Facebook Twitter

საქმე №ას-1133-2020

16 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი.გ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, დაზღვევის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი ი.გ–ასა და მ.შ–ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, დაზღვევის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებისა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.გ–ამ (შემდგომში „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესავსებად 2020 წლის 16 მარტის განჩინებით განსაზღვრული ვადა აპელანტს მისივე თხოვნის საფუძველზე გაუგრძელდა 10 დღით და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა პირადად, თუმცა ამ ვადაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სახის განცხადებით მიუმართავს სასამართლოსთვის. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნა მხარემ სასამართლოში წარადგინა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 59-ე, 60-ე, 61-ე, 70-ე-78-ე მუხლებით, ასევე 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

7. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დადგენილი ხარვეზი გაუგრძელა მხოლოდ 10 დღით და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელებას მხარე ითხოვდა ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვები კი გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, რის გამოც აპელანტი დარჩა უმუშევარი და უსახსრობის გამო არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. საქმის მასალებით დადგენილია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 649.62 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარდგენა (იხ. ს.ფ 185-188). ამავე პალატის 2020 წლის 23 აპრილის განჩინებით 2020 წლის 16 მარტის განჩინებით განსაზღვრული ვადა აპელანტს მისივე თხოვნის საფუძველზე გაუგრძელდა 10 დღით (იხ. ს.ფ. 193-195).

11. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ზემო ფონიჭალა, კორპ. 12. ბ. 8) 2020 წლის 20 მაისს (იხ. ს.ფ 197). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2020 წლის 1 ივნისს, ხოლო აპელანტს ამ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით განცხადება მან სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2020 წლის 3 ივნისს (იხ. ს.ფ 198-199).

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მის მიერ მითითებული გარემოებები და ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის გათვალისწინებით გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა გონივრული ვადით და არა 10 დღით.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობას, შესაბამისად, უარი უთხრა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

15. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაკისრებული საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს არ შეუსრულებია და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. მან მსგავსი სახის განცხადება (საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების მოთხოვნით) სასამართლოს წარუდგინა დაგვიანებით, განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის ამოწურვის შემდგომ.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

17. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

19. მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით კვლავ გაეგრძელებინა ვადა აპელანტისთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ი.გ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე