საქმე №ას-1710-2019 31 დეკემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე.კ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.კ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- რ.თ–ვას ე.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა დ.რ–ძის სამკვიდრო პასივზე გასაწევი ხარჯის სახით 14 000 ლარის 2/3-ის _ 9 333 ლარის ანაზღაურება;
- ე.რ–ძეს ე.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა დ.რ–ძის სამკვიდრო პასივზე გასაწევი ხარჯის სახით 14 000 ლარის 1/5-ის _ 2 333 ლარის ანაზღაურება;
ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ.თ–ვასათვის ე.კ–ძის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით რ.თ–ვას ე.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 8 000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით რ.თ–ვას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე.რ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რ.თ–ვასათვის თანხის დაკისრებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.კ–ძის სარჩელი რ.თ–ვას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ.თ–ვას ე.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 14 000 ლარის 1/3-ის _ 4 666,7 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ე.კ–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ე.რ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა, მასში არ არის მითითებული მისთვის განმცხადებლის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა, რაც არის შეცდომა და მხარე ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლომ სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, შეისწავლა განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც ზემოთ ითქვა და განმცხადებელიც ადასტურებს, ე.რ–ძისათვის თანხის დაკისრების ნაწილში საკასაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ხსენებული გარემოება აისახა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში, რაც შეეხება სარეზოლუციო ნაწილით ე.რ–ძისათვის დაკისრებულ თანხას, იგი წარმოადგენს პროცესის ხარჯს და არა მატერიალური მოთხოვნის შესაბამისად დაკისრებულ თანხას. ამ გარემოების გათვალისწინებით, ბუნებრივია, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ვერ იქნება ასახული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, რადგანაც ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო პალატამ გაიზიარა და დატოვა უცვლელად, მანვე სააღსრულებო ფურცელი გასცა მხოლოდ იმ მოთხოვნათა ნაწილში, რომელშიც შეცვალა გადაწყვეტილება.
ამდენად, ე.კ–ძე ე.რ–ძისათვის დაკისრებული თანხის ნაწილში გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით ვერც აღასრულებდა, რამდენადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უფლებამოსილია არა საკასაციო სასამართლო, არამედ _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.კ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი