და დ.ფ–ძეს (პირადი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით თ.ბ–ის მიერ 2020 წლის 26 ოქტომბერს №10027512298 საგადახდო დავალებით გადახდილი 842,75 ლარის 70% – 589,92 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე